გასულ კვირას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის პროგნოზითაც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში განახლებადი ენერგია მსოფლიოში ელექტროენერგიის მთავარი წყარო გახდება. IEA-ის ანგარიშით, 2025 წლისთვის გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის 35%-ს განახლებადი ენერგიის წყაროები დააკმაყოფილებს. განახლებადი ენერგიის ზრდის პარალელურად კი ევროკავშირის ლიდერები მწვანე ტექნოლოგიების სფეროში რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდას აქტიურად ცდილობენ და ამ მიზნის მისაღწევად მწვანე ინდუსტრიისთვის „მიზანმიმართულ, დროებით და პროპორციულ“ მხარდაჭერაზეც შეთანხმდნენ.
გასულ კვირის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ბრიტანულ ნავთობგიგანტ Shell-ს ეხება, რომლის დირექტორთა საბჭოს კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული რისკების არასათანადო მართვის გამო უჩივიან. აღნიშნული საქმე მსოფლიოში პირველი პერსონალური „კლიმატური“ სარჩელია, რომლის თანახმად, ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესის მოუმზადებლობისთვის პასუხისმგებლობა უშუალოდ კორპორაციულ დირექტორებს ეკისრებათ.
Shell-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი პერსონალური „კლიმატური“ სარჩელი წარადგინეს
ბრიტანული ნავთობგიგანტ Shell-ის დირექტორთა საბჭოს კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული რისკების არასათანადო მართვის გამო პირადად უჩივიან. სარჩელის თანახმად, კომპანიის თერთმეტმა დირექტორმა დაარღვია კანონიერი მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია „გაერთიანებული სამეფოს კომპანიების აქტის“ მიერ, რადგან კომპანიის კლიმატური სტრატეგია პარიზის შეთანხმებას არ შეესაბამება.
სარჩელი გარემოსდაცვითი იურიდიული საქველმოქმედო ორგანიზაცია ClientEarth-ს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სარჩელი პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, რომელიც ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესის მოუმზადებლობისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ კორპორაციულ დირექტორებს აკისრებს. „დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა არათუ გარდაუვალია, ის უკვე მიმდინარეობს კიდეც“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ClientEarth-ის წამყვანი იურისტის პოლ ბენსონის მტკიცებით, Shell-ი ჯიუტად განაგრძობს თავის გარდამავალ სტრატეგიას, რომელიც „ძირითადად ხარვეზებითაა სავსე“. მისივე განცხადებით, ეს სტრატეგია სამომავლოდ კომპანიის წარმატებას შეუქმნის საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ რისკების მართვა საბჭოს კანონიერ მოვალეობაში შედის.
ClientEarth-მა მსოფლიოში პირველი მსგავსი ტიპის კლიმატის სარჩელი ინგლისისა და უელსის უმაღლეს სასამართლოში, აქციონერის სტატუსით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ სარჩელმა ინსტიტუციური ინვესტორებისა და საპენსიო ფონდის მხარდაჭერაც მოიპოვა, რომლებიც Shell-ის შვიდი მილიარდი აქციიდან კოლექტიურად 12 მილიონ აქციას ფლობენ. ინვესტორებს შორისაა ისეთი საპენსიო ფონდები, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს Nest-ი და London CIV-ი, მათთან ერთად კი შვედეთის ეროვნული საპენსიო ფონდი AP3.
ClientEarth-მა კომპანიის დირექტორთა საბჭო შესაძლო სარჩელის შესახებ ჯერ კიდევ შარშან, მათთვის მიწერილი წერილით გააფრთხილა. ორგანიზაციის განცხადებით, სარჩელი Shell-ის ინტერესებს იცავს, რადგან „ეკონომიკის წიაღისეული საწვავიდან ჩამოშორება გარდაუვალია“.
მოსარჩელეთა განცხადებით, სარჩელი ინვესტორთა ინტერესებშიც შედის. „ინვესტორებს სურთ ქმედებები, რომლებიც კლიმატის ცვლილებების რისკებს შეესაბამება და დაუპირისპირდებიან მათ, ვინც საკმარისს არ გააკეთებს თავისი ბიზნესის გარდაქმნისთვის“, – აღნიშნა Nest-ის წამყვანმა საინვესტიციო ოფიცერმა მარკ ფოსეტმა და იმედი გამოთქვა, რომ არსებულ მდგომარეობას სრულად ენერგეტიკული ინდუსტრია გაითვალისწინებს.
