საქართველოს ბანკი განათლების ხელშემწყობ ინიციატივებს წლებია, აქტიურად უჭერს მხარს. ამაზე მისი პორტფოლიოც მეტყველებს, რომელიც 40-ზე მეტ პროექტსა და 120,000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. განხორციელებულ პროექტებზე Forbes Georgia-ს საქართველოს ბანკის CSR-მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე ესაუბრა, ხოლო ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში ბანკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს 10-წლიანი პარტნიორობა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა შეაფასა.
ანა, როდის დაიწყო საქართველოს ბანკისა და განათლების სფეროს დაახლოება? მოგვიყევით ამ სფეროში განხორციელებული პირველი პროექტის შესახებ.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება მთავარ ღირებულებას წარმოადგენს – ჩვენ კარგად გვესმის მისი მნიშვნელობა როგორც ინდივიდების, ასევე საზოგადოების გაძლიერების პროცესში. ბანკი განათლების ხელშესაწყობად პროექტებს ძალიან დიდი ხანია, ახორციელებს და ეს ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტად ვაქციეთ, რამაც სისტემური და სტრატეგიული ხასიათი მიიღო.
განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემით დავიწყეთ, რადგან გვჯერა, რომ ისინი უკეთეს საქართველოს ქმნიან. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს არა მხოლოდ სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ ახალგაზრდებისა და მათი უსაზღვრო პოტენციალის მიმართ ჩვენი რწმენის გამოხატვას.
შედეგად, განათლების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, სტიპენდიები ჩვენს ფუნდამენტად იქცა. დღეს უკვე მრავალ სისტემურ პროექტსა და პროგრამას ვახორციელებთ, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ, რაც მათ აძლევს უფრო მეტ რესურსს, მიაღწიონ წარმატებას და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინონ.
განათლების მხარდამჭერის როლში უშუალოდ ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის რომელს გამოარჩევდით და რატომ?
განათლების სფეროში ჩვენ ორ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოვყოფთ: ფინანსური განათლების მხარდაჭერასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი ვქმნით იდეათეკებს – თანამედროვე მულტიფუნქციურ სივრცეებს რეგიონების სკოლებში.
პროექტი ოთხი წლის წინ, 2019 წელს დავიწყეთ. სულ რაღაც სამ წელიწადში კი მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოზარდებისთვის საქართველოს შვიდი რეგიონის 17 სკოლაში გავხსენით იდეათეკა. ამან ახალგაზრდებისთვის განათლება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ აწმყოში გახადა, არამედ მათ სამომავლოდ ინტელექტუალური განვითარების პერსპექტივაც განუმტკიცა.
იდეათეკის კონცეფციაც ხომ ეს არის – უზრუნველყოს ახალგაზრდები ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომლებიც მათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენასა და პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაეხმარება. გარდა ამისა, მისცემს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოცულ გარემოში, სწრაფად ცვალებად დროში იპოვონ საკუთარი ადგილი, იდეა, რომელსაც ტექნოლოგიების ათვისებითა და დახმარებით განახორციელებენ.
პროექტს კიდევ უფრო მეტად ღირებულს მისი განხორციელების გეოგრაფიული არეალი აქცევს – საზღვრისპირა სოფლები, მაღალმთიანი რეგიონები, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქები – სწორედ ასეთ ადგილებში არსებულ საჯარო სკოლებში გაიხსნა იდეათეკა, რომელიც 7000-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აძლევს წვდომას შემეცნებისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებზე.
მიღწეულ შედეგებზე არ შევჩერდებით, პროექტი გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ხუთ იდეათეკას ვხსნით ახალ სოფელსა თუ ქალაქში.
ამასთან, ახლახან დავაანონსეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა მომავალი ლიდერებისთვის, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 საჯარო და კერძო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება სასურველი მიმართულებით, გახდნენ პროფესიონალები და შეიტანონ წვლილი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი რეგიონი მოვიცვათ და მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა.
ასევე, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით, უკვე ათ წელზე მეტია, საერთაშორისო დონის სასტიპენდიო პროექტებს ვახორციელებთ, რომელთა დახმარებით ორმოცდაათამდე სტუდენტმა შეძლო 100%-იანი დაფინანსებით განათლების მიღება დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის გამორჩეულ უნივერსიტეტებში. ამჟამად ჩვენი პორტფოლიო სამ ძირითად საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას – Fulbright-ის, Chevening-ისა და Miami Ad School-თან თანამშრომლობით შექმნილ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას აერთიანებს.
რაც შეეხება ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებს, საქართველოს ბანკისთვის STEM-განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ პარტნიორობა კომაროვის სკოლა-პანსიონთან და დავაფუძნეთ ონლაინ STEM-სკოლა. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად საქართველოში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, STEM-მიმართულებით გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.
გარდა ზემოჩამოთვლილისა, საუკეთესო შედეგის მქონე, რეგიონში მცხოვრებ სამოცდაერთ მოსწავლეს საქართველოს ბანკი STEM-სკოლაში სწავლას 100%-ით უფინანსებს.
აღნიშნული პროექტები ჩვენი პორტფოლიოს მხოლოდ ნაწილია.
კიდევ რომელი საგანმანათლებლო პროექტების პარტნიორები ხართ? რაში გამოიხატება ეს პარტნიორობა?
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, დამატებით ხელს ვუწყობთ ადგილობრივ, წამყვან საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და მათთან ერთად ვახორციელებთ ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა: ეკონომიკის ოლიმპიადა, კინგსის ოლიმპიადა, ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი სტუდენტებისთვის და სხვა.
ამ პარტნიორობების მეშვეობით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ვაძლევთ წვდომას ხარისხიან განათლებაზე.
