განათლების ციფრულ ტრანსფორმაციაზე პირველი სტატიები 10-15 წლის წინ ჩნდება, თუმცა ტექნოლოგიების განათლებაში გამოყენებაზე საუბარი წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან აქტიურდება. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ის სამხედრო ძალებმა სწავლებისას გრაფოპროექტორების გამოყენება დაიწყეს და ამ მეთოდმა მალე გადაინაცვლა უნივერსიტეტების აუდიტორიებში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში უფრო ადრე იწყება – რადიოგაკვეთილებით. 1925 წელს რადიო ბი-ბი-სიმ დაიწყო საგანმანათლებლო გადაცემები ჯერ ერთ საპილოტე სკოლაში, ხოლო რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთის ბევრ რეგიონში გაავრცელა. რადიოგადაცემებს თან მოჰყვებოდა განმარტებითი ბროშურები და, როგორც ისტორია ამბობს, რადიოგადაცემას საკლასო ოთახში ერთად უსმენდნენ მასწავლებელი და მოსწავლეები, შემდეგ კი მიღებული ინფორმაციის გაანალიზებაზე მუშაობდნენ. 1924 წელს ბი-ბი-სის განათლების ახალი დირექტორი სტობარტი ერთ-ერთ ინტერვიუში რადიოუნივერსიტეტის შექმნის შესაძლებლობასაც კი განიხილავდა.
ინტერნეტისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარებამაც ვერ ჩაანაცვლა საგანმანათლებლო მიზნებისთვის რადიოს გამოყენება – ჯერ კიდევ 2010 წელს აფრიკისა და ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში რადიოგადაცემებით ხდებოდა ფერმერთა განათლება სოფლის მეურნეობის უახლესი ცოდნისა და აგროტექნოლოგიური ინფორმაციის მიწოდებით. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის ადგილებში, სადაც ფერმერებს დაბალი ციფრული უნარები აქვთ, რადიოგადაცემებით მათი გაერთიანება ხდებოდა სხვადასხვა თემებში, რაც ხელს უწყობდა ცოდნის სწრაფ გავრცელებას.
ტელევიზიის შექმნას განვითარებულ ქვეყნებში მალე მოჰყვა საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემები. მსოფლიო ბანკი და იუნესკო დიდ იმედს ამყარებდნენ ტელევიზიაზე, როგორც პანაცეაზე, რომელიც განათლებას ყველა განვითარებად ქვეყანაში გახდიდა ხელმისაწვდომს. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები მალე მიხვდნენ, რომ ელექტროენერგიაზე შეზღუდული წვდომის, სკოლებში ტექნიკის უსაფრთხოების პრობლემების, ახალი მეთოდოლოგიების მიმართ მასწავლებელთა რეზისტენტობისა და კულტურული განსხვავებების გამო ეს შეუძლებელი იქნებოდა. კარგად გვახსოვს ისიც, თუ როგორ გადაწყვიტა საქართველოს განათლების სამინისტრომ პანდემიის დაწყებისთანავე, რომ იმავე მიდგომით უშველიდა სკოლის გარეშე დარჩენილ ნახევარ მილიონ მოსწავლეს და საზოგადოებრივ არხზე გაკვეთილების სერია დაიწყო. არ არსებობს კვლევა, რამე კონკრეტული შედეგი გამოიღო თუ არა ამ ძალისხმევამ. არც ის ვიცით, რა შედეგები მოჰყვა მოსწავლეების ონლაინსწავლებას. ისინი ხშირად ტელეფონითაც კი ვერ ახერხებდნენ ჩართვას 30-წუთიანი გაკვეთილების პირობებში, როცა მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს დაბალი ციფრული კომპეტენციები ჰქონდა.
