გასულ კვირას შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, სადაც, რიგ საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში კლიმატური კრიზისიც მოექცა. თუმცა ეკოაქტივისტების კრიტიკა ფორუმზე დამსწრეთა შორის ნავთობკომპანიების წარმომადგენელთა დიდმა რაოდენობამ დაიმსახურა, რის გამოც ენერგოგიგანტები მათ ფორუმის „გატაცებაშიც“ კი დაადანაშაულეს. კრიტიკოსთა შორის იყო გერმანიაში საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაკავებული ცნობილი შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც კლიმატური საკითხების განსახილველად ახლა უკვე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელს ფატიჰ ბოილს შეხვდება.
გასული კვირის მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო გერმანელი მკვლევრების ანგარიში, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი 1,000 წლის განმავლობაში გრენლანდიის ყინულის საფარის ტემპერატურამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მეცნიერები მსოფლიოს ყინულის დნობის შემთხვევაში ზღვის დონის მატების შესახებ აფრთხილებენ, რაც სანაპირო თემებისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვან საფრთხედ გადაიქცეს.
გრენლანდიის ყინულის საფარის ტემპერატურა უკანასკნელი 1,000 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია
ახალი ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი 1,000 წლის განმავლობაში გრენლანდიის ყინულის საფარის ტემპერატურამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მეცნიერთა გაფრთხილებით, ყინულის დნობამ შესაძლოა, ზღვის დონის მატება გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას სანაპირო თემებს მთელ მსოფლიოში.
გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მკვლევრებს გრენლანდიის ყინულის მასიური ფენის 1,000 წლის წინანდელი ტემპერატურის დასადგენად, მისი ბირთვის 100 ფუტ სიღრმეზე გაბურღვა მოუწიათ. როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, 2001-დან 2011 წლამდე გრენლანდიის ყინული საშუალოდ 1.7 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე 1961-1990 წლებში და 1,5 გრადუსით უფრო თბილი, ვიდრე მე-20 საუკუნის განმავლობაში.
მკვლევრები გრენლანდიის ტემპერატურის „ბოლოდროინდელ ექსტრემალურ“ მატებას ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გლობალურ დათბობას უკავშირებენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ 1,800 წლიდან კუნძულის დათბობის ტემპი შედარებით უფრო ნელა მიმდინარეობს. ყინულის დათბობაზე სავარაუდოდ თბილი ამინდის პერიოდებმაც იმოქმედა, რომელიც გამოწვეულია ე.წ. „გრენლანდიის ბლოკირების“ ფენომენით – მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც მაღალი წნევის სისტემებს გრენლანდიის თავზე ტოვებს და თბილ ჰაერს ჩრდილოეთისკენ უბიძგებს.
ანტარქტიდა და გრენლანდია ზღვის დონის მატებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, ამასთან ერთად კი ორივე მათგანი დედამიწის ზედაპირზე მტკნარი წყლის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს. მეცნიერების აზრით, ანტარქტიდისა და გრენლანდიის მყინვარები, ალასკასთან, ნეპალთან, ალპებთან და ციმბირის არქტიკულ მყინვარებთან ერთად, ყველაზე დიდ წვლილს შეიტანენ ზღვის დონის მატებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატური ცვლილებების სამთავრობოთაშორისო პანელის ცნობით, გრენლანდიის ყინულის სრულად დადნობამ შესაძლოა, მსოფლიო ოკეანეების დონე დაახლოებით შვიდი მეტრით გაზარდოს. მსგავსი მატება კი დამანგრეველი იქნება სანაპირო თემებისთვის, რომელთაც უკვე უწევთ ზღვის დონის მატებასა და გაძლიერებულ ქარიშხლებთან გამკლავება.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე: გრეტა ტუნბერგი VS ნავთობის ინდუსტრია
შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა გლობალურ ენერგეტიკულ ინდუსტრიასა და მის ფინანსისტებს წიაღისეული საწვავის განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების შეჩერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ტუნბერგსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელს შორის შეხვედრაც დაინიშნა.
მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიურ ფორუმზე ეკოაქტივისტებმა აღმასრულებელ დირექტორებს „cease and desist“-წერილი წარუდგინეს და ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის მოპოვების შეჩერება მოსთხოვეს. ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიამ კი, რომელსაც კლიმატის დამცველი აქტივისტები დავოსის ფორუმის მითვისებაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რომ ინდუსტრია ნაწილია ენერგეტიკული ტრანზიციის, რადგან წიაღისეულ საწვავს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავია.
გრეტა ტუნბერგს კლიმატურ კრიზისთან ბრძოლისთვის საჭირო საკითხების განსახილველად ეკვადორიდან ელენა გუალინგა, უგანდიდან ვანესა ნაკატე და გერმანიიდან ლუიზა ნოიბაუერი შეუერთდნენ. ტუნბერგი IEA-ს ხელმძღვანელ ფატიჰ ბოილს სწორედ მათთან ერთად შეხვდება. თავად შვედი აქტივისტი ამ კვირის დასაწყისში გერმანიაში, ქვანახშირის მაღაროსთან გამართული აქციის მსვლელობისას დააკავეს.
„გუშინ მე ვიყავი იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც გერმანიაში მშვიდობიანად აპროტესტებდა ქვანახშირის მაღაროს გაფართოებით სამუშაოებს. პოლიციამ დაგვაკავა, თუმცა მალევე გაგვათავისუფლეს. კლიმატის დაცვა არ არის დანაშაული“, – წერს ტუნბერგი ტვიტერზე. ტუნბერგის განცხადებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი დავოსში გამოეხმაურა. ალ გორმა გერმანიაში ტუნბერგის საპროტესტო გამოსვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კლიმატური კრიზისი იმაზე სწრაფად მწვავდება, ვიდრე მსოფლიო მას ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ ტუნბერგი დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 2020 წლის იანვარშიც დაესწრო, როდესაც მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
კლიმატის ცვლილება დავოსის 2023 წლის ფორუმის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. თუმცა ფორუმზე ნავთობკომპანიების მონაწილეობა უკვე გახდა ეკოაქტივისტების კრიტიკის საგანი. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მიმდინარე ფორუმზე დამსწრეთა შორის არიან BP-ის, Chevron-ის, Occidental Petroleum Corp-ისა და Saudi Aramco-ს წარმომადგენლები.
იაპონური ქალაქი თოვლით ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობს
მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი ტიპის ენერგოდეფიციტის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის ქალაქ აომორში მომუშავე მკვლევრებმა თოვლის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება გადაწყვიტეს. აომორი, რომელიც ტოკიოს ჩრდილოეთით, 715 კილომეტრში მდებარეობს, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უხვთოვლიან ტერიტორიად მიიჩნევა, სადაც თოვლის საფარი 7-8 მეტრს აღწევს.
აომორის IT-სტარტაპ Forte-სა და ტოკიოს ელექტროკომუნიკაციების უნივერსიტეტის გეგმა საკმაოდ ამბიციური და მიმზიდველია, თუმცა დიდ დროს, რესურსებსა და ფინანსებს მოითხოვს. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თოვლის დიდი რაოდენობა, რომელიც აომორში ყოველწლიურად მოდის, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სუფთა და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. The Japan Times-ის ინფორმაციით, ჯგუფმა იდეის გამოცდა მიტოვებული სკოლის შენობის საცურაო აუზში უკვე დაიწყო.