ბრიტანული ენერგოგიგანტის განცხადებით, მისი „ენერგეტიკული ტრანზიციის გეგმა“, მათ შორის 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიზანი, შეესაბამება პარიზის შეთანხმებას ტემპერატურული მატების 1.5°C-ზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით. 2030 წლისთვის ემისიების განახევრების გეგმით კი, Shell-ის განცხადებით, „ინდუსტრიის ლიდერია“.
მიუხედავად ამისა, ClientEarth-ის მტკიცებით, დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ დადგინდა, რომ Shell-ის კლიმატის სტრატეგია კომპანიის მთლიანი ემისიების 10%-ზე ნაკლებს მოიცავ, ამასთან ერთად კი შეუსაბამობაშია პარიზის შეთანხმებასთან. ორგანიზაცია სასამართლოსგან მოითხოვს, Shell-ს სტრატეგიის შემუშავება დაევალოს, რომელიც რისკებს სათანადოდ შეაფასებს და შეესაბამება ნიდერლანდების სასამართლოების 2021 წლის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ემისიების 45%-ით შემცირებასთან დაკავშირებით.
ანგარიში: 2025 წლისთვის განახლებადი ენერგია მსოფლიოში ელექტროენერგიის მთავარი წყარო გახდება
უახლესი მონაცემები ამტკიცებს, რომ განახლებადი ენერგია მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოში ელექტროენერგიის მთავარი წყარო გახდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, „ელექტროენერგიის ბაზრის 2023 წლის ანგარიშის“ თანახმად, 2025 წლისთვის ახალი მოთხოვნის დაახლოებით 90%-ს სუფთა ენერგიის წყაროები, მათ შორის მზის, ქარისა და ბირთვული ენერგია უზრუნველყოფს.
წარმოების მსგავსი ზრდა მიუთითებს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში განახლებადი ენერგიის წყაროები მსოფლიო მასშტაბით ელექტროენერგიის უდიდეს წყაროდ იქცევა, რაც მსოფლიოს ელექტროენერგიის დაახლოებით 35%-ს უზრუნველყოფს და გადაასწრებს ქვანახშირს.
„მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება. თუმცა სასიხარულო ამავია, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ბირთვული ენერგიის გამომუშავება დამატებით მოთხოვნას თითქმის სრულად დააკმაყოფილებს“, – განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა.
არსებული მდგომარეობით, ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნის 36%-ს, შესაბამისად, წელიწადში დაახლოებით 10,325 ტერავატ/საათს, ქვანახშირი უზრუნველყოფს. შედეგად, ქვანახშირი მსოფლიოში ელექტროენერგიის უმსხვილესი წყაროა, რომელსაც მეორე ადგილით განახლებადი ენერგია (29%) მოჰყვება, შემდგომაა ბუნებრივი აირი (23%) და ბირთვული ენერგია (9%). თუმცა ეს ბალანსი მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეიცვლება.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლიდან 2025 წლამდე ელექტროენერგიაზე მთლიანი მოთხოვნა 9%-ით გაიზრდება. ზრდა ძირითადად ჩინეთზე, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები და მზარდი ელექტროფიკაცია ელექტროენერგიაზე უზარმაზარ მოთხოვნას წარმოქმნის.
მოთხოვნას კი უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წყაროები დააკმაყოფილებს, რომლებიც 2025 წლისთვის წელიწადში 10,799 ტერავატ/საათს, შესაბამისად, გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის 35%-ს გამოიმუშავებენ. მეორე ადგილზე გადაინაცვლებს ქვანახშირი, 33%-იანი წილით, შემდეგ იქნება ბუნებრივი აირი 21%-ით, ხოლო ბოლოს ბირთვული ენერგია, რომელიც ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 10%-ს უზრუნველყოფს.
ევროკავშირის ლიდერები მწვანე ინდუსტრიის მიზნობრივ, დროებით მხარდაჭერაზე თანხმდებიან
ევროკავშირის ლიდერები მწვანე ინდუსტრიისთვის „მიზანმიმართულ, დროებით და პროპორციულ“ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ევროპის, როგორც მწვანე ტექნოლოგიების საწარმოო ბაზრის მომავალს უზრუნველყოფს და დაეხმარება რეგიონს აშშ-ისა და ჩინეთის კონკურენციასთან გასამკლავებლად.
გასულ კვირას ევროკომისია განახლებად ენერგიაში, დეკარბონიზაციის ინდუსტრიაში, წყალბადსა და ნულოვანი ემისიის ავტომობილებში ინვესტიციებისთვის არსებული რეგულაციების შემსუბუქების ინიციატივით გამოვიდა. „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმაც“, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა, უმეტესწილად აშშ-ის „ინფლაციის შემცირების აქტის“ საპასუხოდ შემუშავდა.
