გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირაში მწვანე მიმართულებით ყურადღება ცალკეული ქვეყნებისა და კომპანიების ჩართულობამ და რამდენიმე საინტერესო კვლევის შედეგმა მიიქცია. სოფლის მეურნეობის სექტორის კლიმატის ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად აშშ-მა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დამატებით $4 მილიარდის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის პარალელურად კი ევროკავშირიც კვლავ აქტიურად განაგრძობს მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მსჯელობას და ამჯერად  კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ძალისხმევის გაძლიერების მოთხოვნით ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ.

მნიშვნელოვანი კვლევა წარმოადგინა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) მეთანის ემისიების რეალურ მოცულობასთან დაკავშირებით, WindEurope-მა ახალ ანგარიშში კი ევროპას, ქარის ენერგიის გაძლიერებისკენ მოუწოდა. საინტერესოა სწრაფად მზარდი ტენდენციის, NFT-ის გავლენაც კლიმატურ ცვლილებებზე.

ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს ბრიტანეთის უმსხვილესი კრედიტორი HSBC-ის გადაწყვეტილებაც, სესხებიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ემისიების შემცირებაზე. საბოლოო ჯამში, გასულმა კვირამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მწვანე სიახლე მოიცვა, რომელთაც თავი Forbes Green-მა მოუყარა.

ევროკავშირის ქვეყნები უმაღლეს დიპლომატს კლიმატთან დაკავშირებული მოქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბლოკის უმაღლეს დიპლომატს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ, რაც ცალკეული ქვეყნებისთვის ემისიების შემცირებასა და უფრო მკაცრი კლიმატური მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

ფოტო: Andrew Harnik/Pool via REUTERS

გასული წლის COP26 კლიმატის სამიტზე დაახლოებით 200 ქვეყანა, ნოემბერში გასამართ გაეროს შემდეგი კონფერენციისთვის, ემისიების შემცირებისთვის უფრო მკაცრი გეგმის  შემუშავებაზე შეთანხმდა, რომლის მიზანია,  ქვეყნების მიერ დაჩქარდეს ამ ათწლეულის განმავლობაში აუცილებლად მისაღწევი შედეგების შესრულება და მსოფლიო დათბობა  2C-ისა ან 1.5C-ის დონემდე შეჩერდეს.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბლოკის უმაღლეს დიპლომატს, საგარეო საქმეთა უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, მათი პროექტის მიხედვით კლიმატური დიპლომატიის გაფართოებისკენ მოუწოდებენ. პროექტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა COP27-მდე უნდა შეისწავლოს პარტნიორობის გზები იმ ქვეყნებთან, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი ქვანახშირის ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ან მაღაროზე. ასევე, განიხილება მსოფლიოში პირველი ნახშირბადის სასაზღვრო ტარიფის შემოღება, რომელიც ევროკავშირში იმპორტირებულ დამაბინძურებელ საქონელზე ემისიების გადასახადს დააწესებს.

ევროკავშირმა გასულ წელს რიგი კლიმატური შეთანხმებები გააფორმა, მათ შორს $8.5-მილიარდიანი გარიგება აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან ემისიებთან ბრძოლაში აფრიკის დასახმარებლად. აღნიშნული შეთანხმება განიხილება როგორც შესაძლო გეგმა სხვა ქვეყნებში კლიმატის დაფინანსებისთვის.

აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროების $4-მილიარდიანი ინვესტირება სოფლის მეურნეობაში

ამერიკის შეერთებული შტატები და არაბთა გაერთიანებული საამიროები დამატებით $4 მილიარდის გლობალური ინვესტირების განხორციელებას გეგმავენ გასულ წელს წამოწყებულ ინიციატივაში, რაც სოფლის მეურნეობის სექტორის კლიმატის ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას და ემისიების შემცირებას ემსახურება.

