გამორჩეული ლიდერთა შორის

გამორჩეული ლიდერთა შორის
 მმართველი პარტნიორების, დავით ლომიძის, გელა მღებრიშვილის, ბორის მეგრელიშვილისა და დავით მამრიკიშვილის დამსახურებით, Nexia Georgia საქართველოს აუდიტორული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კომპანიამ Nexia International-ის 800-მდე ოფისს შორის პრესტიჟული წლის კომპანიის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა და 2024 წელი შემოსავლებში 21%-იანი ზრდით დაასრულა. Nexia Georgia-ს წარმატების მთავარი ფორმულა ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში პროგრესის შენარჩუნების უნარია. 

Nexia Georgia-ს მმართველ პარტნიორებს, დავით ლომიძეს, გელა მღებრიშვილს, ბორის მეგრელიშვილსა და დავით მამრიკიშვილს მულტიფუნქციურ კომპლექს King David-ში განლაგებულ თანამედროვე ოფისში ვხვდები. ფანჯრიდან მტკვარი და გაზაფხულის თბილისი მოჩანს. ოთახში შესვლისთანავე ორი რამ იქცევს ჩემს ყურადღებას: 2018 წლის Forbes Georgia-ს ნომერი, რომლის ყდაზეც Nexia-ს პარტნიორები არიან და მოხდენილი ჯილდო თაროზე — იმის უტყუარი საბუთი, რომ Nexia Georgia-მ საერთაშორისო კომპანიის 800-მდე ოფისს შორის კვლავ მოახერხა განსაკუთრებული შედეგების დემონსტრირება. სიმბოლურია, რომ ჩვენი შეხვედრა Nexia Georgia-ს 11 წლის იუბილეს ემთხვევა. 

Forbes Georgia-სთან 2018 წლის ინტერვიუს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თუკი მაშინ Nexia Georgia-ს განვითარებაზე მხოლოდ სამი მმართველი პარტნიორი ზრუნავდა, მას შემდეგ მენეჯმენტს დავით მამრიკიშვილიც შეუერთდა — პარტნიორი, რომელმაც კარიერული გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ Nexia-ში განვლო. 2017 წელს პირველად დაიმსახურეს Nexia International-ის აღიარება, 2024 წელს კი ერთადერთ ოფისად იქცნენ, ვინც ამ წარმატების გამეორება შეძლო. თუ მაშინ კომპანია საქართველოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების ათეულში მოხვედრით ამაყობდა, დღეს, Reportal-ის ბოლო მონაცემებით, საუკეთესო ხუთეულშია. დავით ლომიძე ამბობს, რომ Nexia Georgia-ს მიღწევებზე საუბარი მისთვის ყოველთვის ამაღელვებელია. ორგანიზაციამ ფუნქციონირება 2014 წელს ათი ადამიანისგან შემდგარი გუნდით, პატარა ოფისიდან დაიწყო, დღეს კი 270-მდე პროფესიონალს აერთიანებს და 700-მდე კომპანიას უწევს მომსახურებას. 

წარმატების უკან კარგად გააზრებული სტრატეგია დგას, რომელიც სერვისების დივერსიფიკაციას, თანამშრომელთა უწყვეტ განვითარებასა და ოპერაციების ყველა დონეზე ინოვაციების ინტეგრაციას ემყარება. მაშინ, როცა მათი კონკურენტები წლების განმავლობაში უმეტესად ტრადიციულ აუდიტორულ მომსახურებაზე ფოკუსირდებოდნენ, Nexia Georgia ექსპერიმენტებითა და ბაზრის „აუთვისებელი ტერიტორიების” კვლევით იყო დაკავებული. 

