გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

მწვანე ეკონომიკის მიმართულებით გასული კვირა განსაკუთრებით საინტერესო ევროპის ქვეყნებისთვის აღმოჩნდა. ევროკავშირის ახალი გადაწყვეტილებები მზის პანელებსა და ავტომობილებს შეეხება. Reuters-ის ცნობით, მომავალ კვირას ევროკავშირი გეგმას წარადგენს, რომელიც 2025 წლისთვის მზის პანელების ყველა საჯარო შენობაზე განთავსებას ითვალისწინებს, ამასთან ერთად კი 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა სრულად შეჩერდება.

გარდა ამისა, როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს პორტუგალიაში ევროპის უდიდესი „მზის მცურავი პარკი“ იხსნება, ხოლო ნორვეგია მისი გამწვანების გეგმისთვის ოფშორული ქარის პროექტების გაძლიერებას გეგმავს. გამოქვეყნდა გაეროს მიერ მხარდაჭერილი ანგარიშიც, რომლის თანახმადაც CO2-ის ემისიების შემცირებისთვის მზადყოფნა მსოფლიოს მსხვილი დამბინძურებლების რეკორდულმა რაოდენობამ გამოთქვა.

2025 წლისთვის მზის პანელები შესაძლოა, ევროპის ყველა საჯარო შენობაზე განთავსდეს

რუსული წიაღისეული საწვავის მიწოდების ეტაპობრივი გათიშვის შემდგომ, 2025 წლისთვის შესაძლოა, მზის პანელები ევროპის ყველა საჯარო შენობაზე განთავსდეს. ევროკომისიის მიზანი უახლოეს მომავალში ევროპაში მზის ენერგიის ფართომასშტაბიანი გავრცელება და მზის ენერგიის წარმოების ინდუსტრიის აღდგენაა.

AFP

Reuters-ის ცნობით, მზის პანელების პროექტი ევროკომისიის გეგმის ნაწილია, რომელიც რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, მზის ელექტროენერგიისა და გათბობის გამოყენება რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მიუხედავად ბოლო ათწლეულში მზის ფოტოელექტრული ენერგიის ხარჯების 80%-იანი შემცირებისა, 2020 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიაში მისი წარმოების წილმა მხოლოდ 5% შეადგინა. მზის წილი გათბობის წარმოებაში კიდევ უფრო დაბალია და 1.5%-ს უტოლდება.

ბრიუსელი „ევროპული მზის სახურავების ინიციატივის“ განხორციელებას გეგმავს, რომელიც სახლებში, ოფისებსა და სხვა ობიექტებში გაზზე მომუშავე ელექტროენერგიისა და გათბობის შემცირებას შეუწყობს ხელს. გეგმის თანახმად, ევროკავშირმა და ეროვნულმა მთავრობებმა შესაბამისი ზომები მიმდინარე წელსვე უნდა მიიღონ, მათ შორის სახურავებზე დამონტაჟების ნებართვის გაცემა სამ თვემდე შეამცირონ, რაც დაეხმარება ქვეყნებს ევროკავშირის დაფინანსების გამოყენებასა და სახურავების პანელების პროგრამის განხორციელებაში. შედეგად, 2025 წლისთვის შესაძლოა, ყველა საზოგადოებრივი შენობის სახურავზე მზის პანელები განთავსდეს.

ამჟამად ევროპას მზის ენერგიის წარმოების თოთხმეტამდე პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა მათი წამოწყება მილიარდობით ევროს ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. 2020 წელს ევროკავშირის მზის პანელების იმპორტში 75%-იანი წილი ჩინეთმა დაიკავა.

ევროკავშირის მასშტაბით, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალვა 2035 წლიდან ამოქმედდება

ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის კანონმდებლები მხარს უჭერენ გეგმას, რომელიც 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს.

DANIEL LEAL/AFP

კომიტეტმა, 2035 წლისთვის, CO2-ის ემისიების 100%-ით შემცირების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა, რაც ბლოკში, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას 2035 წლიდან შეუძლებელს გახდის. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული მიზნით, კლიმატური ცვლილების პოლიტიკის ფარგლებში, გაზსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანები გზებზე მხოლოდ მომავალი 10-15 წლის განმავლობაში დარჩება.

ევროპარლამენტი ავტომობილების CO2-ის შესახებ წინადადებას უახლოეს თვეებში კენჭს უყრის, რის შემდეგაც საბოლოო წესებზე მოლაპარაკებას კანონმდებლები და ევროკავშირის ქვეყნები დაიწყებენ. ნულოვანი ემისიის ავტომობილებზე გადასვლის დაჩქარებით, ევროკავშირის მიზანი ემისიების მეოთხედის შემცირებაა, რომელიც სწორედ ავტომობილების მიერ წარმოიქმნება. გარდა ამისა, ორგანიზაციის გეგმით, ბლოკის ქვეყნებში ძირითადი გზების გასწვრივ ელექტრომობილების საჯარო დასამუხტი წერტილების განთავსებაც იგეგმება.

