საავტომობილო ინდუსტრიის მნიშვნელობა ადამიანების ყოველდღიურობაში მუდმივად იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მომხმარებლების დაკვეთას მობილობის გაუმჯობესება და მეტი პრაქტიკულობა წარმოადგენს, ავტომწარმოებლები დღითიდღე ვითარდებიან. რთულია, შეუმჩნეველი დარჩეს სექტორის ლიდერების მცდელობა, სულ უფრო მეტად მოერგონ მომხმარებლების საჭიროებებს, მოახდინონ ბიზნესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია და გაზარდონ საკუთარი მნიშვნელობა ადამიანების ცხოვრებაში. ამ პროცესების წარმართვას კი ტრადიციულად უდიდესი ყურადღებით აკვირდება Forbes Georgia და მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ბოლო დროის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ სიახლეებს წარმოგიდგენთ.
ჩიპების დეფიციტის გამო Toyota მთლიანი წლის საწარმოო მიზანს შეამცირებს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონური ავტომწარმოებელი, Toyota Motor Corp-ი ნახევარგამტარების დეფიციტის გამო საკუთარ საწარმოო მიზანს შეამცირებს. თუმცა საინტერესოა, რომ გაყიდვებით მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულს არ გეგმავდა.
კომპანიის უწინდელი მიზანი ფისკალური წლის განმავლობაში 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოება იყო. თუმცა კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ფისკალური წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაგეგმილის შესრულება ვერ მოხერხდა.
მიუხედავად ამისა, Toyota-ს ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუ რამდენად შემცირდება დაგეგმილი საწარმოო მიზანი. თუმცა, Reuters-ის დათვლებით, ფისკალური წლის პირველ 5 თვეში კომპანიის წარმოება დაგეგმილთან შედარებით 6.7%-ით ნაკლები იყო.
საინტერესოა, რომ კომპანიას მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გასულ წელსაც მოუწია. თუმცა, სანაცვლოდ, 2021 წელს Toyota-მ საწარმოო მიზანი 3-ჯერ შეცვალა და საბოლოოდ, 2022 წლის 31 მარტს, ანუ ფისკალური წლის დასასრულს, 8.6 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოების შესახებ განაცხადა.
მიწოდების ჯაჭვის დასტაბილურების ფონზე, BMW-ს საწარმოო ხელმძღვანელი მარჟის გაზრდის შესაძლებლობას ხედავს
რამდენიმე დღის წინ ლაიფციგის საწარმოში მიცემული ინტერვიუსას, BMW-ს საწარმოო ხელმძღვანელმა მილან ნედელკოვიჩმა აღნიშნა, რომ მიწოდების ჯაჭვის ტემპების აღდგენისა და დასტაბილურების ფონზე, მომავალი წლიდან მოგების მარჟის გაზრდის შესაძლებლობა ხედავს.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, BMW-მ საკუთარი მოგების მარჟის პროგნოზი 8-10%-დან 7-9%-მდე შეამცირა. მოგეხსენებათ, მოგების მარჟის საკითხი ავტომწარმოებლებისათვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, ინდუსტრიაში არსებული პრობლემები მიწოდების ჯაჭვის, ნახევარგამტარების დეფიციტის, კოვიდრეგულაციებისა თუ საწარმოო ხარჯების სახით მოგების მარჟას კიდევ უფრო ამცირებს.
2025 წლისთვის ინდონეზიური სახელმწიფო კომპანიები მხოლოდ ელექტრომობილებს გამოიყენებენ
როგორც ჩანს, ინდონეზიის ხელისუფლება 2060 წლამდე ნულოვანი ემისიების მიღწევის გეგმას სერიოზულად ეკიდება. ამაზე მიუთითებს აღმოსავლეთაზიური ქვეყნის უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2025 წლისთვის ინდონეზიური სახელმწიფო კომპანიები მხოლოდ ელექტრომობილებს გამოიყენებენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა, რომ ინდონეზიის მთავრობა ავტობუსების სახელმწიფო ოპერატორების 3500-იანი ავტოპარკის ელექტრიფიკაციასაც გეგმავს.
„აუცილებელი არ არის, ყველა მანქანა შევიძინოთ – მათი ქირაობაც შეიძლება“, – განაცხადა ინდონეზიის სახელმწიფო კომპანიების მართვის მინისტრმა, ერიკ ტოჰირმა, რომელმაც დასძინა, რომ ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად კომპანიები სესხების აღებასაც შეძლებენ. „აღნიშნული მხოლოდ უფრო სუფთა ენერგიის წყაროსკენ სვლას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ დამატებითი გადასახადები არ დაგვეკისრება“. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში 41 სახელმწიფო კომპანიაა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, 2024 წლისთვის, ამ რიცხვის 37-მდე შემცირება სურს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ენერგომატარებლებთან დაკავშირებული ემისიების ერთი მეოთხედი ინდონეზიის სატრანსპორტო სექტორზე მოდის – ამ მხრივ, მას მხოლოდ ენერგეტიკის სექტორი უსწრებს. საინტერესოა, რომ ინდონეზიის მთავრობა ამ მიმართულებითაც მუშაობს – ქვეყნის უდიდესი ნავთობმწარმოებელი, Pertamina Persero, განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტს ავითარებს.