რას ნიშნავს განათლების ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე გაგებით? იგი იწყება მონაცემთა გაციფრულებით – დიგიტალიზაციით, გრძელდება პროცესების გაციფრულებით – დიგიტალიზაციით და ითვალისწინებს ამ გაციფრულების საფუძველზე პროცესების ოპტიმიზაციას და ეფექტიან მართვას. ამ თვალსაზრისით, განათლების ტრანსფორმაცია საქართველოშიც კი მიღწეულია: მოსწავლეთა შესახებ ინფორმაცია შედის მოსწავლეთა მართვის მონაცემთა ბაზაში, საბოლოოდ გაიმართა ელექტრონული ჟურნალი, მასწავლებლები სწავლების პროცესში იყენებენ ტექნოლოგიებს, ყველა პირველკლასელს ურიგდება პერსონალური კომპიუტერი.
რეალობა კი ისეთივეა, როგორიც პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩამოყვანილი რობოტი პეპერის ამბავი – მინისტრის განცხადებით, საფრანგეთიდან ჩამოყვანილი რობოტი პეპერი წარმოადგენდა უახლეს სიტყვას ტელემედიცინაში და სწორედ ის დაეხმარებოდა გადატვირთულ ქართულ ჯანდაცვას კოვიდის დამარცხებაში.
ამ დროს ციფრული თვალსაზრისით სრულიად მოუწესრიგებელმა ჯანდაცვის სისტემამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ყველა კლინიკაში ადგილების მართვის რაიმე სისტემა შეექმნა, რომელზეც სასწრაფო დახმარების მანქანებს სწრაფი წვდომა ექნებოდათ და საათობით არ მოუწევდათ ტელეფონით ადგილების ძებნა ყველაზე კრიზისულ პერიოდში. ამ მდგომარეობას ერთი კი არა, ორასი პეპერიც ვერაფერს უშველიდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრს უნდა სცოდნოდა, რომ ტელემედიცინას რობოტი კი არა, გამართული ციფრული და საკომუნიკაციო სისტემა სჭირდება, სადაც პაციენტის ერთი კლინიკიდან მეორეში გადაყვანისას ექიმს ათგვერდიანი ისტორიის ხელით გადაწერა არ უწევს (ამბავი პირადი შემთხვევიდან). მაგრამ იგი ხუთი თვის შემდეგაც არ იტეხდა იხტიბარს და აცხადებდა, რომ რობოტი პეპერი მხოლოდ „ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის სიმბოლოს“ წარმოადგენდა, რომლის კომპონენტები საქართველოში ონლაინკლინიკის ფარგლებში დაინერგა. კარგია, როცა სახელმწიფო სისტემას იმდენი ფული აქვს, რომ რამდენიმე ათეული ათასი გადაიხადოს უსარგებლო სიმბოლოებში, მით უმეტეს, თუკი თავად ეს შემთხვევა წარმოადგენს საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის სიმბოლურ ასახვას იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს რობოტი პეპერი „სითი მოლში“ იდგა და მომხმარებლებს მაღაზიების მოძებნაში ეხმარებოდა. განათლების სფეროშიც ბლომად მოვძებნით მსგავს სიმბოლოებს – მაგალითად, მეცნიერებისა და განათლების ქალაქის სახით, რომელშიც მთელი ქვეყნის სანიმუშო სკოლა უნდა შექმნილიყო, თუმცა გახსნიდან ერთ წელიწადში 20 მილიონის ღირებულების სკოლას ბზარები გაუჩნდა და შეკეთება დასჭირდა.
