გასულ კვირას „მწვანე“ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს უკავშირდება. კერძოდ, თბილისში თიბისის მხარდაჭერით „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა. კვების ახალი ობიექტი მომხმარებელს უკვე მასპინძლობს. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.
კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ძალისხმევა მნიშვნელოვანი აღნიშვნის როლია. პანდემიისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ბერლინში, კლიმატური ცვლილებების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები მაინც შეიკრიბნენ. ორგანიზატორებმა შეკრება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობად შეაფასეს. ამასთან ერთად კი უნდა ვახსენოთ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაც, რომელმაც 2025 წლიდან „მწვანე საავიაციო საწვავის“ სავალდებულო გამოყენებას დაუჭირა მხარი.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო მასშტაბით არსებული სიტუაცია კვლავ საგანგაშოა. NASA-ს მონაცემებით, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ნაწილში რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ ტყის ხანძრები გამოიწვია. მეცნიერები შიშობენ, რომ უკიდურესად მაღალი სიცხეები, გლობალური დათბობის გაგრძელების შედეგად, შესაძლოა ნორმადაც კი იქცეს.
თბილისში თიბისის მხარდაჭერით „მაკდონალდსის“ ახალი ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა
კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე უკვე მასპინძლობს.
კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეული მისი ეკომეგობრული კონცეფციითაა. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. ქვეყნის მასშტაბით ეს „მაკდონალდსის“ რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.
აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს გარემოზე და მუდმივად შეაქვს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალგახსნილი რესტორანი ამის საუკეთესო მაგალითია. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი – 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.
კლიმატური ცვლილების განსახილველად ბერლინში ორმოცი ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა
პანდემიისა და უკრაინის ომის შედეგად არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილება აქტუალობას მაინც არ კარგავს. მაშინ, როდესაც ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ბერლინში ორმოცი ქვეყნის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი სწორედ კლიმატური კრიზისის განსახილველად შეიკრიბა.
პეტერსბერგის კლიმატის ცვლილების რიგით მე-12 კონფერენციაზე, სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოვიდა. ორგანიზატორებმა ორდღიანი შეკრება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობად შეაფასეს. გასულ თვეში, ტექნიკური მოლაპარაკებებისას მხოლოდ მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატთან დაკავშირებული დახმარებების შემუშავება.
განვითარებადი ქვეყნები მდიდარი ქვეყნებისგან $100-მილიარდიანი მოცულობის ყოველწლიური „კლიმატის დახმარების“ მიღებას კვლავ ელიან. აღნიშნული გეგმის განხორციელება ქვეყნების ვარაუდით ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად საჭიროებისა, დიდი დამაბინძურებლები კვლავ წინააღმდეგნი არიან იმ ზარალის ანაზღაურების, რომელსაც მათ მიერ გამოყოფილი ემისიებით თავადვე აყენებენ დანარჩენ მსოფლიოს.
დახურული მოლაპარაკებები ბერლინში დარგის ექსპერტებთან გაიმართება, რომლებიც ქვეყნების მინისტრებს „დანაკარგისა და ზარალის“ საკითხზე პრეზენტაციებს წარუდგენენ. შეხვედრის შემდგომ კი მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და ნოემბერში, COP27 შარმ-ელ-შეიხის კონფერენციაზე, ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის იმედით მოლაპარაკებებს გამართავენ. ცნობისთვის, სამიტზე მონაწილეთა შორისაა ჩინეთი, რუსეთი კი მოწვეულ ქვეყნებს შორის არ არის.
მეცნიერები შიშობენ, რომ უკიდურესად მაღალი სიცხეები, გლობალური დათბობის გაგრძელების შედეგად, შესაძლოა ნორმადაც კი იქცეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, რეკორდული ტემპერატურა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ნაწილს დაატყდა თავს.
ბაიდენი კლიმატის შესახებ ფედერალური ზომების მიღებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად ახალ ფედერალურ ზომებს წარადგენს. თუმცა გარემოს დამცველების მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტი კლიმატური ცვლილებების მიზეზით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ განიხილავს.
დემოკრატი კანონმდებლები და გარემოსდაცვითი ჯგუფები თეთრ სახლს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აგრესიული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი მასაჩუსეტში მოგზაურობას კლიმატური გეგმების გასაჯაროებისთვის გამოიყენებს. ბაიდენი პირობასაც დებს, რომ სენატის უმოქმედობის შემთხვევაში, თავადვე იმოქმედებს.
გამაგრილებელი ცენტრებისთვის $2.3-მილიარდიანი დაფინანსება და ნავთობით მდიდარ მექსიკაში ოფშორული ქარის პროექტების დაწყება პრეზიდენტმა უკვე დააანონსა. ოფშორული ქარის სადგურების გარდა დაფინანსებები გავრცელდება შესაძლო წყალდიდობების კონტროლზე, შენობების გაუმჯობესებასა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, გათბობისა და გაგრილების ხარჯების დაფარვაზე.
მიუხედავად „კლიმატის საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადების თაობაზე ბაიდენზე აქტიური ზეწოლისა, პრეზიდენტისგან ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა. ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენების უფლებასაც გულისხმობს, განახლებადი ენერგიის პროდუქტებისა და სისტემების ფართო სპექტრის გასაძლიერებლად.
ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანია საკმაოდ ამბიციურ კლიმატურ დაპირებებს მოიცავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის, კლიმატის დაბინძურება ქვეყანაში 50%-ით შემცირდება და 2035 წლისთვის 100%-ით სუფთა ელექტროენერგიას მიაღწევს.