Nexia Georgia-ს პოზიციაზე წარმოდგენის შესაქმნელად რიცხვებისთვის თვალის შევლებაც კმარა: 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ათმა უმსხვილესმა საერთაშორისო აუდიტორულმა ფირმამ 2023 წელს ერთობლივად 114,723,526 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო აუდიტის მთლიანი ბაზარი გასული წლის შედეგებთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. საერთაშორისო მოთამაშეებით გაჯერებულ გარემოში Nexia Georgia-მ ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიაში ერთი პოზიციით წინ წაწევა და მეხუთე ადგილის დაკავება შეძლო. „გამორიცხული არაა, ბოლო მონაცემებით Nexia Georgia კიდევ უფრო წინ იყოს”, – ამბობს ბორის მეგრელიშვილი (2024 წლის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები რამდენიმე თვეში გახდება ხელმისაწვდომი). 

რა განასხვავებდა მეორე გამარჯვებას პირველისგან? მმართველი პარტნიორები ამბობენ, რომ თუ 2017 წელს ჯილდო ახლად დაარსებული კომპანიისთვის პირველი საერთაშორისო აღიარება იყო, ამჯერად გამარჯვებას უკვე შედეგებზე დაფუძნებული თავდაჯერებით ელოდნენ. „მაშინ დავინახეთ, რამდენად შორს შეგვეძლო წასვლა — ახლა კი ეს გზა უკვე რეალურად გავიარეთ. გვჯეროდა, რომ ვიმსახურებდით ამ ჯილდოს და რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადასვლამ ეს რწმენა კიდევ უფრო განამტკიცა“, – ამბობს დავით ლომიძე.


Nexia Georgia-სთან თითოეული თანამშრომლობა მიუთითებს კომპანიის პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ მიდგომაზე. ის, რომ კომპანიამ შეძლო სულ რაღაც 11 წელიწადში ადგილობრივ აუდიტორულ ბაზარზე მეხუთე პოზიციამდე წინსვლა, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევაა. საერთაშორისო დონეზე კი, Nexia-ს გლობალურ ქსელში, Nexia Georgia მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვაციების ხელშეწყობასა და ლიდერული ხედვის გაძლიერებაში. ის ცოდნისა და გამოცდილების ცენტრია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და სხვა რეგიონებისთვის. ფაქტი, რომ კომპანია უკვე მეორედ დაჯილდოვდა Nexia-ს „წლის კომპანიის” ტიტულით, ნათლად ადასტურებს მის უმაღლეს სტანდარტებსა და პროფესიულ წარმატებას. მომავალი თანამშრომლობაც სწორედ ამ ნდობის გაღრმავებისა და კიდევ უფრო მაღალი დონის გამოცდილების შეთავაზებისკენ იქნება მიმართული”. 

მეთიუ ჰაუელი, Nexia-ს აღმასრულებელი დირექტორი


„წლის კომპანიის” დასახელებისას Nexia International-ი ყურადღებას არაერთ კომპონენტს აქცევს. პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ „მშრალი რიცხვები” ამ ჯილდოს მოსაპოვებლად საკმარისი არაა. მათი თქმით, Nexia Georgia 130-ზე მეტ ქვეყანაში განთავსებულ 800-მდე ოფისს შორის ბრენდინგით, მომსახურების ხაზის მრავალფეროვნებითა და სხვა ოფისებთან წარმატებული კოლაბორაციით გამოირჩევა. „ყურადღებას აქცევენ, რა პოზიცია უჭირავს კომპანიას ბაზარზე, რა სტანდარტს ამკვიდრებს და რა წვლილი შეაქვს საერთაშორისო ქსელის განვითარებაში ქვეყნისა თუ რეგიონის მასშტაბით”, — განმარტავს გელა მღებრიშვილი. 

ჯილდოებისა და მიღწევების მრავალრიცხოვანი ჩამონათვალის მიუხედავად, Nexia Georgia-ს ყველაზე ძლიერი მხარე მაინც ცვალებად ეკონომიკურ პირობებში უწყვეტი ზრდის შენარჩუნების უნარია. კომპანია პანდემიის დროსაც კი ინარჩუნებდა აღმავალ ტრაექტორიას. 

