შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, Credit Suisse-ის უახლესი მონაცემებით, გასულ წელს მილიონერთა რიცხვი მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა. ბანკის მიერ სიმდიდრის შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოს 5.2 მილიონი მილიონერი შეემატა, რომელთა ნახევარი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.
Credit Suisse-ის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების გასული წლის მაჩვენებელი, მილიონერთა ყველაზე დიდი მატებაა, რომელიც ამ საუკუნეში, ნებისმიერ წელს, ნებისმიერ ქვეყანაში დაფიქსირებულა. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2021 წლის ბოლოს გლობალურად მილიონერების საერთო რაოდენობა 62.5 მილიონს შეადგენდა. ხოლო რაც შეეხება მთლიანი გლობალური სიმდიდრის მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი 9.8%-ით გაიზარდა და გასული წლის დასასრულს $463.6 ტრილიონი შეადგინა.
გასაკვირი არაა, რომ 2021 წელს, შინამეურნეობის სიმდიდრის მზარდი მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი გამოირჩეოდნენ. მათ მოჰყვება კანადა, ინდოეთი და ავსტრალია. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ქვეყანას გასულ წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაეხმარა, რომელსაც შესაბამის საბინაო და საფონდო ბირჟებზე ძლიერი აქტივობები დაერთო, რამაც საბოლოო ჯამში პანდემიის პერიოდში გაზრდილი გლობალური უთანასწორობა უფრო მეტად გაამწვავა.
შეგახსენებთ, რომ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიომ გლობალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ისტორიული წარუმატებლობა განიცადა. უკანასკნელ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა. გლობალურად სიღარიბე 2020 წლის შემდგომ ოდნავ შემცირდა, თუმცა პანდემიის, უკრაინის ომისა და მზარდი ინფლაციის გავლენით, ათობით მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში რჩება.