General Motors-ის საწარმოო ხაზს 2024 წლიდან კიდევ ერთი ახალი ელექტრომობილი, Sierra შეუერთდება
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, General Motors Co-ს ელექტროპიკაპების ოჯახს 2024 წლიდან GMC Sierra შეუერთდება. ელექტრომობილის პირველი ვერსია ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება და მისი ღირებულება 107,000 აშშ დოლარიდან დაიწყება.
ავტოექსპერტების მოსაზრებით, ახალი GMC Sierra კონკურენციას ისეთ ავტომობილებს გაუწევს, როგორიც Tesla-ს Cybertruck-ი, Rivian-ის R1T-ი და Ford Motor-ის F-150 Lightning ელექტროპიკაპები არიან.
საინტერესოა, რომ Chevrolet Silverado-ს მსგავსად, GMC Sierra-ც HUMMER-ის ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი. პირველ ვერსიას 754 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება და ის ერთი სრული დამუხტვით 650 კილომეტრს გაივლის.
რუსეთში Moskvich-ის წარმოებას Renault-ს ძველ საწარმოში დეკემბრიდან დაიწყებენ
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთი საბჭოეთის დროინდელი Moskvich-ის წარმოებას Renault-ს ძველ საწარმოში დეკემბრიდან განაახლებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა ავტომწარმოებელმა რუსული ბაზარი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო 6 თვის წინ დატოვა და საკუთარი ბიზნესაქტივები ადგილობრივ კომპანიებს მიჰყიდა.
გარდა ამისა, Renault-მ სახელმწიფოს მიჰყიდა Avtovaz-ში საკუთარი წილის უმეტესი ნაწილი, თუმცა 6 წლის ვადაში მისი უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა დაიტოვა. საინტერესოა, რომ იმავე სახელმწიფო ინსტიტუტმა რამდენიმე კვირის წინ Nissan-ის აქტივები სიმბოლურ ფასად იყიდა.
მოსკოვის მერის მიერ მაისში გავრცელებული ინფორმაციით, Moskvich-ის წარმოების განახლება ათასობით სამუშაო ადგილს გადაარჩენდა. ცნობისათვის, საბჭოეთის დროინდელი ავტომობილის წარმოება დაახლოებით 20 წლის წინ შეწყდა.
Moskvich-ის ახალი საწარმოს პროგნოზით, წელს 600 ავტომობილისა და 200-მდე ელექტრომობილის წარმოება მოესწრება. 2023 წელს კი ქარხანა 50,000 ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს.
მაისში Moskvich-ის საწარმოს ასამუშავებლად მოსკოვის მერიის ოფისმა და რუსული სატვირთოების მწარმოებელმა, Kamaz-მა 5 მილიარდი რუბლის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს.
Rolls-Royce-მა პირველი ელექტრომობილი, $413-ათასიანი Spectre-ი წარმოადგინა
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა თავისი პირველი ელექტრომობილი, სახელწოდებით Spectre-ი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ საჯარო წარდგენამდე, მას უკვე სამასზე მეტი მსურველი ჰყავდა ამერიკაში, – ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. როგორც ირკვევა, ზოგიერთმა მსურველმა ავტომობილი Rolls-Royce-ის სათავო ოფისში ნახა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც დეპოზიტი მანქანის უნახავად დატოვა.
Rolls-Royce-ის უახლესი, ორკარიანი ელექტრომობილი აღნიშნულ სექტორში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია – მისი საწყისი ფასი $413 ათასია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული თანხა თითქმის ყველა შემთხვევაში იზრდება, რადგან Rolls-Royce-ის ყველა ავტომობილი მომხმარებლის გემოვნებას და მოთხოვნებს ერგება.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე Spectre-ი მომავალ წელს 2023 წლის ბოლოს გამოჩნდება და მანამდე Rolls-Royce-ს კიდევ არაერთი ტესტის ჩატარება მოუწევს. თუმცა ავტომობილის შესახებ ზოგადი ინფორმაცია დღესაც ცნობილია – 0-დან 100-ს კმ/სთ-მდე აჩქარებას Spectre-ი ხუთ წამზე ნაკლებ დროში ახერხებს, ხოლო ელემენტის სრული დამუხტვით დაახლოებით 514 კილომეტრს გადის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Spectre-ი Rolls-Royce-ის პირველი ელექტრომობილია, მაგრამ კომპანია ერთი მოდელით შემოფარგვლას არ აპირებს, რადგან 2030 წლისთვის ბრიტანული კომპანიის ავტოპარკი სრულად ელექტრიფიცირებული იქნება. შეგახსენებთ, რომ გასული წელი Rolls-Royce-სთვის რეკორდულად წარმატებული აღმოჩნდა – ჯამში, ბრიტანულმა კომპანიამ 5586 მანქანა გაყიდა, რაც 49%-ით მეტია 2020 წლის მონაცემთან შედარებით.
გერმანიის მთავრობა ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6.3 მლრდ ევროს გამოყოფს
ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენი პუნქტების რაოდენობის გასაზრდელად, გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 6.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ცნობისათვის, ამჟამად გერმანიაში მხოლოდ 70,000 ასეთი პუნქტია, რომელთა რაოდენობაც 2030 წლისთვის 1 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
გერმანიის მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, პრიორიტეტი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიენიჭება. აღნიშნული არეალები ამჟამად ყველაზე მეტად განიცდის დამტენი პუნქტების ნაკლებობას.
საინტერესოა, რომ გერმანიის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანაში 15 მილიონი ელექტრომობილი მოძრაობდეს. ამჟამად მათი რაოდენობა მხოლოდ 1.5 მილიონს შეადგენს.