ადგილობრივ ბაზარზე პოზიციის განმტკიცებისა და მუდმივი განვითარების პარალელურად, საქართველოს ოფისი აქტიურად არის ჩართული გლობალური ქსელის საქმიანობის გაუმჯობესებაში. გელა მღებრიშვილი Nexia Global-ის EMEA-ს (Europe, Middle East & Africa) სამეთვალყურეო საბჭოს („ბორდის”) წევრია. მისი მხარდაჭერით Nexia-ს გლობალურმა ქსელმა უკვე შეიძინა წევრი კომპანიები უზბეკეთისა და ყირგიზეთის ოფისების სახით. Nexia Georgia ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ყაზახეთის ოფისთან, გამოცდილების გაზიარებისა და სერვისების განვითარებაში დახმარების კუთხით. „ეს არა მხოლოდ მათი მხარდაჭერაა, რომ ბიზნესი განავითარონ, არამედ ჩვენი სერვისის ექსპორტის საშუალებასაც გვაძლევს. ყველაფერთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ არსებულ კლიენტებს ამ რეგიონში გაფართოების შემთხვევაში ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ”, — აღნიშნავს გელა მღებრიშვილი. Nexia Georgia საერთაშორისო კომპანიის ქსელის ჭრილში გუნდური მოთამაშეა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისებისათვის ერთგვარი მისაბაძი მოდელის როლს ასრულებს. 

Nexia Georgia-ს კლიენტები საერთაშორისო სტანდარტის სერვისთან ერთად ინფორმაციის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს იღებენ. ამის დასტური კომპანიაში ISO 27001-ის უახლესი 2022 წლის ვერსიის დანერგვაა. „მონაცემების მოცულობის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ამ ინფორმაციის მაღალ დონეზე დაცვა. გვინდოდა, ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს უსაფრთხოების განცდა ჰქონოდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ინფორმაციას ნებისმიერი აუდიტის, ბუღალტრული ოპერაციისა თუ საკონსულტაციო მომსახურების დროს სათანადოდ მოვეპყრობოდით”, — ამბობს ბორის მეგრელიშვილი. ინდუსტრიაში, სადაც ნდობა და კონფიდენციალურობა შეუცვლელი ელემენტებია, ISO 27001-ის სერტიფიკატი იმის მტკიცებულებაა, რომ თითოეული კლიენტის მონაცემები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშავდება. 

გელა მღებრიშვილი, დავით ლომიძე, დავით მამრიკაშვილი, ბორის მეგრელიშვილი

კიბერუსაფრთხოების უახლესი სტანდარტის დანერგვამ დროისა და რესურსების მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოითხოვა. მთელ პროცესს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა, თუმცა ამ სტანდარტის მიერ მოტანილი სარგებელი კონკურენტული უპირატესობის საზღვრებს სცილდება. ბორის მეგრელიშვილი იხსენებს შემთხვევებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებულმა ზომებმა პირდაპირ დაიცვა კლიენტების ინტერესები: „ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენს კლიენტებზე განხორციელებულა კიბერშეტევები და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ამ ბაზებზე წვდომა გვქონდა, შესაძლებელი გახდა ამ მონაცემების აღდგენა და ფინანსური საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება”. 

ინოვაციური მიდგომებისა და მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით, Nexia Georgia დღეს ბუღალტრული აუტსორსინგის ბაზრის ლიდერია საქართველოში. კომპანიის ძალისხმევა მაღალი ხარისხის სერვისებისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით არაერთგზის იქნა აღიარებული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. Nexia Georgia დღემდე ერთადერთი აუდიტორული კომპანიაა საქართველოდან, რომელიც ლიდერმა საერთაშორისო საბუღალტრო გამოცემა IAB-მ ბუღალტერიის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. „ფაქტობრივად, ბუღალტრების ოსკარი მოვიგეთ”, — აღნიშნავს გელა მღებრიშვილი ღიმილით. 