ევროკავშირის ლიდერები შიშობენ, რომ „ინფლაციის შემცირების აქტით“ გათვალისწინებული $369 მილიარდის სუბსიდიები კომპანიებს ევროპის დატოვებისა და აშშ-ისკენ გადასვლისაკენ უბიძგებს. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის მოლაპარაკებებმა შესაძლოა შეზღუდოს დისკრიმინაცია ევროპაში დაფუძნებული კომპანიების მიმართ.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, მასობრივი წარმოების სუფთა ტექნოლოგიების გლობალური ბაზარი გასამმაგდება და 2030 წლისთვის წლიურად $650 მილიარდამდე გაიზრდება. ევროპას მოქმედება სურს, თუმცა მზის პანელების, ქარის ტურბინებისა და ავტომობილების ბატარეების ბაზარზე დომინანტი, ბაზრის წილის 50%-ზე მეტით, კვლავ ჩინეთია.
ევროკავშირი კი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მძლავრი კონკურენციის ფონზე, ცდილობს მწვანე ტექნოლოგიების „რბოლაში“ თავისი პოზიცია სტაბილურად შეინარჩუნოს. ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმის“ ფარგლებში, სუფთა ტექნოლოგიების კომპანიებს ევროპაში საწარმოო ობიექტების აშენება გამარტივებული წესებითა და სწრაფი ნებართვებით შეეძლებათ.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, შემუშავდება Net-Zero Industry Act-ი, რომელიც უფასო ნებართვებს შესთავაზებს ევროკავშირის კლიმატური მიზნებისთვის მნიშვნელოვან კომპანიებს. ევროკავშირისთვის საინტერესო შეთავაზებები შესაძლოა მოიცავდეს ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის განახლებადი წყალბადის საწარმოო ობიექტებსა და ბატარეების განვითარებას.
Goldman Sachs-ი ევროპაში ბიომეთანის წარმოების გასაზრდელად $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა ბიომეთანის ბიზნესი, სახელწოდებით Verdalia წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ევროპაში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ბიომეთანი წიაღისეულზე დაფუძნებული ბუნებრივი აირის ალტერნატივად მიიჩნევა და მნიშვნელოვანი როლი უკავია ევროკავშირის ემისიების შემცირების გეგმაში.
ევროკავშირს ბიოგაზისა და ბიომეთანის წარმოების ათჯერ გასაზრდელად, რათა 2030 წლისთვის წლიურად მიღებული ენერგიის სიმძლავრემ 370 ტერავატ/საათს მიაღწიოს, დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ინვესტიცია ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ Verdalia Bioenergy ინვესტირებას როგორც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ბიომეთანის პროექტებში, ასევე უკვე არსებულ აქტივებში განიხილავს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპის დეკარბონიზაციას და გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას.
Goldman Sachs Asset Management-მა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ბიომეთანის პროექტების პორტფელის შესყიდვის შესახებ, რომლის საერთო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 150 გიგავატ/საათია. „ჩვენ გვჯერა, რომ ბიომეთანი ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სეგმენტია ინფრასტრუქტურის ინვესტორებისთვის“, – განაცხადა მატეო ბოტო პოალამ, GSAM-ის ინფრასტრუქტურის ბიზნესის მმართველმა დირექტორმა.
ცნობისთვის, იმის გარდა, რომ ბიომეთანი ბუნებრივი აირის ალტერნატივად მიიჩნევა, მისი ტრანსპორტირებაც ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურითაა შესაძლებელი, თუმცა ემისიების მკვეთრად მცირე რაოდენობის წარმოქმნით. ევროპის ბიოგაზის ასოციაციის მონაცემებით, ბიომეთანისა და ბიოგაზის წარმოებამ უკვე შექმნა 210,000 „მწვანე“ სამუშაო ადგილი ევროპაში, მისი საშუალებით კი წლიურად 60 მილიონი ტონით ნაკლები სათბურის აირები გამოიყოფა.
აფრიკის კავშირი ხეების დარგვის პროექტის გაფართოებას გეგმავს
აფრიკის კავშირი პროგრამას აფართოებს, რომლის ფარგლებშიც, კონტინენტის მასშტაბით, დაახლოებით ერთი მილიონი ხის დარგვა იგეგმება. საინტერესოა, რომ აღნიშნული პროგრამა ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს, თუმცა დაარსების დღიდან მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია.
