უკრაინაში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით მტკივნეულად გერმანიაზე აისახა, რომელმაც, გასული პერიოდის განმავლობაში, რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ ახალი მიზნობრივი თარიღი დაასახელა ელექტროენერგიის სრულად განახლებადი წყაროებიდან მიღებისთვის, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალის აშენება დააანონსა და ვიდრე დასახულ მიზნებს მიაღწევს, ქვანახშირის ელექტროსადგურები ხელახლა გაააქტიურა. მიმდინარე მოვლენების პარალელურად კი ესპანეთის შესაძლებლობამ, ევროკავშირის ბუნებრივი აირის ჰაბად იქცეს, წინა ფლანგზე წამოიწია.
ამ ამბების გარდა, გასული კვირის მნიშვნელოვან სიახლეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ემისიების სტანდარტების გამკაცრება მოხვდა და ასევე გაეროს წევრი სახელმწიფოების მხრიდან გლობალური შეთანხმების მიღწევა, რომელიც პლასტიკური ნარჩენებით პლანეტის დაბინძურებას გააკონტროლებს. ამ და სხვა სიახლეებს ვრცლად Forbes Green-ი წარმოადგენს:
გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალი აშენდება
გერმანიის სახელმწიფო ბანკის KfW-ისა და ჰოლანდიურ კომპანია Gasunie-ის პარტნიორობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბრუნსბიუტელში, თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მთავარი მიზანი, რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების სწრაფი შემცირებაა.
თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი გერმანიისა და ჰოლანდიური კომპანიის ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს. ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე რვა მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. შედარებისთვის, გერმანიაში რუსული გაზის წლიური იმპორტი დაახლოებით 140 მილიარდი კუბური მეტრია. გერმანიის ეკონომიკის მინისტრ ჰაბეკის განცხადებით, Trading Hub Europe-ს გერმანიის სახელით უკვე გადაეცა €1.5 მილიარდი ბაზრებზე თხევადი გაზის შესაძენად.
გერმანიის სამინისტროს განმარტებით, ახალი ტერმინალი ზრდის მიწოდების მომსახურებას და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბუნებრივი აირისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს. ქვეყნის ვიცე-კანცლერმა რამდენიმე დღის წინ რუსული ენერგიის იმპორტის დაკარგვის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება, მას „სოციალური მშვიდობისთვის“ საფრთხის შემცველი უწოდა და მთავარ საზრუნავად სწორედ მომავალი ზამთრისთვის მიწოდების უზრუნველყოფა დაასახელა.
თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალი გერმანიაში სავარაუდოდ 2024 წლისთვის, ევროკავშირისა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, ამოქმედდება. პროექტის პარტნიორების მიზანი ტერმინალის პროექტის რაც შეიძლება სწრაფი განხორციელებაა, ლიცენზირებისა და სახელმწიფო მოთხოვნების გათვალისწინებით.
რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს ააქტიურებს
რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე, გერმანიამ უკანასკნელი ატომური რეაქტორის გათიშვის პარალელურად, ქვანახშირის ძველი ელექტროსადგურების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანიის მცდელობა, ერთდროულად შეეჩერებინა ბირთვული და ქვანახშირის ენერგიის გამოყენება, არსებული რეალობის გამო შედარებით გართულდა. წიაღისეული გაზი ერთ დროს გარდამავალ საწვავად აღიქმებოდა განახლებადი ენერგიისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ სიტუაცია სრულიად შეცვალა. ამჟამად რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად ქვანახშირი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად აღიქმება.
უკრაინაში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები გერმანიისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეჩერდა, ახლა კი რუსეთი Nord Stream 1-ზე გაზის გადატუმბვის შეწყვეტითაც იმუქრება. ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ქვეყანაში აცნობიერებენ და აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გერმანია რუსეთიდან წიაღისეული ენერგიის იმპორტზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს.
არსებული მონაცემებით, გერმანიას დაახლოებით 45 გიგავატი ქვანახშირის სიმძლავრე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი გამორთულია, ნაწილი, ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეზერვებში ინახება. ორი კვირის წინ ჰაბეკმა ქვანახშირის სტრატეგიული რეზერვების შექმნაც დააანონსა, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ზამთარში, 30 დღის განმავლობაში, ელექტროსადგურების მუშაობას მიწოდების გარეშე განაპირობებს.
გერმანია, 2035 წლამდე, ენერგიის 100%-ის განახლებადი წყაროებიდან მიღებას გეგმავს
გერმანია ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად განიხილავს მწვანე გეგმების დაჩქარებას და ახლა უკვე 2035 წლამდე ელექტროენერგიის 100%-ით განახლებადი წყაროებიდან მიღებას ისახავს მიზნად.
ევროპის წამყვანი ეკონომიკა დასავლეთის სხვა ქვეყნების მხრიდან განიცდის სერიოზულ ზეწოლას, რათა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შეამციროს. თუმცა გერმანიას, რომელიც 2022 წლის ბოლოსთვის ატომური ელექტროსადგურების სრულად დახურვას და 2030 წლისთვის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ეტაპობრივ გაუქმებასაც გეგმავს, ალტერნატივების არცთუ ისე დიდი რაოდენობაღა დარჩა.
გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის განახლებადი ენერგიის წყაროების აქტში შესატანად ცვლილება უკვე მზადაა. ცვლილების თანახმად, 2030 წლამდე ქვეყნის სრულ ელექტროენერგიაში 80%-იან წილს ქარის ან მზის ენერგია დაიკავებს.
გერმანიის პროგნოზით, 2030 წლამდე ხმელეთზე ქარის ენერგიის სიმძლავრე გაორმაგდება და 110 გიგავატს მიაღწევს, ოფშორული ქარის ენერგია კი 30 გიგავატამდე გაიზრდება, რაც ათი ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრეს უდრის. გარდა ამისა, ახალი გეგმის თანახმად მზის ენერგიის გასამმაგებაც იგეგმება, რაც მიზნობრივი თარიღისთვის 200 გვტ-მდე ენერგიას გამოიმუშავებს.
ესპანეთს ევროკავშირის ბუნებრივი აირის ჰაბად ქცევის პოტენციალი აქვს
ესპანეთს, რომელიც ევროკავშირში რეგაზიფიკაციის ყველაზე დიდი მოცულობის საცავითა და სიმძლავრით გამოირჩევა, რუსეთის ჩანაცვლება და რეგიონის ბუნებრივი აირის ჰაბად გადაქცევაც კი შეუძლია. თუმცა მისი შეზღუდული ურთიერთკავშირი დანარჩენ კონტინენტებთან კვლაც პრობლემურ საკითხად რჩება.
Gas Infrastructure Europe-ის (GIP) მონაცემებით, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ესპანეთზე თხევადი ბუნებრივი აირის სასაწყობო ტევადობის მესამედზე მეტი, 35% მოდის. ევროპის ბუნებრივი აირის ოპერატორთა ასოციაციის სტატისტიკა ჯამში 26 ქვეყნიდან 67 კომპანიას აერთიანებს. 3.31 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით ესპანეთი პირველ ადგილს იკავებს, მას მოჰყვება გაერთიანებული სამეფო 22%-ით (2.09 მილიონი) და საფრანგეთი 14% (1.35 მილიონი).
ესპანეთი ასევე ლიდერია რეგაზიფიკაციის სიმძლავრის მხრივ, რაც საშუალებას აძლევს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულ კრიზისს იმაზე მეტი გარანტიით გაუმკლავდეს, ვიდრე ამას ევროკავშირის სხვა წევრები, სულ მცირე, მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით მოახერხებდნენ. გარდა შენახვისა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობისა, ესპანეთი ალჟირისგან იღებს გაზის მიწოდების 90%-ს, რაც შესაძლოა, ქვეყანას დაეხმაროს გახდეს მთავარი ალტერნატივა ევროპისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გაზსადენ Midcat-ის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით ხმები გავრცელდა. Midcat-ი საფრანგეთთან გაზის ურთიერთკავშირის ახალი პროექტია, რომელიც ესპანური და ფრანგული მარეგულირებლების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
ქვეყნებმა პლასტიკური ნარჩენების შესახებ პირველი გლობალური ხელშეკრულება შეიმუშავეს
პლასტიკური ნარჩენებისგან გამოწვეული კრიზისის შესაჩერებლად, მსოფლიომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 175 ქვეყნის წარმომადგენლები ერთხმად შეთანხმდნენ მსოფლიოში პირველი გლობალური ხელშეკრულების შემუშავებაზე, რომელიც პლასტმასის ნარჩენების შეზღუდვას შეუწყობს ხელს.
გაეროს თქმით, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმების შემუშავება, რომელიც ეხება „პლასტმასის სრულ სასიცოცხლო ციკლს“, მისი წარმოებიდან – გამოყენებამდე. ინგერ ანდერსენმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეზოლუციას “ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი მრავალმხრივი შეთანხმება” უწოდა, პარიზის შეთანხმების შემდეგ.
გაეროს ინფორმაციით, 1950 წელს წარმოებული 2 მილიონი ტონიდან, პლასტმასის გავრცელება, 2017 წლის მონაცემებით, რეკორდულ 400 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ყოველწლიურად 12 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასის ნარჩენი მიედინება მსოფლიო ოკეანეებში, რაც 2040 წლისთვის შესაძლოა, გასამმაგდეს. გარდა ამისა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის 2021 წლის შეფასებით, მსოფლიოში პლასტმასის 10 პროცენტზე ნაკლები გადამუშავდა.
გაეროს თქმით, ხელშეკრულება არა მხოლოდ შეზღუდავს პლასტმასით დაბინძურებას, არამედ შეამცირებს სათბური გაზების გამოყოფას, რაც დაკავშირებულია მასალის წარმოებასთან, რადგან პლასტმასა წიაღისეული საწვავისგან მზადდება.
სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის აშშ-მა ემისიების ახალი სტანდარტები შეიმუშავა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების ემისიებისთვის ახალი, უფრო მკაცრი სტანდარტები შეიმუშავა, რომლებიც 2027 წლიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, აშშ-ის განცხადებით, დამატებით $1.4 მილიარდი მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოებაზე დაიხარჯება.
ახალი სტანდარტების შესაბამისად, ბენზინისა და დიზელის მძიმე მანქანებისთვის აზოტის ოქსიდებზე, რომელიც ჭვარტლისა და კვამლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება. გარდა ამისა, 2030 წლიდან სათბური გაზების ახალი სტანდარტებიც დაინერგება.
შეზღუდვები გავრცელდება 2027 წლიდან წარმოებულ ახალ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც მოიცავს სასკოლო და სატრანზიტო ავტობუსებს, კომერციული მიწოდების სატვირთო მანქანებსა და მოკლე მანძილის ტრაქტორებს. EPA-ს შეფასებით, ახალი სტანდარტებით 2045 წლისთვის სიკვდილის 2.300 შემთხვევის თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი.
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის განცხადებით კი დამატებით $1.4 მილიარდი, ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონით გასულ წელს მიღებული დაფინანსებისგან, გამოიყოფა შტატებისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის აშშ-ში წარმოებული ელექტროსატრანზიტო ავტობუსების შესაძენად. EPA კი დაბალი ემისიებისა და ელექტროავტობუსების შესასყიდად $17-მილიონიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
ტეხასში მსოფლიოში უდიდესი მწვანე წყალბადის ჰაბი, Hydrogen City, იხსნება
ტეხასში 2026 წლისთვის მსოფლიოში უდიდესი მწვანე წყალბადის ჰაბის, Hydrogen City-ის გახსნა იგეგმება. Hydrogen City 60-გიგავატ ქარისა და მზის ენერგიას წელიწადში 2.4 მილიონი ტონა მწვანე წყალბადის საწარმოებლად გამოიყენებს.
Green Hydrogen International-ის (GHI) პროექტი ეტაპობრივად აშენდება. მშენებლობის პირველი ფაზა სავარაუდოდ 2026 წელს დასრულდება, რაც 2 გიგავატი მწვანე ენერგიის წარმოებასა და 2 შემნახველი კავერნის შექმნას ითვალისწინებს. მომავალში ტერიტორიაზე დამატებით 50 კავერნაც შეიქმნება, რომლებიც ჯამში 6 ტვტ/სთ ენერგიას გააერთიანებს.
კავერნები პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ენერგიის წყვეტილ წარმოებაზე ბუფერულად მოქმედებს. მზისა და ქარის რესურსებს წყალბადის ელექტროლიზატორების მომარაგება შეუძლიათ, თუმცა ბუფერული შენახვა, ისევე როგორც ERCOT-ის ქსელის საშუალებით სხვა განახლებად ენერგიაზე წვდომა, მომხმარებლისთვის მუდმივ მიწოდებას განაპირობებს.
Green Hydrogen International-ს მსოფლიოში უდიდესი წყალბადის ჰაბის შექმნასთან ერთად სხვა გეგმებიც აქვს, რაც მილსადენების აშენებასა და იაპონიასა და კორეაში ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობებს მოიცავს. გარდა ამისა, GHI-ს სამხრეთ ტეხასის გარშემო მდგრადი მწვანე მეთანის სარაკეტო საწვავის პროექტების წარმოებაც სურს.
IEA: ენერგეტიკული CO2 ემისიები 2021 წელს რეკორდულად გაიზარდა
კორონავირუსის პანდემიისგან ეკონომიკური აღდგენისა და ქვანახშირის მოხმარების ზრდის პარალელურად, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის ემისიები, გასულ წელს რეკორდულად გაიზარდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, გლობალური ენერგეტიკული ემისიები 2021 წელს 6%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს, 36.3 მილიარდ ტონას გაუტოლდა.
გასულ წელს გლობალური CO2-ის ზრდაში ყველაზე დიდი წილი (40%) ქვანახშირმა დაიკავა და ისტორიულად უმაღლეს ნიშნულს, 15.3 მილიარდ ტონას მიაღწია. ბუნებრივი აირის ემისიებიც მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის დონეს, 7.5 მილიარდ ტონამდე.
IEA-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთი ერთადერთი წამყვანი ეკონომიკა აღმოჩნდა, რომელმაც 2020 და 2021 წლებში ზრდა განიცადა და ემისიების მატებაშიც ყველაზე დიდი, 33%-იანი წილი მოიპოვა. ელექტროენერგიის წარმოებისთვის ქვანახშირის მოხმარების ზრდამ კი CO2-ის ემისიების მატება ინდოეთის ტერიტორიაზეც გამოიწვია.
ბუნებრივი აირიდან ქვანახშირზე გადართვის გამო, CO2-ის გამონაბოლქვი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რეგიონში, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირის ელექტროსადგურებს შორის დაძაბული კონკურენციის ფონზე, 100 მილიონ ტონაზე მეტით გაიზარდა. IEA-ის მონაცემებით, აშშ-ში CO2-ის ემისიები 2019 წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში 2.4%-ით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.