გასულ კვირას ევროპარლამენტმა მხარი ბუნებრივი აირისა და ბირთვული ინვესტიციებისთვის „მწვანე“ სტატუსის მინიჭებას დაუჭირა. მიუხედავად გარემოს დამცველების მკაცრი კრიტიკისა, დიდი ალბათობით, კენჭისყრაზე კანონპროექტი ევროკავშირის ქვეყნებისგან საჭირო მხარდაჭერას მოიპოვებს. შედეგად, ევროკავშირის მწვანე „ტაქსონომიის“ ფარგლებში, ინვესტორებს უკვე ბუნებრივ აირსა და ბირთვულ პროექტებშიც შეეძლებათ თანხის დაბანდება.
ცალკე უნდა აღინიშნოს ევროკავშირის ძალისხმევა, გათავისუფლდეს წიაღისეული საწვავისა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან. ამისთვის ბლოკი ნამიბიასთან მწვანე წყალბადზე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად ევროზონის ბიზნესების მხარდასაჭერად კი ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც (ECB) წარადგინა გეგმა. ECB-ის მიზანი ემისიების შესამცირებლად კომპანიებისთვის მეტი სტიმულის მიცემაა.
წყალბადი წიაღისეული საწვავის სუფთა ალტერნატივად ითვლება, თუმცა ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. ამისთვის კი, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ნავთობგიგანტმა Shell-მა გადადგა — კომპანია ევროპაში განახლებადი წყალბადის უდიდესი ქარხნის მშენებლობას იწყებს. უნდა ვახსენოთ გაერთიანებული სამეფოც, რომელმაც კრიტიკული მინერალების მიწოდების უფრო ძლიერი ჯაჭვის განვითარების ხელშესაწყობად კრიტიკული მინერალების მონაცემთა ცენტრი გახსნა.
ევროპარლამენტმა ბუნებრივ აირისა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის წესებს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებსა და ბუნებრივ აირში ინვესტიციებს კლიმატ-მეგობრულად აღიარებს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შედეგად, ინვესტიციებისთვის „მწვანე“ სტატუსის მინიჭების შესახებ კენჭისყრა გაიმართება. შეთავაზების დასაბლოკად ორგანიზაციის 27 წევრი ქვეყნიდან 20 მოწინააღმდეგეა საჭირო, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
ახალი კანონი 2023 წლიდან ევროკავშირის „ტაქსონომიის“ წესებში ბუნებრივ აირსა და ატომურ ელექტროსადგურებს დაამატებს. შედეგად, ინვესტორებს მათში, უკვე როგორც „მწვანე“ პროექტებში თანხის დაბანდება შეეძლებათ. ევროკომისია, რომელმაც „მწვანე“ ინვესტირების ახალი წესების შემოღება ჯერ კიდევ თებერვალში მოითხოვა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
ინვესტირების ახალმა წესებმა ევროკავშირის ქვეყნები, კანონმდებლები და ინვესტორები ორად გაყო. საბოლოო ვარიანტის მიღებამდე, ბრიუსელმა წესები რამდენჯერმე გადააკეთა. გადაწყვეტილება მწვავე დებატებს იწვევს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება კლიმატური მიზნების მიღწევა, რუსული გაზის მიწოდების შემცირების ფონზე. გაზი წიაღისეული საწვავია, რომელიც ემისიებს წარმოქმნის – თუმცა, იმაზე გაცილებით ნაკლებს ვიდრე ქვანახშირი. ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილი მას უფრო მეტად დამაბინძურებელი საწვავის ჩანაცვლების დროებით ალტერნატივად განიხილავს.
თავის მხრივ კი, ბირთვული ენერგია თავისუფალია CO2 ემისიისგან, მაგრამ რადიაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნის. მხარდამჭერები, მათ შორის საფრანგეთი, ბირთვულ ენერგიას ემისიების შემცირების მიზნის მიღწევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა ოპონენტები, როგორიცაა ლუქსემბურგი და ავსტრია, რადიაქტიური ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის დამცველებმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკეს. Greenpeace-ი თვლის, რომ ორგანიზაციის ნაბიჯი სამართლებრივ ქმედებებსაც გამოიწვევს.
ECB-მა კლიმატ-მეგობრული ინვესტიციებისთვის გეგმა წარადგინა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ინტეგრირების გეგმა წარადგინა. ECB-ის მიზანი ევროზონის ბიზნესების წაახალისებაა, რათა გარემოზე ზემოქმედებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ.
ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ECB-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება „კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების უკეთ გათვალისწინებასა“ და „ევროკავშირის ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნის შესაბამისად, ეკონომიკის „გამწვანების“ მხარდაჭერას“ ითვალისწინებს. ცნობისთვის, ECB-ის ამჟამინდელი $365-მილიარდიანი აქტივების შესყიდვის პორტფელით, ძირითადად „მსხვილი დამბინძურებლები“ იღებენ სარგებელს.
ECB-ის ახალი გეგმის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან „კორპორაციული ობლიგაციების ეტაპობრივი დეკარბონიზაცია“ დაიწყება, რაც მათ ბევრად კლიმატ-მეგობრულად გარდაქმნის. ეს შეფასდება სათბური აირების დაბალი გამონაბოლქვით, ნახშირბადის შემცირების ამბიციური მიზნებითა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობით.
ECB-ის საბჭოს განცხადებით, ბანკის მიზანი, ემისიების შესამცირებლად კომპანიებისთვის მეტი სტიმულის მიცემაა. ახალი წესები რეგულარულად გადაიხედება, რათა ბანკი მისი გეგმის, ევროკავშირის ნეიტრალიტეტისა და პარიზის ხელშეკრულების მიზნებთან შესაბამისობაში დარწმუნდეს.
ევროკავშირი ნამიბიასთან წყალბადზე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს
ნამიბიის წყალბადის სექტორის მხარდაჭერისა და საწვავის საკუთარი იმპორტის გასაზრდელად, ევროკავშირი ნამიბიასთან შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. ნამიბიასთან წყალბადზე ხელშეკრულების გაფორმება ბლოკის მხრიდან რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ნაწილია.
წყალბადი წიაღისეული საწვავის სუფთა ალტერნატივად ითვლება, რომლის გამოყენებაც ტრანსპორტირებასა და მძიმე მრეწველობაში შეიძლება. მიუხედავად ამისა, მაღალი ხარჯებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, საწვავი ბლოკის ენერგომოთხოვნილების მხოლოდ 2%-ს ფარავს. ევროკავშირი უმეტესწილად „რუხ“ წყალბადს იყენებს, რომელიც წიაღისეული საწვავისგან წარმოიქმნება, ზრდის ხარჯებსა და მასთან დაკავშირებულ ემისიებს.
მაისში გამოქვეყნებული ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, ბლოკი 2030 წლისთვის მინიმუმ 10 ტონა წყალბადის იმპორტის, ხოლო ბლოკის ფარგლებში 10 მილიონი ტონის წარმოებას გეგმავს. გეგმის მიხედვით, ევროკავშირი ნამიბიასთან წყალბადსა და მინერალებზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს. როგორც ცნობილია, შეთანხმება მწვანე წყალბადს შეეხება, თუმცა მინერალებზე მხარეებს ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ.
ევროკომისიამ შესაძლო გარიგებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნამიბიასთან მწვანე წყალბადის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებისა და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს. გასულ თვეში ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან გაზის იმპორტზე მემორანდუმი გააფორმა.
Shell-ი ევროპაში უდიდესი განახლებადი წყალბადის ქარხნის მშენებლობას იწყებს
Shell Plc-მა ნიდერლანდებში განახლებადი წყალბადის ქარხნის მშენებლობა დააანონსა. ენერგოგიგანტის განცხადებით, ევროპაში უდიდესი განახლებადი წყალბადის ქარხანა ოპერირებას 2025 წლიდან დაიწყებს.
Shell-ის ინფორმაციით, როტერდამის პორტში მდებარე 200-მეგავატიანი ელექტროლიზატორი, Holland Hydrogen I-ი, ყოველდღიურად 60,000 კილოგრამი განახლებადი წყალბადის გამომუშავებას შეძლებს. ლონდონში დაფუძნებული ენერგოგიგანტი ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს, რისთვისაც ეტაპობრივად შორდება ნავთობსა და გაზს და სანაცვლოდ განახლებადი ენერგიის წარმოებას ზრდის.
Shell-ი მის ახალ ქარხანაში წყალბადის წარმოებას ოფშორული ქარის პარკის, Hollandse Kust Noord-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით გეგმავს. Hollandse Kust Noord-ის პარკიც ნაწილობრივ კომპანიის საკუთრებაშია. Shell-ის ენერგეტიკული გადაწყვეტილებების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ანა მასკოლოს განცხადებით, განახლებადი წყალბადი გადამწყვეტ როლს ასრულებს მომავლის ენერგოსისტემაში, Shell-ის პროექტი კი წყალბადის წარმოების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
განახლებადი და დაბალი ნახშირბადის შემცველობის წყალბადი ემისიების აღმოფხვრისთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, მისი წილი 2050 წლისთვის გლობალური საბოლოო ენერგეტიკული მიქსის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, რაც კლიმატის მიზნების მიღწევისთვის საკმარისი არაა.