2035 წლისთვის, ავტომწარმოებელთა ნაწილმა, მათ შორის Volkswagen-მა შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. CO2-ის სტანდარტები ავტოინდუსტრიაში ინოვაციებისა და ინვესტიციების სტიმულირების მიზეზი გახდება, რაც ელექტრომობილებს მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომსაც გახდის.

მიმდინარე წელს პორტუგალიაში ევროპის უდიდესი „მცურავი მზის პარკი“ იხსნება

ევროპის უდიდესი „მცურავი მზის პარკი“ მიმდინარე წლის ივლისში, პორტუგალიის Alqueva-ს რეზერვუარში გაიხსნება. პარკი ქვეყნის მთავარი კომუნალური კომპანიის EDP-ის მიერ დასავლეთ ევროპის უდიდეს ხელოვნურ ტბაზე აშენდა.

Reuters

„მცურავი მზის პარკი“ პორტუგალიის გეგმის ნაწილია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაძვირებულ იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თითქმის არ იყენებს რუსულ ნახშირწყალბადებს, მისი გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებზე საწვავის ფასები მაინც იზრდება. მზის სინათლის ხანგრძლივობა და ატლანტიკის ქარები პორტუგალიას განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაში შეუწყობს ხელს.

EDP-ჯგუფის განცხადებით, დამონტაჟებული 5-მეგავატიანი სიმძლავრის მქონე მცურავი პარკიდან მიღებული ენერგიის ღირებულება გაზზე მომუშავე სადგურიდან წარმოებული ელექტროენერგიის მესამედი იქნება. Alqueva-ს რეზერვუარის პანელები, რომლებიც  ჰიდროენერგიის საწარმოებლად გამოიყენება, წელიწადში 7.5 გიგავატ/საათის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მზის პანელები ელექტროენერგიით 1.500 ოჯახს მოამარაგებს.

Alqueva-ს პროექტი EDP-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია 2030 წლისთვის 100%-ით გამწვანებას გეგმავს. ჰიდროენერგეტიკა და სხვა განახლებადი წყაროები ამჟამად EDP-ის მიერ დამონტაჟებული 25.6 გვტ სიმძლავრის 78%-ს შეადგენენ. კომპანია Alqueva-ის გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს, რისთვისაც კომპანიამ აპრილში, 70 მგვტ დამონტაჟებული სიმძლავრის მეორე მცურავი ფერმის აშენების უფლებაც მოიპოვა.

ნორვეგია, გამწვანებისთვის, ოფშორული ქარის წარმოებას გააძლიერებს

გასულ კვირას ნორვეგიამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც 2040 წლისთვის ქარის ოფშორული ენერგიის წარმოების გაძლიერებას ითვალისწინებს. იმ ქვეყნის მიზანი, რომლის სიმდიდრის დიდი ნაწილი ნავთობსა და გაზს უკავშირდება, ახლა უკვე განახლებადი ენერგიის ექსპორტიორად გადაქცევაა.

REUTERS/Phil Noble

ნორვეგიის მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ 2040 წლისთვის ოფშორული ქარის სიმძლავრის 30 გიგავატამდე განვითარება განიზრახა, რაც თითქმის გააორმაგებს ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის მთავრობა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მხარდაჭერის გამო, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის ობიექტი მრავალჯერ გახდა. ნორვეგიის მთავრობას სჯერა, რომ ოფშორული ქარის განვითარება მათ ქვეყანას არსებული ენერგეტიკული ინდუსტრიის ცოდნის გამოყენების საშუალებას მისცემს.

ნორვეგიის ოფშორული ენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესში კომუნალური, ნავთობისა და გაზის ფირმების, ასევე საინჟინრო კომპანიების მრავალი ცნობილი წარმომადგენელი ჩაერთო. მათ შორისაა Equinor-ი, Shell-ი, BP, Orsted-ი და Eni. ნორვეგიას შიდა მოხმარებისთვის მეტი ენერგია სჭირდება, თუმცა ახალი გეგმა შინამეურნეობისა და ინდუსტრიების მოსალოდნელ მოთხოვნებს მნიშვნელოვნად აღემატება. ელექტროენერგიის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებშიც იქნება ექსპორტირებული.

დღეისთვის ნორვეგიამ 4.5 გიგავატი სიმძლავრის განსავითარებლად ჩრდილოთ ზღვის ორი უბანი გახსნა. რაც შეეხება 1.5-გიგავატიანი მცურავი ოფშორული ქარის პროექტის განვითარებას, პირველი ტენდერი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება.

CO2-ის ემისიების შესამცირებლად მიზნები მსხვილი გლობალური დამბინძურებლების რეკორდულმა რაოდენობამ შეიმუშავა

გაეროს მიერ მხარდაჭერილი მოხსენების თანახმად, CO2-ის ემისიების შემცირებისთვის მზადყოფნა მსოფლიოს მსხვილი დამბინძურებლების რეკორდულმა რაოდენობამ გამოთქვა. უმსხვილესმა დამბინძურებლებმა CO2-ის ემისიების შემცირებისთვის შესაბამისი გეგმებიც წარადგინეს.

მიუხედავად რეკორდული მაჩვენებლისა, Science-Based Targets Initiative-ი ყურადღებას რეგიონებს შორის არსებულ დისბალანსზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის ფირმები, ევროპის, აშშ-ისა და იაპონიის ფირმებს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. გარდა ამისა, მოხსენება კომპანიების მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებასაც ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ნავთობის ფირმათა უმეტესობის მიზნები დაუდასტურებელ ტექნოლოგიებს ეფუძნება.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ფირმების მიერ დამტკიცებული მიზნების დაახლოებით 80% პარიზის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტემპერატურის 1.5C-იან მატებას შეესაბამებოდა. გარდა ამისა, 2015-2020 წლებში, კომპანიების უმეტესობამ ემისიები მოთხოვნილზე ორჯერ სწრაფად შეამცირა.

Science-Based Targets Initiative-ის მონაცემებით, ემისიების შემცირების მიზნები ამჟამად $38 ტრილიონის ღირებულების 2.000-ზე მეტ ფირმას აქვს აღებული, რომლებიც 70 ქვეყნის მასშტაბით 15 ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილნი. ამ კომპანიების ნახევარზე მეტი G7-ის მდიდარ ქვეყნებში მდებარეობს, თუმცა ნაწილს ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ კორეასა და სამხრეთ აფრიკაშიც შევხვდებით.

ხოლო Carbon Tracker-ის მეორე მოხსენება, რომელიც უშუალოდ გაზისა და ნავთობის კომპანიებს შეეხება, აღნიშნავს, რომ კომპანიათა მიზნები ძირითადად დაბინძურებული აქტივების გაყიდვასა და დაუდასტურებელ ან საკამათო ტექნოლოგიებს ეფუძნება. ეს მოიცავს როგორც ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიებს, ასევე სამრეწველო ემისიების კომპენსაციის მიზნით ხეების დარგვის გეგმებს.

მოხსენების თანახმად, ყველაზე სუსტი პოლიტიკით ExxonMobil-ი გამოირჩევა, რომელმაც გასულ წელს წმინდა ნულოვანი სამიზნე მიიღო, თუმცა ამ დრომდე არ უთქვამს, თუ როგორ აპირებს დასახული მიზნის მიღწევას. ყველაზე ძლიერი პოლიტიკა კი Eni-ს აქვს, რომელიც 2030 წლისთვის ემისიების 35%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

მომავალი 5 წლის განმავლობაში, დედამიწას 1.5-გრადუსიანი დათბობის შენარჩუნების 50%-იანი შანსი აქვს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, გლობალური ტემპერატურული მატების 1.5 გრადუსზე შენარჩუნების შანსი 50%-ია. 1.5-გრადუსიანი მატება 2015 წლის პარიზის შეთანხმებით დადგენილი ნორმაა, რომელიც კლიმატური ცვლილებების ყველაზე ცუდი შედეგების ასარიდებლად აუცილებელია.

DPA/PICTURE ALLIANCE

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშით, 2017-2021 წლებში 1.5-გრადუსიანი მატების მხოლოდ 20%-იანი შანსი არსებობდა, თუმცა 2022 წლისთვის ეს ალბათობა 48%-მდე გაიზარდა. WMO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, კვლევა გვიჩვენებს, რომ მაღალი დონის მეცნიერული უნარებით, პარიზის შეთანხმებით დადგენილი ნორმის დროებით მიღწევას მსოფლიო უფრო მეტად უახლოვდება.

WMO-ს კლიმატური პროგნოზების თანახმად, გლობალური ტემპერატურის ზრდა გაგრძელდება, თუმცა თანაბარი შანსით, რომ 2022-2026 წლების პერიოდში მატება პრეისტორიულ მაჩვენებელს 1.5 გრადუსი ცელსიუსით შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ იანვარში, აშშ-ის კლიმატის ცენტრ Berkeley Earth-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დედამიწის გრძელვადიანი საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსს 2033 წლისთვის, ხოლო დაახლოებით 2 გრადუს ცელსიუსს 2033 წლისთვის მიაღწევს.

გარდა ამისა, მიმდინარე თვის დასაწყისში, NASA-ს დაკვირვებით დადგინდა, რომ დედამიწის მიერ მზისგან შენარჩუნებული ენერგიის რაოდენობა კვლავ გაიზარდა, ხოლო NOAA-მ ოკეანეში სითბოს რეკორდულად მაღალი შემცველობა დააფიქსირა. გაეროს კლიმატის ორგანიზაცია IPCC-ის გაფრთხილებით, დათბობის 1.5 გრადუსზე შენარჩუნებისთვის გლობალურმა ემისიებმა პიკს 2025 წელს უნდა მიაღწიოს.