ციფრული ტრანსფორმაციის მრავალგვარი ჩარჩო არსებობს და განათლების სფეროს თავისებურებების გამო ეს ჩარჩოები კიდევ უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან. თუკი შევაჯერებთ განათლების ციფრული ტრანსფორმაციის სხვადასხვა განმარტებას, შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტები გამოიკვეთება:
- ელექტრონული სასწავლო მასალები, რაც მოიცავს ციფრულ პლატფორმებს და რესურსებს, როგორიცაა ინტერაქტიული სასწავლო პროგრამები, ონლაინკურსები და ელექტრონული წიგნები, გაფართოებული თუ ვირტუალური რეალობის გამოყენება;
- სასწავლო პროცესის მართვის (LMS) და სტუდენტური საინფორმაციო სისტემები (SIS), რომლებიც წარმოადგენს ძირითად ჩარჩოს სწავლის პროცესის დაგეგმვისთვის, ინფორმაციის გაცვლის, სასწავლო რესურსების მართვისა და სტუდენტების პროგრესზე დაკვირვებისთვის;
- პერსონალიზებული სწავლება მონაცემთა ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის კომპლექსური სისტემებით, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის ცოდნის დონეს და მოერგება მის დასწავლის ტემპს, უნარებსა და სირთულეებს;
- გამართული ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოქნილია, განვითარებადი და ერგება როგორც თითოეული სკოლის საჭიროებებს, ისე ტექნოლოგიების სწრაფ ცვლილებებს;
- კოლაბორაციული ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მოსწავლეს, ადმინისტრატორებსა და მშობლებს, ეფექტიანად ითანამშრომლონ სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს საჯარო სკოლებში საკლასო ოთახების უმეტესობაში არ არის პროექტორი, რომ მასწავლებელმა შეძლოს, გასცდეს დაფას და ცალმხრივად მაინც გამოიყენოს თანამედროვე ციფრული რესურსები. ელექტრონულ ჟურნალს (რომლის სისტემური შეცდომების გასწორებაზეც დაახლოებით ერთი წელი დაიხარჯა, მაშინ როცა საჯარო სკოლების ათიათასობით მასწავლებელს უწევდა, პორტალის პარალელურად ექსელის ცხრილებში შეენახა ნიშნები, შეედარებინა პორტალის ნიშნებთან და საკუთარ ექსელზე დაყრდნობით ესწორებინა) ჯერ კიდევ მხოლოდ ნიშნების ატვირთვის ფუნქცია აქვს და არ გააჩნია დავალებების დაგეგმვისა და მოსწავლეებთან კომუნიკაციის ფუნქციები. ვისაც სხვადასხვა პროექტში გვაქვს შეხება სკოლებთან, ვიცით, რომ საჯარო სკოლების საკმაო ნაწილს არა აქვს გამართული კომპიუტერული კლასი, თუმცა სამინისტრო არ აქვეყნებს დეტალურ მონაცემებს, რომ სკოლების აღჭურვაზე მოქალაქეებმა მაინც იზრუნონ სხვადასხვა ინიციატივით. კარგია, რომ ბლოკური დაპროგრამება ისწავლება უმცროს კლასებში, მაგრამ უფროს კლასებში მხოლოდ გამონაკლისი სკოლები არჩევითად ნერგავენ პროგრამირების რომელიმე ენის სწავლებას. მაღალ კლასებში, როცა გაცილებით მეტია კომპიუტერების საჭიროება, პირველ კლასში მიღებული ნოუტბუკი უკვე გამოსულია მწყობრიდან ან მოძველებულია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ყველა ძირითადი კომპონენტი მხოლოდ ზედაპირულადაა განხორციელებული. იმავე დროს, სიღრმისეული კვლევების ნაკლებობით და სახელმწიფოს ხელთ არსებული მონაცემების მიჩქმალვით ისეთი მდგომარეობა წარმოისახება, თითქოს უკვე გავხდით რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი და საკუთარი წარმატებული გამოცდილება შეგვიძლია მეზობელ ქვეყნებს გავუზიაროთ.
