გასული კვირა საავტომობილო სიახლეებით მეტად დატვირთული აღმოჩნდა. ინდუსტრიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდწილად დადებითი ტენდენციები შეინიშნება. მესამე კვარტალის დასასრულის მოახლოებასთან ერთად არსებული პრობლემები თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა აღმოფხვრა და საფინალო მეოთხე კვარტალში გადასასვლელად მოემზადა. საკუთარი გეგმები, საწარმოო ამოცანები თუ გაყიდვების პროგნოზები სწორედ ამ კვარტალში უნდა დაგვირგვინდეს. აქედან გამომდინარე, ახალი ავტომობილების წარდგენაც ხშირად ამ პერიოდს ემთხვევა ხოლმე. აღნიშნული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ კი ტრადიციულად Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში გესაუბრებით.
Ferrari-მ პირველი SUV-ი, $400 000-ის ღირებულების Purosangue წარადგინა
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა ბრენდმა Ferrari-მ საკუთარი პირველი SUV-ი, 400 000 აშშ დოლარის ღირებულების Purosangue წარადგინა. 12-ცილინდრიანი იტალიური სულის მქონე ავტომობილი სწორედ იმ ფენაზეა გათვლილი, ვისაც ელექტრომობილზე გადაჯდომის სურვილი ჯერჯერობით არა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ Ferrari პირდაპირ კონკურენტებს მდიდრული SUV-ის წარმოებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩა, ბრენდის რეპუტაციის წყალობით ავტომობილმა პოპულარობა დაანონსებიდან მალევე მოიპოვა. კომპანიის მარკეტინგისა და კომერციული საქმეების ხელმძღვანელის განცხადებით, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ბრენდის ისტორიაში რეკორდული იყო.
მიუხედავად მისი ზომისა და გაბარიტებისა, Ferrari-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბენედეტო ვინიას ავტომობილი სხვა კატეგორიაში გაჰყავს. ახალ Ferrari Purosangue-ს 310 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
საზოგადოების მხრიდან ახალი იტალიური ავტომობილის მიმართ გამოჩენილი ყურადღებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შიდაწვისძრავიანი სპორტული, სწრაფი ავტომობილებისადმი ინტერესი ჯერ სრულად არ გამქრალა. როგორც ჩანს, იტალიური ბრენდის გულშემატკივრები ელექტროძრავებს 12 ცილინდრის გამაყრუებელ ხმას ამჯობინებენ. Ferrari Purosagne-ზე დიდ იმედებს ამყარებს კომპანიის ხელმძღვანელობაც.
ბოლოდროინდელი SUV ტენდენციის პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლოა, აღნიშნული მოდელი იტალიური ავტომწარმოებლისათვის თამაშის შემცვლელი აღმოჩნდეს. SUV-ებით დაინტერესება, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, მსოფლიოში ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.
ჩინური Evergrande-ის ელექტრომობილების დანაყოფმა საკუთარი პირველი EV-ის წარმოება დაიწყო
გასულ კვირას ჩინური მრავალპროფილური კომპანიის Evergrande-ის ელექტრომობილების დანაყოფმა, ქვეყანაში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, საკუთარი პირველი EV მოდელის, Hengchi 5-ის მასობრივი წარმოება დაიწყო. Evergrande Group-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი ელექტრომობილების მიწოდება ოქტომბრიდან მოხდება.
მეორე მოდელის წარმოებას კომპანია 2023 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. რაც შეეხება მესამე მოდელს, ის წარმოებაში მომდევნო წლის ბოლოსთვის ჩაეშვება. შეგახსენებთ, ჩინეთი ელექტრომობილების ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს. შესაბამისად, არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბრენდებისათვის ის ნომერ პირველი პრიორიტეტია. თუმცა ადგილობრივ, ჩინურ კომპანიებთან, Geely-სთან, Nio-სთან, Evergrande-თან და BYD-სთან კონკურენცია დანახარჯების გამო ყველას უჭირს.
სწორედ ამიტომ, ჩინურ ბაზარზე ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებად, რეალურად, მხოლოდ ადგილობრივი მწარმოებლები მიიჩნევიან.
ცნობისათვის, Evergrande-ი სწორედ ის ჩინური კომპანია გახლავთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაკოტრებას გადაურჩა. საავტომობილო ინდუსტრია კომპანიისათვის ბოლო იმედს წარმოადგენს. კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მთავარ ფოკუსს უძრავი ქონებიდან საავტომობილო ინდუსტრიაზე გადაიტანენ.
კომპანიის განცხადებით, 2025 წლისთვის ყოველწლიურად 1 მილიონ ავტომობილს აწარმოებენ. Hengchi 5-ის ღირებულება კი მხოლოდ 25,500 აშშ დოლარი იქნება, რაც სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია.
გეოპოლიტიკური დაძაბულობების ფონზე Opel-მა ჩინეთში დაგეგმილი გაფართოება შეაჩერა
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი Opel-ი ჩინეთში დაგეგმილ გაფართოებას აჩერებს, მიზეზად კი გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Handelsblatt-ი ავრცელებს.