მოდი, უფრო ფართოდ ვისაუბროთ „ჩივნინგზე“, ვინაიდან წელს ათი წელი შესრულდა, რაც აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერები ხართ – როგორ შეაფასებთ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკისა და ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლობას?
ჩივნინგის პროგრამა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს, საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დიდ ბრიტანეთში, მათთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელონ. მსოფლიო მასშტაბით, ჩივნინგის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 50 000-ს აჭარბებს, რომელთა შორის ქართველი სტუდენტებიც არიან.
2013 წლიდან ჩივნინგის პროგრამის პარტნიორი საქართველოს ბანკიც გახდა, და უკვე ათი წელია, ქართველ სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში მიიღონ ხარისხიანი განათლება, განვითარდნენ როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად და დაგროვილი ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
ჩვენი ჩართულობით უკვე ოცდასამ ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებელში. 2023 წელს მათ რიცხვს კიდევ სამი სტუდენტი შეუერთდა, რომლებიც ამჟამად გასამგზავრებლად ემზადებიან.
ახლა კი შეკითხვით ბატონ ელჩთან გადავიდეთ. მოგვიყევით საქართველოს ბანკსა და ბრიტანეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის შესახებ – რა არის ის საერთო ღირებულებები, რომლებიც პარტნიორობისა და სასტიპენდიო პროგრამის შექმნის საფუძვლად იქცა?
ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა – ეს არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროექტი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აფინანსებს. აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ მომავლის ლიდერებს, მიიღონ მაგისტრის ხარისხი დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში და ისარგებლონ მათზე მორგებული სასტიპენდიო გამოცდილებით. ჩივნინგის პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და შეარჩიოს ისეთი სტუდენტები, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი, გახდნენ ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები საქართველოში.
ძალიან ვაფასებთ საქართველოს ბანკის უწყვეტ და გრძელვადიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტში. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს: გამორჩეულ ახალგაზრდებს მივცეთ განათლება და მოტივაცია, განახორციელონ ცვლილებები, შექმნან უკეთესი, უფრო დემოკრატიული, წარმატებული, სტაბილური და მდგრადი ქვეყანა, რომელიც სანდო საერთაშორისო პარტნიორი იქნება.
რა მნიშვნელობას ანიჭებს დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ათწლიან პარტნიორობას?
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს საიმედო პარტნიორთან – საქართველოს ბანკთან ათწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ერთად ვახორციელებთ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამას თქვენს ქვეყანაში. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოგვეხდინა საქართველოს მომავალზე იმით, რომ მხარი დაგვეჭირა ათობით ახალგაზრდისთვის, ჩამოყალიბებულიყვნენ განათლებულ პროფესიონალებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს განვითარებას.
ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ მრავალი გასაოცარი მკვლევარი, რომლებმაც საკუთარი კვლევითი საქმიანობა დიდ ბრიტანეთში გააგრძელეს, შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა, რაც საქართველოს განვითარებას ისახავს მიზნად. ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.
რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ბანკის ჩართულობას ამ პროცესებში და რა როლი აკისრია ძლიერი ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების აქტიურობას განათლებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროში, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერის კუთხით?
საქართველოს ბანკის კონტრიბუციით ჩივნინგის პროგრამა საქართველოში წარმატებით ხორციელდება. კერძო სექტორთან და სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობა კი მსოფლიო მასშტაბით ჩივნინგის პროგრამის წარმატებას განაპირობებს. აღნიშნული ინიციატივა აძლევს შესაძლებლობას კერძო სექტორს და სხვა ინსტიტუტებს, განახორციელონ ინვესტიცია იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ემსახურებიან.
რაც მთავარია, ჩივნინგის პროგრამა განაპირობებს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას, რადგან ხელს უწყობს ტალანტების ზრდას და ახალი სექტორების გაძლიერებას, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოიცვან გლობალური ბაზარი. შესაბამისად, ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს ბანკს, ბრიტანეთის საელჩოსა და ჩივნინგის პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა ყველასათვის მოგებიანია.
როგორ შეაფასებდით ქართველ აპლიკანტებს, გამარჯვებულებსა და კურსდამთავრებულებს?
მე საქართველოში ჩივნინგის ინტერვიუს ზედიზედ სამ პროცესში მივიღე მონაწილეობა. ყოველ ჯერზე გაოცებული დავრჩი თითოეული აპლიკანტის სურვილითა და მისწრაფებით, გაიღრმაონ ცოდნა, რათა შემდეგ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. ყველა აპლიკანტი არის მოტივირებული და განათლებული, მათ აქვთ ნათელი ხედვა იმისა, თუ რატომ უნდათ, რომ ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, და როგორ შეუწყობენ ისინი ხელს მათთვის საინტერესო სფეროს განვითარებას.
ჩვენ მრავალი გამორჩეული კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნესსექტორსა თუ სხვა სფეროში. ჩვენი კურსდამთავრებულთა ქსელის მეშვეობით კი მათთან უწყვეტ კონტაქტს ვინარჩუნებთ. თუმცა გვსურს, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მათი ჩართულობა.
რაც მთავარია, ძალიან გვახარებს ყოველწლიურად მზარდი აპლიკანტების რაოდენობა.
როგორ შეაჯამებდით საქართველოს ბანკსა და ბრიტანეთის საელჩოს შორის არსებულ თანამშრომლობას?
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ბოლო ათი წელი მნიშვნელოვანი წარმატების წლები იყო. ჩვენ ერთად შევძელით ათობით ამბიციური ახალგაზრდა მკვლევრის აღმოჩენა, რომლებიც, იმედი გვაქვს, მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებენ სხვადასხვა სფეროში. ამასთან, სულმოუთქმელად ველით ჩვენი თანამშრომლობის მომავალ შედეგებს.