ინოვაციების მიმართ Nexia Georgia-ს პოლიტიკაზე მეტყველებს კომპანიის მუდმივი ძალისხმევა, ნებისმიერი რუტინული საქმის ავტომატიზაცია მოახდინოს. ამ მიზნით, კომპანიამ სამუშაო პროცესებში რობოტული პროგრამები დანერგა, რათა თანამშრომლებს რუტინული ამოცანები გაუმარტივოს. დავით მამრიკიშვილი აღნიშნავს, რომ რობოტების მთავარი უპირატესობაა დროის დაზოგვა, შეცდომების ალბათობის ნულამდე დაყვანა და თანამშრომლების რესურსის სტრატეგიული ამოცანებისთვის გამოთავისუფლება. მომავლისთვის კომპანია ავტომატიზაციისა და ანალიტიკის გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტის დანერგვასაც გეგმავს. „ჩვენთან ტექნოლოგიურ განვითარებაზე ცალკე დეპარტამენტი მუშაობს. ამ რგოლის მიზანია, თითოეულ პროექტსა თუ მიმართულებაში შეიტანოს ინოვაცია”, — ამბობს ბორის მეგრელიშვილი. 

Nexia Georgia-ს კლიენტები დიდ კომპანიებთან ერთად საშუალო და მცირე ბიზნესებიც არიან. პროექტი Nexia 4SME სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა, რათა მათ საერთაშორისო სერვისები და გლობალური ქსელისათვის დამახასიათებელი უპირატესობები მათთვის ხელმისაწვდომ ფასში მიეღოთ. სერვისი მოიცავს საბუღალტრო / საგადასახადო მომსახურებას, ბიზნესის გაციფრულებაში მხარდაჭერასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას. დავით მამრიკიშვილი აღნიშნავს, რომ Nexia Georgia-ს კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგია მოკლევადიანი მოგების ნაცვლად, გრძელვადიანი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იდეას ემყარება.

როგორც თანამშრომლების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით უწყვეტმა ზრდამ Nexia Georgia-ს შესაძლებლობა მისცა, ისეთი სერვისები განევითარებინა, რომლებიც ქართული აუდიტორული ბაზრისთვის ჯერაც სიახლედ ითვლება. კომპანიის მმართველი პარტნიორების თქმით, Nexia Georgia ერთ-ერთი პირველი აუდიტორული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო დაბეგვრისა და ფინანსური მენეჯერის (CFO) აუტსორსის მიმართულება ცალკე აქვს გამოყოფილი, რაც მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. ერთი წლის განმავლობაში CFO-აუტსორსინგის გუნდი ოთხიდან თხუთმეტ თანამშრომლამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ამ მიმართულებით მინიმუმ 200%-იანი ზრდაა დაგეგმილი. ეს სერვისი განსაკუთრებით ღირებულია საშუალო ზომის ბიზნესებისათვის, რომელთაც დახვეწილი ფინანსური ანალიტიკა სჭირდებათ, მაგრამ სრულ განაკვეთზე ფინანსური დირექტორის შესანარჩუნებლად საჭირო თანხები არა აქვთ. ამ მიდგომით, Nexia Georgia მაღალი დონის ფინანსურ ექსპერტიზას ხელმისაწვდომს ხდის ისეთი კომპანიებისთვის, რომელთაც სხვა შემთხვევაში, ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ალღოზე დაყრდნობით მოუწევდათ. 

Nexia Georgia-მ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ადამიანური რესურსების გაძლიერებას შორის იდეალური ბალანსი იპოვა. პროცესების ავტომატიზაციის პარალელურად, კომპანიას თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაში ინვესტირება არასდროს შეუწყვეტია. გუნდის წევრების რაოდენობა მუდმივად იმატებს, არსებულ თანამშრომლებს კი არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. 2016 წელს კომპანიამ Nexia Academy დააფუძნა, რომელიც აუდიტორულ სფეროში ერთ-ერთ წამყვან სასწავლო დაწესებულებად იქცა. ტრენინგებს უძღვებიან როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორები და პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე — მოწვეული სპეციალისტები.

“რადგან ჩვენ საერთაშორისო ქსელის ნაწილი ვართ, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, რამდენიმე თვით Nexia-ს სხვადასხვა ოფისში იმუშაონ და ახალი უნარები შეიძინონ”, — ამბობს ბორის მეგრელიშვილი. მისი თქმით, Nexia Georgia-ს არაერთმა თანამშრომელმა მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ლონდონის ოფისში და კიდევ უფრო მეტი მოტივაციითა და ცოდნით დაუბრუნდა საქართველოს. 