Opel-ის გადაწყვეტილება Handelblatt-თან კომპანიის სპიკერმაც დაადასტურა. თუმცა მან დამატებით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გარდა, გადაწყვეტილების მიზეზს ჩინეთის კოვიდსტრატეგია წარმოადგენს. მკაცრი პოლიტიკის გამო Opel-ისათვის ჩინეთის ბაზარზე ოპერირება, ისედაც კონკურენტულ პირობებში, რთული აღმოჩნდა.
ავტომოყვარულებისა და სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, დამატებით გარემოებას Opel-ის სამოდელო ბაზა წარმოადგენს. მათი განმარტებით, გერმანულ ავტომწარმოებელს ჩინეთის ბაზრის საჭიროებებისათვის მიმზიდველი ავტომობილი არ ჰყავს. ადგილობრივი ავტომწარმოებლები კი ბაზარზე დაბალი ფასებითა და საჭიროებებზე გათვლილი მოდელებით დომინირებენ.
SHELL-ის ახალი CEO უაელ სავანი იქნება
ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, ბრიტანული ენერგოგიგანტის, Shell-ის გენერალურმა დირექტორმა, ბენ ვან ბერდენმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
Shell-ის ახალი CEO უაელ სავანი იქნება. 48 წლის კანადელი ბიზნესმენი აქამდე კომპანიის განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
დირექტორთა საბჭოს მიერ სავანის არჩევა კომპანიის ძირითადი სტრატეგიის ცვლილებაზე მიუთითებს. მართალია, გარემოს დაბინძურებაში Shell-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის, მაგრამ კომპანიას ახლა უკვე მიზნად აქვს, რომ 2050 წლამდე ემისიები ნულამდე შეამციროს, ბიზნესმოდელი კი განახლებად ენერგიას მოარგოს.
„ჩვენ დისციპლინირებულები და ღირებულებებზე ორიენტირებულები ვიქნებით“, – განაცხადა უაელ სავანმა.
აღსანიშნავია, რომ ბენ ვან ბერდენი დირექტორის მოვალეობას 2023 წლის პირველ იანვრამდე შეასრულებს, მას შემდეგ კი ის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს.
Tesla 2022 წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს
გასულ კვირას გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla მომავალ წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი მიზანია, გაყიდვები ყოველ წელს გავაორმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ 2022 წელს 80 000 ერთეული ავტომობილი უნდა გავყიდოთ. მომდევნო წელს კი – ორჯერ მეტი“, – ციტირებს ჟურნალი ბერლინის გიგაქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს.
ცნობისათვის, 2021 წელს Tesla-მ გერმანიაში 39,714 ელექტრომობილი გაყიდა.
Ford-მა ახალი შიდაწვისძრავიანი Mustang-ი წარადგინა
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Ford-მა გასულ კვირას ახალი, 2024 წლის Ford Mustang-ი წარადგინა. ავტომობილის ხილვის შემდეგ, ავტომოყვარულთა აზრები ორად გაიყო. არ იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ ყველა ელექტრომუსტანგის წარდგენას ელოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ Ford-მა საწარმოო პოლიტიკა უკვე თითქმის სრულად შეცვალა და მრავალი ელექტრომოდელიც წარმოადგინა.
განსაკუთრებით გასაკვირი Ford-ის გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებითაა, რომ Mustang-ის ორი მთავარი კონკურენტი, Dodge-ი და Chevrolet-ი მომდევნო წლიდან Challanger-ისა და Camaro-ს შიდაწვისძრავიანი მოდელების წარმოებას წყვეტენ და ელექტრომოდელებს გამოუშვებენ.
როგორც ჩანს, Ford-ის გეგმები ელექტრომუსტანგთან მიმართებით მთლიანად Mach-E-სთან ასოცირდება. ამერიკული საკულტო ავტომობილის გაელექტროება კი ჯერ არ იგეგმება.
EV-ების წარმოების გასაზრდელად, GM-ი ლითონის სამჭედლო ქარხანაში $491 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
გასულ კვირას ამერიკული ავტომწარმოებლის, GM-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია ფოლადისა და ალუმინის ნაწილების წარმოების გასაზრდელად დამატებით $491 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. GM ამ გზით წარმოებულ ნაწილებს სამომავლოდ საკუთარი ავტომობილების დასამზადებლად გამოიყენებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტიციის უმეტესი ნაწილი ორი ახალი საწარმოო ხაზის აღჭურვას მოხმარდება. საწარმოს განახლებითი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება. ცნობისათვის, ინდიანის შტატში მდებარე GM-ის მეტალის წარმოების ცენტრი 1956 წლიდან არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას ისეთი მასალებით ამარაგებს, რომლებიც შემდეგ Chevrolet-ს, Buick-ის, GMC-ისა და Cadillac-ის დასამზადებლად გამოიყენება. ამჟამად ქარხანაში 750 ადამიანია დასაქმებული. თუმცა ინვესტიციის გაზრდის პირობებში მათი რიცხვიც გაიზრდება.