სკოლებზე უკეთეს მდგომარეობაში არიან საქართველოს უნივერსიტეტები – პროექტორებიც ყველა აუდიტორიაშია, გარკვეული სახის სტუდენტური საინფორმაციო სისტემები და სასწავლო პროცესის მართვის სისტემებიც უმეტესობას აქვს. თუმცა, თუ შევადარებთ ამერიკულ უნივერსიტეტებში დანერგილი ტექნოლოგიური სისტემების ისტორიას, მათი მხარდაჭერის დეპარტამენტებს, სტუდენტების მოსწრების თუ კარიერული განვითარების ანალიზს, რომელსაც ეს უნივერსიტეტები ახორციელებენ, დავინახავთ, რომ დაახლოებით 20 წლით ჩამოვრჩებით თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების დანერგვის მხრივ. ეს კარგად გავიაზრეთ პანდემიის დროსაც, როცა აღმოჩნდა, რომ ხარისხიან ონლაინსწავლებას სჭირდება სწავლების პროცესის სრული გარდაქმნა, კომუნიკაციისა და კოლაბორაციის სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტების ინტეგრირება, თვითშემოწმების სისტემები, გაყალბების თავიდან აცილების AI-აპლიკაციები. აღმოჩნდა, რომ ამგვარი სისტემების გარეშე ონლაინსწავლება 85 წლის წინანდელ რადიოგაკვეთილებს დაემსგავსა. თუ ახლახან დაანონსებული „ონლაინ უნივერსიტეტების“ დანერგვის დროს ყველა ეს საჭიროება გათვალისწინებული არ იქნა, შეიძლება სანაცვლოდ „რადიოუნივერსიტეტები“ მივიღოთ.
თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ განვითარებული ქვეყნები უკვე არიან განათლების ციფრული ტრანსფორმაციის იმ ეტაპზე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური რეალობის აპლიკაციებს სწავლის პროცესში უკვე ქირურგებიც კი იყენებენ, ისინი მხოლოდ მცირე დოზით გამოიყენება საუკეთესო სკოლებში. ბევრი საგანმანათლებლო კომპიუტერული თამაშისა და აპლიკაციის არსებობის მიუხედავად, განვითარებულ ქვეყნებშიც კი გამოწვევად რჩება STEM-საგნების საინტერესოდ სწავლება. მათემატიკის შემეცნება ძირითადად ისევ მოიცავს ბიჯების თანამიმდევრობისა და ფორმულების დაზეპირებას, იმის ნაცვლად, რომ ინტეგრირდეს პროგრამირების ინსტრუმენტებთან მონაცემთა ანალიზის, მათემატიკური მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების ათვისებისთვის, რაც მომავალში არსებითი იქნება დასაქმებისა და განვითარებისთვის. საგანმანათლებლო თამაშები ხარისხით ბევრად ჩამორჩება გასართობ ვიდეოთამაშებს. ამერიკული უნივერსიტეტებიც კი იმდენად ვერ უმკლავდებიან ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტებით დავალებების გაყალბების მცდელობებს, რომ ჩნდება ინიციატივები, დაბრუნდეს წინა საუკუნის ტიპის ზეპირი გამოკითხვები.
რაც მთავარია, თითქმის ყველა მსჯელობაში გამორჩენილია ყველაზე არსებითი, რასაც განათლების ციფრული ტრანსფორმაცია უნდა მოიცავდეს – ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სწრაფი განვითარება სრულიად ცვლის სამუშაო ბაზარს, ისევე როგორც ადამიანის საარსებო გარემოს და საჭიროებს პროგრამების შინაარსის რადიკალურ ცვლილებას. ცოდნის სისტემების დაჩქარებული გაფართოება მოითხოვს მუდმივად სწავლის პროცესში ყოფნას. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თვითგანათლების უნარების განვითარება და ქმედითი განათლების სისტემა სწორედ ის იქნება, რომელიც ასწავლის დამოუკიდებლად ცოდნის შეძენას იმ უხვი რესურსით, რომლებიც დღესაა ხელმისაწვდომი. ალბათ განათლების ნამდვილი ციფრული ტრანსფორმაცია მაშინ დაიწყება, როცა კაცობრიობა ორგანიზებული ჯგუფური სწავლებიდან პერსონალიზებულ თვითსწავლაზე გადავა ზრდასრულობამდე ბევრად ადრე, ამჟამად არსებული და განვითარებადი ტექნოლოგიების უწყვეტი ინტეგრირებით, სადაც მასწავლებლის როლი ინფორმაციის გადამცემიდან შემეცნების ხელშემწყობად გარდაიქმნება.