Nexia Georgia ახალგაზრდა თაობის პროფესიულ განვითარებაზეც ზრუნავს. კომპანიას არაერთ წამყვან უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, განსაკუთრებულად ნიჭიერ სტუდენტებს კი Nexia-ს სტიპენდიითაც შეუძლიათ სარგებლობა. „ამ საქმეს, უნივერსიტეტის ცოდნის გარდა, გარკვეული პრაქტიკული უნარები სჭირდება. მუდმივად გვაქვს ღია კარის დღეები, ვატარებთ შეხვედრებს სტუდენტებთან და უკვე გვყავს მაღალ პოზიციებზე ისეთი კადრებიც, რომელთაც ჩვენთან კარიერული განვითარება სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყეს”, — აღნიშნავს დავით მამრიკიშვილი. მხოლოდ გასულ წელს Nexia Academy-ის ტრენინგებში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

Nexia Georgia დღეს საქართველოს აუდიტორულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. კომპანია არაერთხელ დასახელებულა საუკეთესო დამსაქმებლად როგორც სახელმწიფოს, ისე სხვა ბიზნესპლატფორმების მიერ. 2019 წელს Nexia Georgia-მ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, მელიორას ჯილდო მოიპოვა “პასუხისმგებელი დამსაქმებლის” ნომინაციაში. მმართველი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ. Nexia Georgia-ში კარიერული წინსვლის პროცესი დეტალურად არის გაწერილი და სრულიად გამჭვირვალეა, არსებობს სისტემატური უკუკავშირისა და საინტერესო ინიციატივების გაზიარების პრაქტიკა. თანამშრომლების კმაყოფილება კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, — აღნიშნავს დავით ლომიძე. — წარმატება არა მხოლოდ ხელმძღვანელების, არამედ მთელი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით იქმნება“.

Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. საქართველოში პოზიციების განმტკიცებასთან ერთად, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორები მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ რეგიონული მასშტაბითაც, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ბაზრებზე, სადაც უკვე აქვთ პროფესიული კავშირები. “ვმუშაობთ თურქმენეთთან, რათა ადგილობრივ ბანკებს აუდიტორული მომსახურება შევთავაზოთ, — ამბობს გელა მღებრიშვილი. — ტაჯიკეთში კი განსაკუთრებით ციფრული პროდუქტების ტრენინგებით არიან დაინტერესებულები“.

საერთაშორისო ინიციატივების არსებობა Nexia Georgia-ს პოზიციებს მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვნად აძლიერებს. „ყოველი წარმატება ახალი წარმატების ვალდებულებაა, — ამბობს დავით ლომიძე. — მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ისე კლიენტებისთვის მუდმივად სანდო პარტნიორები ვიყოთ“.

ბოლო 11 წლის განმავლობაში Nexia Georgia სტაბილურად განვითარდა და საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. კომპანიის გზა ნათლად აჩვენებს, რომ სტრატეგიულ ხედვას, ინოვაციასა და ხარისხზე ფოკუსირებას მთელი ინდუსტრიის ტრანსფორმაცია შეუძლია. მმართველი პარტნიორები სამომავლო წარმატების მისაღწევად იმავე ფასეულობებზე დებენ ფსონს, რამაც კომპანიას არაერთი აღიარება მოუტანა. 


Nexia Georgia-ს შემდეგი მიზანი მაქსიმუმ ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სამეულში მოხვედრაა. არავინ იცის, როგორი იქნება კომპანიისთვის მომდევნო დეკადა, თუმცა ერთი რამ ცხადია: Nexia Georgia-ს გუნდს ენთუზიაზმი, ცოდნა და საკუთარი საქმის სიყვარული ნამდვილად არ აკლია. წესით, გამარჯვების ფორმულაც სწორედ ეს უნდა იყოს.