„განათლება მუდმივი ძიების პროცესია“ | Forbes Under 30-ის გამარჯვებული, გიორგი კობიძე

„განათლება მუდმივი ძიების პროცესია“ | Forbes Under 30-ის გამარჯვებული, გიორგი კობიძე

ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30 ყოველწლიურად იმ 30 წლამდე ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებსაც სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა უცვლელი ღირებულებაა, ამიტომ ბანკი წელს პროექტის გენერალური პარტნიორია.

წელს განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი, გიორგი კობიძე გახდა. ამ ბლოგში ჩვენ მის გზას და გამოცდილებას გიზიარებთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ასპარეზამდე

გიორგი ბიოანალიზურ ქიმიაში მუშაობს და ქმნის მეთოდებს, რომლებიც დოპინგ-კონტროლს და სასამართლო ექსპერტიზას მომავალში სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მისი სამეცნიერო გზა თსუ-ს ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრიდან დაიწყო. სწორედ აქ გაუჩნდა კვლევის მიმართ ინტერესი. მანფრედ დონიკეს სახელობის ინსტიტუტში (MDI) კი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დოპინგ-კონტროლის ცენტრია, უმნიშვნელოვანესი გამოცდილება დააგროვა.

ამ შრომის შედეგი იყო 2026 წელს მიღებული საერთაშორისო ჯილდოც – Bioanalysis Rising Star 2026. ეს აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 35 წლამდე ასაკის მხოლოდ ერთ მეცნიერს გადაეცემა.

სადოქტორო კვლევა და პირველი დიდი აღმოჩენა

ქიმიაში ხშირად გვხვდება ნივთიერებები, რომელთაც ერთნაირი მოლეკულური მასა და თითქმის იდენტური ფიზიკურ-ქიმიური თვისებები აქვთ, თუმცა ცოცხალ ორგანიზმზე შესაძლოა სრულიად განსხვავებულად იმოქმედონ. სტანდარტული აპარატურით მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია. გიორგიმ მსოფლიოში პირველმა შეიმუშავა ისეთი დაყოფის მეთოდები, რომლებიც მეცნიერებს ამ ურთულესი მოლეკულების ზუსტად დეტექტირების საშუალებას აძლევს.

ამ აღმოჩენას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ექსპერტები აღარ შემოიფარგლებიან კითხვით: “არის თუ არა ნივთიერება ნიმუშში?“. ახლა უკვე ზუსტად შეუძლიათ დაადგინონ, რა ტიპის ნივთიერებასთან აქვთ საქმე და როგორ გარდაიქმნება ის ადამიანის ორგანიზმში.

როდესაც მეცნიერებაში პირველად ქმნი რაღაცას, მზა სახელმძღვანელო არ გაქვს:

„ექსპერიმენტის დაწყებისას არასდროს იცი, საბოლოოდ მიიღებ თუ არა სასურველ შედეგს. საჭიროა უამრავი განსხვავებული მიდგომის გამოცდა, რადგან ხშირად უმნიშვნელო დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ამ პროცესის ყველაზე რთული და საინტერესო ნაწილი სწორედ ეს გაურკვევლობა იყო“, – აღნიშნავს გიორგი.

მოტივაცია, რომელიც განათლების გზაზე არ გაჩერებს

გიორგისთვის განათლება და მეცნიერება მხოლოდ ლაბორატორიაში მუშაობა არ არის. მთავარია, რომ მის ცოდნას რეალური დანიშნულება ჰქონდეს და ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურებოდეს:

„ალბათ ყველაზე მეტად ის არ მაჩერებს, რომ წინ კიდევ ბევრი რამაა სასწავლი და აღმოსაჩენი. მეცნიერებაში ყოველი ახალი პასუხი ახალ კითხვას აჩენს. როცა იცი, რომ შენი ყოველდღიური შრომა უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ეხმარება, შეუძლებელია, რამემ შეგაჩეროს“, – ამბობს გიორგი.

ქვეყნის უკეთეს მომავალს სწორედ ახალი თაობა ქმნის. ამიტომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, რათა მისცეს მათ მოტივაცია, რომ განათლებისა გზაზე არ გაჩერდნენ.

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

S