ფოტო: REUTERS/Dane Rhys

ნოემბერში, COP26 კლიმატურ მოლაპარაკებებზე, ორმა ქვეყანამ კლიმატისთვის სოფლის მეურნეობის საინოვაციო მისია (AIM for Climate) წამოიწყო, რომლის მიზანიც 2021-2025 წლებში მთავრობებისა და არასამთავრობო ინოვაციური პარტნიორებისგან $4-მილიარდიანი მოცულობის ინვესტიციის მიღებაა. ამ ეტაპისთვის კი AIM-ის $8 მილიარდის მოზიდვა სურს „კლიმატურად ჭკვიანი“ ინვესტირებისთვის.

ინიციატივის მხარდამჭერი 140 პარტნიორი, „კლიმატურად ჭკვიან“ სოფლის მეურნეობის კვლევებსა და პრაქტიკებში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმდნენ. საწყის ეტაპზე, აშშ-ისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე $1 მილიარდი, სხვა მთავრობებზე ჯამში $1.8 მილიარდი, ხოლო არასამთავრობო პარტნიორებზე $200 მილიონი მოდიოდა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს საპილოტე პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მეურნეობის, მეცხოველეობის და სატყეო მეურნეობის სფეროში ემისიების შემცირებას.

აშშ-ის ფერმერული ინდუსტრია უკვე ებრძვის კლიმატის ცვლილების შედეგებს, მათ შორის მომატებულ გვალვასა და წყალდიდობებს. თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც 2023 წელს COP28-ს უმასპინძლებს, მზარდ ინვესტიციებს ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და წყლის ტექნოლოგიებში, ასევე სუფთა ენერგიაში.

გასულ წელს ევროპაში ქარის ენერგიის ენერგოსადგურების რეკორდული მოცულობა დამონტაჟდა

WindEurope-ის მონაცემებით, 2021 წელს ევროპის მასშტაბით ქარის ენერგიის გამომმუშავებელი ენერგოსადგურების დამონტაჟების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონტინენტზე ქარის ენერგიის მოცულობა, 2020 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს, 17,4 გიგავატს მიაღწია.

ფოტო: Sean Gallup

მიუხედავად ამისა, ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციის განცხადებითვე, გასული წლის რეკორდული მაჩვენებელიც კი არაა საკმარისი ენერგეტიკისა და კლიმატის მიზნების მისაღწევად. მხოლოდ ევროკავშირმა გასულ წელს 11 გიგავატი ქარის ენერგიის  სადგურები დაამონტაჟა, რაც იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე WindEurope-ი საჭიროდ მიიჩნევს. ევროპაში ქარის ელექტროსადგურები აწარმოებდნენ 437 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას, რაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს.

WindEurope-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2030 წლისთვის, განახლებადი ენერგიის 40%-იანი მიზნის მიღწევისთვის, ევროკავშირმა წელიწადში დამატებით 30 გიგავატი ქარის ენერგიის გამომმუშავებელი ენერგოსადგურები უნდა დაამონტაჟოს. თუმცა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში წლიურად დამონტაჟებული  ენერგოსადგურები მხოლოდ 18 გიგავატ ენერგიას  გამოიმუშავებენ. 2030 წლამდე ევროკავშირს სათბური აირების ემისიის მინიმუმ 55%-ით შემცირება სურს, რაც შეეხება განახლებად წყაროებს, იმავე თარიღისთვის დღევანდელი მიზანი (32%) მინიმუმ 40%-მდე უნდა გაიზარდოს.

გასულ წელს, ევროპაში ქარის ენერგიის სადგურების სანაპირო დამონტაჟებამ 14 გიგავატი, საზღვაომ კი 3.4 გიგავატი შეადგინა. საზღვაო ინსტალაციის ყველაზე დიდი ბაზარი, 2.3 გიგავატით, დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, სახმელეთოს ინსტალაციაში ლიდერი კი შვედეთი გახდა.