თვითმფრინავების ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელით ჩანაცვლება კლიმატურ კრიზისთან ბრძოლას შეუწყობს ხელს
თანამედროვე, სუპერ სწრაფი და კომფორტული მატარებლების ქსელი, რომელიც ევროკავშირის ყველა დიდ ქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს საჰაერო მოგზაურობის საიმედო და მდგრად ალტერნატივად აღიქმება. ეს სარკინიგზო ინდუსტრიის ლიდერების მიერ ლიონში ჩამოყალიბებული ხედვაა, რაც ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელით სარგებლობას 2030 წლისთვის გააორმაგებს, ხოლო 2050 წლისთვის გაასამმაგებს.
მიუხედავად ამისა, ახლა ევროპული ორგანიზაციების ორგანომ კვლევის ჩატარება გადაწყვიტა, ევროპის უდიდესი ქალაქების დასაკავშირებლად ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის სარგებლიანობის დასადგენად. მათ შორისაა ევროკომისია, ევროპის რკინიგზის გაერთიანება, ევროპული სარკინიგზო მიწოდების ინდუსტრია და ALLRAIL, არასახელმწიფო საკუთრებაში არსებული რკინიგზა.
რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფი ათასობით კილომეტრიანი ახალი ხაზების დაფინანსებისთვის გზებს გამოძებნის და დაადგენს სარკინიგზო ქსელის ტრანსფორმაციის როლს, 2050 წლისთვის ევროკავშირის ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, რკინიგზა „ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტიანი სატრანსპორტო მოდელია“.
გაფართოება დაგეგმილ ან უკვე მშენებარე ახალ მარშრუტებს გააერთიანებს. ევროკავშირის სტატისტიკის მიხედვით, ევროპის 20 ყველაზე დატვირთული საჰარო მარშრუტიდან ჩვიდმეტი 700 კილომეტრზე ნაკლებ დისტანციას ფარავს. 1.000კმ-ზე ნაკლებ მანძილზე ფრენები, ევროპის ქვეყნებს შორის კი, ყოველწლიურად 28 მილოიონ ტონა CO2-ს წარმოქმნიან. ამ მანძილზე ჩქაროსნულ მატარებლებს ბევრად უფრო სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა მგზავრობის შემოთავაზება შეუძლიათ.
გაერთიანებულ სამეფოში კრიტიკული მინერალების მონაცემთა ცენტრი გაიხსნა
გაერთიანებულმა სამეფომ კრიტიკული მინერალების მიწოდების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზებისთვის მონაცემთა ცენტრი გახსნა. მონაცემთა ცენტრში წარმოდგენილ მინერალებს შორის იქნება ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისთვის აუცილებელი კობალტი და ლითიუმიც.
ცენტრს ქვეყნის გეოლოგიური სამსახური უხელმძღვანელებს. ნოტინგემში დაფუძნებული Critical Minerals Intelligence Centre, გაერთიანებულ სამეფოში კრიტიკული მინერალების მიწოდების უფრო ძლიერი ჯაჭვის განვითარება შეუწყობს ხელს. Critical Minerals Intelligence Centre-ის მთავარი სამუშაო, ელექტრომობილების ბატარეებისთვის აუცილებელი მინერალების მომავალი მოთხოვნისა და მიწოდების შესწავლა იქნება.
კრიტიკული მინერალები აუცილებელია მწვანე ტექნოლოგიების, ეროვნული უსაფრთხოებისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო პროდუქტების წარმოებისთვის – როგორიცაა ელექტრომანქანები, ქარის ტურბინები, მობილური ტელეფონები და გამანადგურებელი თვითმფრინავები. Critical Minerals Intelligence Centre სწორედ ამ მინერალებზე შეაგროვებს მონაცემებს.
იქიდან გამომდინარე, რომ 2050 წლამდე კრიტიკულ მინერალთა გარკვეული ნაწილზე მოთხოვნის 500%-ით ზრდაა მოსალოდნელი, გაერთიანებული სამეფოს გადადგმული ნაბიჯები გამძლე და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია.