ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მოხმარების ყველაზე მაღალი წილი ნორვეგიაში ფიქსირდება.
ენერგეტიკული ტარიფების შედარების, პლატფორმა Utility Bidder–ის მიერ ჩატარებულ კვლევაში საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის მოხმარებით ტოპ 20 ქვეყანას წარმოადგენენ. ამასთან, ანგარიშში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.
განახლებადი ენერგიის წყაროებად განიხილება ბიოსაწვავი და ნარჩენები, მზე, ქარი და ჰიდრორესურსები. ხოლო წიაღისეული საწვავი მოიცავს ნახშირს, ნავთობს და ბუნებრივ აირს. კვლევისათვის ინფორმაცია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსგან(IEA) იქნა აღებული.
Utility Bidder–ის კვლევის მიხედვით, განახლებადი ენერგიის მოხმარების ყველაზე მაღალი დონე ნორვეგიაში ფიქსირდება, სადაც მოხმარებული ენერგიის 56% განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ხოლო დიდი ბრიტანეთი მე–20 ადგილზეა 13%–ით.
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ნორვეგიას, ბრაზილიასა და ახალ ზელანდიას? ეს სამი ქვეყანა მსოფლიოში ლიდერები არიან განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. შესაბამისად, ისინი რეიტინგში შემდეგნაირად გადანაწილდნენ ნორვეგია – პირველი, ბრაზილია – მეორე და ახალი ზელანდია–მესამე.
ნორვეგია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ყველაზე აქტიურად ჰიდრორესურსებს იყენებს. ნორვეგიაში მოხმარებული ენერგიის 45% სწორედ ჰიდროენერგეტიკიდან არის მიღებული. სკანდინავიური ქვეყანა ცნობილია თავისი ციცაბო ხეობებითა და მდინარეების სიუხვით, ამასთან, კლიმატური პირობების ცვლილების გამო ნალექების ზრდა ხელს უწყობს ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას.
განახლებადი ენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზე ბრაზილიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ყველაზე აქტიურად ბიოსაწვავსა და ნარჩენებს მოიხმარს. ეს წყაროები მისი მთლიანი ენერგიის 32%–ს აგენერირებს.
ბრაზილია ეთანოლის საწვავის სიდიდით მეორე მწარმოებელი და ინდუსტრიის ლიდერია. შაქრის ლერწმის ეთანოლი კი დღემდე ყველაზე წარმატებულ ალტერნატიულ საწვავად მიიჩნევა.
განახლებადი ენერგიის წყაროები ახალი ზელანდიის ენერგეტიკული მარაგის 42%–ს შეადგენს. ის მსოფლიო ლიდერია ქარისა და მზის ენერგიის ათვისების კუთხით. ამასთან ამ საშუალებებით მიღებული ენერგია მთლიანი ენერგიის 25%–ს შეადგენს.
ახალ ზელანდიაში ქარის ენერგიის ათვისების დიდი პოტენციალია. ის ასევე გამოირჩევა მზის ენერგიის დიდი რაოდენობით, რადგან დღის პერიოდი ზელანდიაში საკმაოდ დიდია, ასევე, მას აქვს საკმაოდ სწრაფად მზარდი ბაზარი მზის ენერგიით წყლის გათბობის სისტემების.
ჯამში გამოყენებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილით მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- ნორვეგია – 56%
- ბრაზილია – 46%
- ახალი ზელანდია – 42%
- დანია – 41%
- ფინეთი – 37%
- ავსტრია – 32%
- ინდონეზია – 26%
- შვეიცარია – 25%
- ესტონეთი – 25%
- ინდოეთი – 23%