HSBC 2030 წლისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ემისიებს 34%-ით შეამცირებს

ბრიტანეთის უმსხვილესი კრედიტორი HSBC-ი, მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კლიენტების სესხებიდან ემისიების 34%-ით შემცირებას გეგმავს. დეკარბონიზაციის გეგმის შესამუშავებლად ბანკმა კლიენტებს ვადა 2022 წლის ბოლომდე მისცა.

ფოტო: REUTERS/Reinhard Krause

ასზე მეტმა ბანკმა 2050 წლისთვის ნახშირბადის ემისიების წმინდა ნულოვანი ნიშნულის მიღწევის პირობა დადო. გარდა ამისა, ბანკებს „ფინანსირებული ემისიების“ ღრმა მოკლევადიანი შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცემა მოუწევთ, რაც მათ მიერ რეალურად მიზნების მისაღწევადაა საჭირო. თუმცა, გარემოსდაცვითმა კამპანიის ჯგუფმა Market Forces-მა HSBC-ის მიზნის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკა HSBC-ის საშუალებას მისცემს, ნავთობისა და გაზის ახალი და გაფართოებული პროექტების დაფინანსებაც განაგრძოს.

HSBC-ი აზიისა და მსოფლიოს  უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიის ნაწილის ძირითადი კრედიტორია, შესაბამისად, მისი გეგმა რეგიონის სხვა ბანკების მიზნებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. უმსხვილეს გლობალურ ბანკებს შორის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ასრულებს დასახულ კლიმატურ მიზნებს. თუმცა, გასულ თვეში, 2030 წლისთვის ენერგეტიკულ სექტორში ემისიების 29%-ით შემცირების პირობა Citigroup-მაც დადო.

HSBC-ის გეგმა ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების კლიენტებისთვის დაფინანსებული ემისიების 75%-ით შემცირებასაც მოიცავს, 2023 წლიდან კი ენერგეტიკის სექტორს ქვანახშირის, ალუმინის, ცემენტის, რკინის, ფოლადისა და ტრანსპორტის სექტორებიც შეემატება.

IEA: ენერგეტიკის სფეროში მეთანის ემისიები 70%-ით აღემატება ოფიციალურ მაჩვენებელს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული სფეროს სათბური აირის მეთანის ემისიები ოფიციალურ მონაცემებზე 70%-ით მაღალია. ქვანახშირის სექტორი ემისიების ყველაზე დიდ წყაროს დასახელდა.

ფოტო: REUTERS/Hannah McKay

გლობალური მეთანის აღრიცხვის 2022 წლის ანგარიშში, IEA  მსოფლიოს მონიტორინგის ძალისხმევისა და დამაბინძურებელი აირის ემისიების შემცირებისთვის ქმედებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მეთანის ემისიების პრობლემაში ქვანახშირის მრეწველობის წვლილი პირველად დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ ის წიაღისეული საწვავის სექტორის სხვა ძირითად ნაწილებს შორის 42 მილიონი ტონით ლიდერობს, ხოლო უკვე შემდგომ მას მოჰყვება ნავთობი და ბუნებრივი აირი, შესაბამისად 41 მილიონი ტონა და 39 მილიონი ტონით.

ანგარიშში ემისიების პირველადი ყოვლისმომცველი შეფასებები თითოეული ქვეყნისთვისაა მოცემული და პრობლემის შესაკავებლად პროგრესის შესაძლო ნიშნებიც იკვეთება. IEA -ს ცნობით, გასულ წელს ენერგეტიკის სექტორიდან მეთანის ემისიები სულ რაღაც 5%-ით გაიზარდა, მეთანის ემისიების დაახლოებით 40% კი ადამიანის საქმიანობაზე მოდიოდა. ტოპ-დამბინძურებლებს შორის ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი არიან.

გასულ წელს, გლაზგოს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, ასზე მეტი ქვეყანა შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით შექმნილ ინიციატივას, რომელიც 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.