კვლევის პროცესში, ელექტროენერგიის მწარმოებელი ტურბინის ასამუშავებლად, იაპონელი მეცნიერები თოვლის დიდი რაოდენობისა და ღია სივრცის ჰაერის გამოყენებას გეგმავენ, რომელსაც მზისგან გარკვეული სითბოს მიღების ხარჯზე უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს, ვიდრე თოვლის გარშემო არსებულ ჰაერს. ტურბინის შიგნით არსებული გამაგრილებელი სითხისთვის ცივი ჰაერისა (შენახული თოვლიდან) და ცხელი ჰაერის (გარედან) მისაწოდებლად, მკვლევრები სითბოს მილებს გამოიყენებენ. ცივ და ცხელ ჰაერს შორის ტემპერატურული სხვაობა ტურბინის გამაგრილებელში კონვექციის ნაკადს გაზრდის და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ავტორების მტკიცებით, თოვლის დახმარებით ელექტროენერგიის მიღება მზის ელექტროსადგურებისგან ენერგიის გამომუშავების მსგავსი ეფექტიანობით გამოირჩევა, თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა ბევრად ეკონომიურ მეთოდადაც ჩაითვალოს. სისტემის ეფექტიანობა ასევე დამოკიდებულია ტემპერატურის სხვაობის ფაქტორზე – რაც უფრო დიდია სხვაობა, მით მეტია ელექტროენერგიის გამომუშავების ეფექტიანობაც.
ახალი მიდგომა შესაძლოა სასარგებლო იყოს ევროპის მრავალი ქვეყნისთვისაც, რომლებიც, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. მსგავსი ქვეყნების უმეტესობაში თოვლის დეფიციტი არ შეინიშნება, რაც მათ რესურსის სუფთა ენერგიის წარმოებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევთ.
Danone 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირებას გეგმავს
მსოფლიოში რძის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Danone-ი 2030 წლისთვის კომპანიის მიწოდების ჯაჭვიდან მეთანის ემისიების 30%-ით შემცირებას გეგმავს. Danone-ი დასახული მიზნის მიღწევას ფერმერებთან, სხვა კომპანიებთან და მთავრობებთან რეგენერაციულ პრაქტიკაზე მუშაობით შეეცდება.
მეთანის ემისიები გლობალური კლიმატისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედაა ქცეული, რომლის შესაჩერებლადაც მეცნიერები და ეკოაქტივისტები ბრძოლის გაძლიერებას ითხოვენ. გაეროს 2021 წლის კლიმატის სამიტზე ასზე მეტმა ქვეყანამ, 2030 წლისთვის, მეთანის ემისიების 2020 წლის დონესთან შედარებით 30%-ით შემცირების პირობა დადო. თუმცა შეთანხმების მიღწევის შემდგომ მხოლოდ სახელმწიფოთა ნაწილმა შეიმუშავა აშკარა გეგმა მიზნის სისრულეში მოსაყვანად.
Danone-ი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობს 58,000 ფერმერთან ოც ქვეყანაში, ათწლეულის ბოლომდე 1.2 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტის მეთანის ემისიის შემცირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 2018-დან 2020 წლამდე ფრანგულმა კომპანიამ მეთანის გამონაბოლქვი დაახლოებით 14%-ით უკვე შეამცირა.
Danone-მა მიმდინარე წელს ოთხი ახალი ინიციატივის წამოწყებაც დააანონსა, რაც მეთანის ემისიებს აფრიკის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიებზე შეამცირებს. ამავდროულად კომპანია აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემოს დაცვის ფონდთან“ იწყებს თანამშრომლობას და აგრძელებს მუშაობას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ „კლიმატნეიტრალური ფერმების“ პროექტთან.
ატმოსფეროში მეთანის დაახლოებით 60% სამრეწველო წყაროებიდან, მათ შორის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებიდან, საბურღი ობიექტებიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან და ნაგავსაყრელიდან წარმოიქმნება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის წარმოება ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული მეთანის ემისიების დაახლოებით 8%-ს წარმოადგენს, ხოლო აგრარულ სფეროზე საერთო ჯამში მეთანის გლობალური ემისიების თითქმის 40% მოდის.
ზამბიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მზისგან ენერგიის წარმოებისთვის $2-მილიარდიანი პაქტი გაფორმდა
ზამბიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მზისგან ენერგიის წარმოების განვითარებისთვის $2 მილიარდის ღირებულების პაქტი გაფორმდა. შეთანხმება, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოში რამდენიმე ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ქვეყანაში მზის ენერგიის გამომუშავებას სავარაუდოდ არსებული დონის ნახევრით გაზრდის.
ელექტროსადგური, რომელიც ზამბიის სახელმწიფო ენერგოკომპანია Zesco-სა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგოკომპანია Masdar-ის ერთობლივ საკუთრებაშია, 2,000 მეგავატი სიმძლავრის მზის ენერგიის პროექტების განვითარებას გეგმავს. ინფორმაციას ზამბიის პრეზიდენტი ჰაკაინდე ჰიჩილემა საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
როგორც ჰიჩილემას განცხადებით ირკვევა, ელექტროსადგურების მშენებლობა ეტაპობრივად, 500-მეგავატიანი სიმძლავრის დამონტაჟებით განხორციელდება. „ეს არ არის სესხი, ეს არის კაპიტალის ინიექცია, რომლის პარტნიორებიც Zesco-ს საშუალებით, ზამბიის მცხოვრებლები იქნებიან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზამბიის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრე 3,500 მეგავატს უტოლდება. ცნობისთვის, ზამბია კარიბას ტბაში წყლის დონის ვარდნის შემდეგ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გადანაწილების სისტემით ახორციელებს. ჰიდროენერგეტიკული სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ქვეყნის ელექტროენერგიის სრული გამომუშავების 75%-ზე მეტს შეადგენს.
ნულოვანი ემისიის მიღწევა გლობალურ ეკონომიკას 2050 წლისთვის $10.3 ტრილიონს შემატებს
Arup-ისა და Oxford Economics-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, წმინდა ნულოვან ემისიაზე გადასვლით 2050 წლისთვის $10.3 ტრილიონის ღირებულების ახალი ინდუსტრიები შეიქმნება. ეკონომიკური სარგებელი „მოიცავს პირდაპირ წვლილს მშპ-ში“, ელექტრომანქანების წარმოების, განახლებადი ენერგიის გამომუშავების, სუფთა ენერგიის აღჭურვილობის წარმოების, განახლებადი საწვავისა და მწვანე ფინანსების ხარჯზე.
„წლების გასვლასთან ერთად, კლიმატური მდგომარეობა ჩვენი პლანეტისთვის სულ უფრო საგანგაშო ხდება, თუმცა გლობალური დათბობა მის დასაძლევად საჭირო ტექნოლოგიებისა და ცოდნის განვითარების საშუალებას იძლევა“, ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში. გარემოსა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გლობალური დათბობის დამანგრევლად მავნე ზემოქმედების აცილების შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკა ბევრად უფრო მდგრადი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატურ კრიზისთან ბრძოლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, 2050 წლისთვის მდგრად გარემოზე გადასვლა უზარმაზარ შესაძლებლობებს შექმნის გლობალური ეკონომიკისთვის. Arup-ისა და Oxford Economics-ის ანგარიში ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ შესაძლებლობების სამ ძირითად საყრდენსაც გამოავლენს.
„პირველ რიგში, ცვლილებები, რომლებიც წარმოიქმნა სუფთა ენერგიაზე გადასვლით, ყველა ინდუსტრიის მასშტაბით შექმნის კონკურენტუნარიანობის მეტ შესაძლებლობას.
აქვე აუცილებელია, გამოვყოთ ახალი ხუთი უმსხვილესი მწვანე ბაზარი, რომლებიც ნახშირბადნეიტრალური პროდუქტებისა და სერვისებისათვის შეიქმნება.
საბოლოოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტის თვითკმარ და მწვანე გზაზე დაყენება თავისთავად მოიცავს პროდუქტიულობის ზრდის მნიშვნელოვან სარგებელს და პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს გარემოზე, რომელიც კლიმატური ცვლილებით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას განიცდის“.