„დიდი მწვანე კედლის ინიციატივა“, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, მიზნად ისახავდა 100 მილიონ ჰექტარზე მეტი (ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრი) დეგრადირებული მიწის აღდგენასა და ოც ქვეყანაში 250 მილიონი ტონა ნახშირბადის ემისიის აღმოფხვრას. პროგრამის კოორდინატორ პოლ ტანგემის განცხადებით, კლიმატის ცვლილებები, მიგრაცია, დაფინანსების ნაკლებობა და კონფლიქტები არსებულ ტერიტორიებზე ხეების დარგვის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა, თუმცა ახალი ტექნოლოგიები და ფინანსური მექანიზმები ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
ტანგემის განცხადებით, თითქმის შეუძლებელია მუშაობა მალიში, ბურკინა-ფასოში, ნიგერიაში, ჩადში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოება ფაქტობრივად არ არსებობს, დაფინანსება კი ძირითადად ჰუმანიტარული დახმარებისკენაა მიმართული. სწორედ ამიტომ, აფრიკის კავშირი ისეთ ადგილებზე კონცენტრირებას გეგმავს, სადაც უსაფრთხოება შედარებით არსებობს და კონფლიქტის საშიშროებაც ნაკლებია.
ტანგემის ინფორმაციით, ამჟამად პროგრამა მოიცავს აფრიკის სამხრეთ ნაწილსაც, მათ შორის მადაგასკარს, ანგოლას, სამხრეთ აფრიკასა და ნამიბიას, რომლებიც ბოლო წლებში გვალვებითა და გაუდაბნოებით განსაკუთრებით დაზარალდნენ.
გაეროს 2020 წლის კვლევით, აფრიკის კავშირის პროგრამამ მის მიერ დასახული მიზნის მხოლოდ 20% შეასრულა, თუმცა, ტანგემის მტკიცებით, გეგმა მხოლოდ ხეების დარგვა არ ყოფილა. ინიციატივის ფარგლებში პარტნიორებისთვის პოლიტიკური პლატფორმაც შეიქმნა „გაუდაბნოებასა და ექსტრემალურ ამინდებთან ერთობლივი ძალებით საბრძოლველად“. „დიდი მწვანე კედლის ინიციატივის“ ღირებულება დაახლოებით $50 მილიარდადაა შეფასებული.
დაპირებების მიუხედავად, 2019-2021 წლებში, ერთჯერადი პლასტმასის წარმოება გაიზარდა
მკაცრი გლობალური რეგულაციების მიუხედავად, პლასტმასის წარმოება 2019-2021 წლებში წლიურად 6 მილიონი ტონით გაიზარდა. ერთჯერადი გამოყენების პლასტმასები მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი საფრთხეა. მდინარეებისა და ოკეანეების დაბინძურების პარალელურად, ერთჯერადი პლასტმასები წარმოების პროცესში სათბური აირის ემისიების დიდ რაოდენობას წარმოქმნის.
ავსტრალიის Minderoo Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული Plastic Waste Makers Index-ის თანახმად, ბოლო პერიოდში ზრდა შენელდა, თუმცა წიაღისეული საწვავის წყაროებიდან ერთჯერადი პლასტმასების წარმოება კვლავ პიკურ მაჩვენებელთან მიახლოებულია. აღსანიშნავია, რომ გლობალური ნავთობქიმიური კომპანიების სიის სათავეში, რომლებიც ერთჯერადი პლასტმასის წარმოებისთვის საჭირო პოლიმერს აწარმოებს, Exxon Mobil-ია, რომელსაც ჩინური Sinopec-ი მოჰყვება.
Sinopec-ი ლიდერია 2019-2027 წლების პერიოდში ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობით, რომელთა მოცულობაც, მოხსენების თანახმად, 5 მილიონ ტონაზე მეტია. Exxon Mobil-ი კი, დაახლოებით 4 მილიონი ტონა წარმოებით, რიგით მეორეა. აღსანიშნავია, რომ Sinopec-ი იყო პირველი ჩინური კომპანია, რომელიც შეუერთდა „ალიანსს პლასტიკური ნარჩენების აღმოსაფხვრელად“. მდგრადი პლასტმასის მხარდამჭერი კომპანიების გლობალური კოალიცია საკუთარ ბიოდეგრადირებადი პლასტმასის პროდუქტებსაც აწარმოებს.
2021 წელს წიაღისეული საწვავიდან მიღებული ერთჯერადი გამოყენების პლასტმასების წარმოება 137 მილიონ ტონას გაუტოლდა. Minderoo Foundation-ის კვლევით, წარმოება 2027 წლისთვის დამატებით კიდევ 17 მილიონი ტონით გაიზრდება.