მოსახლეობის 75% ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აკრძალვის მომხრეა

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში ოთხიდან სამ ადამიანს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აკრძალვა სურს. ამის პარალელურად კი გაეროს წევრები პლასტმასის მზარდი დაბინძურების წინააღმდეგ გლობალურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან.

ფოტო: REUTERS/Lisa Marie David

IPSOS-ის გამოკითხვის თანახმად, აკრძალვის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ 79%-ით გაიზარდა, ხოლო იმ პირთა რაოდენობა, ვინც ნაკლებად პლასტმასისშემცველი შეფუთვის პროდუქციის მომხრეა – 75%-დან 82%-მდე. კვლევაში მონაწილეობა 28 ქვეყნის ჯამში 20.000-მა მცხოვრებმა მიიღო.

პლასტიკურ ნარჩენებზე ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ახალი კვლევით გამოკითხულთა 90% უჭერს მხარს, პარიზის 2015 წლის კლიმატის სამიტზე დაიდო. მიუხედავად ამისა, კვლავ უცნობია მსგავსი შეთანხმებები ფოკუსირებული ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იქნება, თუ უფრო რადიკალურ ზომებსაც მოიცავს, როგორიც მაგალითად, გადაყრილი პლასტმასის წარმოებისა და გამოყენების შეზღუდვაა.

ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვამ კი ყველაზე დიდი მხარდაჭერა კოლუმბიაში, ინდოეთსა და მექსიკაში პოვა. IPSOS-ის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ გლობალურად გამოკითხულთა 85%-ს სურს, რომ მწარმოებლები და საცალო მოვაჭრეები პასუხისმგებელნი იყვნენ პლასტმასის შეფუთვის შემცირებაზე, ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებაზე.

კვლევა: ნახშირბადის გამონაბოლქვის ასანაზღაურებლად NFT-ებს მილიონზე მეტი ახლად დარგული ხე დასჭირდება

ახალი კვლევის თანახმად, NFT-ების ნახშირბადის ემისიების კომპენსირებისთვის მილიონობით ხის დარგვა გახდება აუცილებელი. NFT Club-ის თანახმად, ერთ ხეს შეუძლია 60 კილოგრამი CO2-ის გადამუშავება სიცოცხლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი NFT-ის გაყიდვის კომპენსირება ჯამში 1,37 ხეს შეუძლია.

ილუსტრაცია: NFTSashkin

ტექნიკურმა ფირმამ ყურადღება ოქტომბრის ანგარიშზე გაამახვილა, რომელიც აკონტროლებდა 4,7 მილიონ NFT-ის, რაც მიმოქცევაში არსებული მთლიანი რაოდენობის მხოლოდ ნაწილია. NFT Club-მა ასევე აღნიშნა, რომ 5 მილიონი NFT-ის გაყიდვისთვის საჭირო ხეების რაოდენობა 6.85 მილიონის ტოლი იქნება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2021 წელს, NFT-ების გაყიდვებმა $41 მილიარდი შეადგინა, მისი პოპულარობა კი დღითი დღე იზრდება.

NFT-ის მომხრეები ციფრულ კოლექციებს მეტავერსისა და მომავალი ინტერნეტის Web 3-ის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ, მოწინააღმდეგეები მათ ღირებულებასა და იმ ენერგიის რაოდენობას აკრიტიკებენ, რომელიც საჭიროა კოლექციის შექმნისა და ვაჭრობისთვის. მიუხედავად ამისა, NFT აგრძელებს პოპულარობის მოპოვებას და მის მხარდამჭერებს შორის ბევრ ცნობილ ადამიანსაც შეხვდებით – მაგალითად, რეპერსა და კრიპტომეწარმე Snoop Dogg-ის, რომელმაც ამ თვის დასაწყისში შესყიდული Death Row Record-ის NFT-ის ლეიბლად გადაკეთება გადაწყვიტა.