ევროპარლამენტმა 2025 წლიდან „მწვანე საავიაციო საწვავის“ სავალდებულო გამოყენებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა საავიაციო საწვავის საეტაპო წესდებას მხარი დაუჭირა. ახალი წესები, ეტაპობრივად, ნავთის ნაკლებად დამაბინძურებელი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უახლესი გადაწყვეტილებით, პარლამენტმა „მწვანე საწვავის“ განმარტებაც გააფართოვა.
ახალი რეგულაციებით, საწვავის მომწოდებლები 2025 წლიდან, ნავთში მინიმუმ 2% მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) შერევის ვალდებულებას იღებენ. 2050 წლამდე, მდგრადი საავიაციო საწვავის მოცულობა ნავთში 85%-მდე გაიზრდება. გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე წინა მიზანი, რომელიც 2050 წლისთვის SAF-ის მხოლოდ 63%-იან შემცველობას ითვალისწინებდა.
საავიაციო სექტორის კლიმატზე ზემოქმედების შესამცირებლად, მოთხოვნები ჯერ კიდევ გასულ წელს, ევროკომისიამ შეიმუშავა. ცნობისთვის, საავიაციო სექტორი გლობალური ემისიების 3%-ზეა პასუხისმგებელი. ახალი წესები ახლა უკვე გაერთიანების წევრმა მთავრობებმა და ევროკომისიამ უნდა დაამტკიცონ.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით გაფართოვდა „მდგრადი საავიაციო საწვავის“ განმარტებაც. თავდაპირველი შეთავაზების თანახმად, SAF-ად განიხილებოდა მხოლოდ გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავი და წყალბადზე დაფუძნებული სინთეტიკა. ახალი წესდების მიხედვით კი „მწვანე საწვავად“ გადამუშავებული გაზიდან მიღებული რეციკლირებული ნახშირბადის საწვავი და ცხოველური ცხიმისგან ნაწარმოები ბიოსაწვავიც ითვლება.
ჩამდინარე წყლების გადამუშავებაში თურქეთი ყოველწლიურ მიზანს აღწევს
გარემოს დაცვის, ურბანული განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების სამინისტროს განცხადებით, თურქეთმა გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების 4%-იან წლიურ მიზანს უკვე გადააჭარბა. ქვეყანა მომავალი წლისთვის ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების 5%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 15%-მდე ზრდას გეგმავს.
ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების უპირველესი მიზეზი თურქეთში არსებული წყლის დეფიციტია. მაშინ, როდესაც წყლის მოხმარება იზრდება, ხოლო კლიმატის ცვლილებები გვალვას ახშირებს, წყლის დაზოგვა თურქეთისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ამავე მიზნისთვის ქვეყანა სოფლის მეურნეობაში გადაჭარბებული ირიგაციის შეზღუდვასაც კი გეგმავს.
სამინისტრო თურქეთს იმ ქვეყნებს შორისაც მოიაზრებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში წყლის დეფიციტი დაემუქრებათ. დეფიციტს კი მრავალი ფაქტორი, მათ შორის კლიმატური კრიზისით გამოწვეული გვალვები და ინდუსტრიულ და აგრარულ სფეროებში წყლის გადაჭარბებული მოხმარება განაპირობებს.
შედეგად, ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა, მისი გამოყენების სფეროები კი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ირიგაციას სოფლის მეურნეობაში, ასევე მის ინდუსტრიულ თუ რეკრეაციულ გამოყენებასა და საყოფაცხოვრებო მოხმარებას.
თურქეთმა „წრიული ეკონომიკის“ პრიორიტეტად სწორედ წყლის ხელახალი მოხმარების საკითხი მიიჩნია, რაც, თავის მხრივ, რესურსის გამოყენების შემცირებასა და მის შენარჩუნებას ითვალისწინებს. გარემოს დაცვის, ურბანული განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების სამინისტროს განცხადებით, ევროპის „მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში, ახალი გეგმა მუშავდება.
NASA: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ძლიერი სიცხეები და ხანძრები ფიქსირდება
2022 წლის ივნისსა და ივლისში, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და ნაწილში რეკორდებიც კი მოხსნა.
დასავლეთ ევროპაში, სადაც უკვე ფიქსირდებოდა ძლიერი გვალვა, მაღალმა ტემპერატურამ პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაწილში ხანძრები გააჩინა. მაგალითისთვის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და 3,000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მეხანძრეებს ხანძრის 14 კერასთან მოუწიათ გამკლავება.
NASA-ს განცხადებით, მსგავსი ექსტრემალური სიცხეები პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იწვევს სხვადასხვა სახის დამანგრეველ შედეგებს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორისაა ხანძრები, რომლებიც ახლა ჩნდება ევროპასა და აფრიკაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი აქტიურად მძვინვარებდა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ მაღალმა ტემპერატურამ პრობლემები შექმნა იტალიაშიც, სადაც მარმოლადას მყინვარის ნაწილის ნგრევის შედეგად, თოვლისა და ყინულის ზვავს თერთმეტი ლაშქრობა შეეწირა. ხოლო გაერთიანებულ სამეფოში, მეტეოროლოგიურმა ოფისმა მოსახლეობა ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლამდე შესაძლო მატებასთან დაკავშირებით უკვე გააფრთხილა.
ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ კი ტუნისში ხანძრებისა და სიცხეების გამო ქვეყნის მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანდა. ტუნისის დედაქალაქში 13 ივლისს ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა და უკანასკნელი 40 წლის რეკორდი მოხსნა. ირანში კი, ივნისის ბოლოს დაფიქსირებული 52 გრადუსი ცელსიუსის შემდგომ, მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის ნაწილში მაღალი ტენიანობისა და ღამით თბილი ტემპერატურის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში პირობებიც კი შეიქმნა.