გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული კინოინდუსტრია აღმოჩნდა. Netflix-მა პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის, „Squid Game“-ის მეორე სეზონი, მოგვიანებით კი ამ სერიალით შთაგონებული რეალიტი შოუ დააანონსა, რომლის საპრიზო თანხაც $4.56 მილიონს შეადგენს. გარდა ამისა, ფილმ „Jurassic World: Dominion“-ის შემოსავალმა გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას 143.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. Pixar-ის ანიმაციური ფილმის, „Lightyear“-ის ჩვენება კი ლგბტ+ კონტენტის გამო 14-მა ქვეყანამ აკრძალა.

ამ ყოველივეს გარდა, ახლახან ცნობილმა ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობა დაასახელა, რომელთა შორის არაერთი არქიტექტურული ძეგლია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ჯეფ კუნსის $12.5 მილიონად შეფასებული ქანდაკება მიმდინარე თვეში Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად დაიხარჯება.

გასული კვირის კულტურის სფეროს მიმოხილვაში სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

Netflix-მა „Squid Game“-ის მეორე სეზონი ოფიციალურად დააანონსა

Netflix-მა პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის, „Squid Game“-ის მეორე სეზონი ოფიციალურად დააანონსა, თუმცა მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, სერიალის პირველი სეზონი ეკრანებზე 2021 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. ეს დიდწილად „Squid Game“-ის სიუჟეტმა განაპირობა – სერიალში ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანები საბავშვო თამაშებში გამარჯვებით ცდილობენ, დიდი მოცულობის თანხას დაეპატრონონ, რომელიც მათ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

„Squid Game“-ის ახალი სეზონის შესახებ გარკვეული დეტალები სერიალის სცენარისტმა და რეჟისორმა გააჟღერა. მისი განმარტებით, სერიალში რამდენიმე პერსონაჟი დაბრუნდება. ასევე გამოჩნდებიან ახალი ფიქციური პერსონაჟებიც.

Netflix-ი იმედოვნებს, რომ „Squid Game“-ის მეორე სეზონი მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ფასის 70%-იანი ვარდნის შეჩერებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის I კვარტალში სტრიმინგ-სერვისმა 200,000 გამომწერი დაკარგა, რამაც აქციების გაუფასურებაზე დიდი გავლენა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდგომ პლატფორმის მომხმარებლების რაოდენობამ პირველად იკლო.

კომპანიის პროგნოზით, მომხმარებლების კლების ტენდენცია გაგრძელდება და სტრიმინგ-სერვისის გამომწერების რაოდენობა მეორე კვარტალში 2 მილიონით შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ „Squid Game“-ს Netflix-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკორდი ეკუთვნის – გაშვებიდან 28 დღის განმავლობაში სერიალის პირველი სეზონის ნახვაში სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა ჯამში 1.6 მილიარდი საათი გაატარეს, რაც პლატფორმაზე სხვადასხვაენოვან სატელევიზიო შოუებს შორის საუკეთესო შედეგია.

Netflix-მა „Squid Game“-ით შთაგონებული რეალიტი შოუ დააანონსა

„Squid Game“-ის მეორე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Netflix-მა ახალი რეალიტი შოუ დააანონსა, რომელიც, როგორც ირკვევა, სწორედ ამ სატელევიზიო სერიალით იქნება შთაგონებული.

პროექტისთვის, სახელწოდებით „Squid Game: The Challenge“ მთელი მსოფლიოდან 465 ინგლისურენოვანი მოთამაშე შეირჩევა. ისინი ერთმანეთს 4.56 მილიონი აშშ დოლარის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან. Netflix-ის თქმით, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი რეალიტი შოუ იქნება როგორც მონაწილეთა რაოდენობის, ისე ფულადი პრიზის კუთხით.

Variety-ის ცნობით, კონკურენტები ერთმანეთს სერიალიდან აღებულ, ასევე ახალ თამაშებში შეეჯიბრებიან. კასტინგის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სერიალ „Squid Game“-ისგან განსხვავებით, რეალიტი შოუს „ყველა მოთამაშე დაუზიანებლად დატოვებს“.

ჯეფ კუნსის $12.5 მილიონად შეფასებული ქანდაკება Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება

ამერიკელი ხელოვანის, ჯეფ კუნსის ქანდაკება, რომელიც Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ 12.5 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, 28 ივნისს დაგეგმილ აუქციონზე გაიყიდება. მიზანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად თანხების მოზიდვაა.

კუნსის ქანდაკება, სახელწოდებით „Balloon Monkey (Magenta)“ Christie’s-ის აუქციონზე უკრაინელ მილიარდერ ვიქტორ პინჩუკსა და მის მეუღლეს, ოლენას გამოაქვთ. როგორც სააუქციონო სახლის პრესრელიზშია ნათქვამი, ხელოვნების ნიმუშის გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის დასაცავად მებრძოლ დაჭრილ ჯარისკაცებს, ასევე სამოქალაქო პირებს მოხმარდებათ, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ პროთეზირება, მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ფოტო: Christie’s

ჯეფ კუნსის ნამუშევრები აუქციონებზე საკმაოდ ძვირად იყიდება. მაგალითად, მის ქანდაკებაში, სახელწოდებით „Rabbit“ 2019 წელს Christie’s-ის მიერ ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე 91 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. ექვსი წლით ადრე კი  ნამუშევარი „Balloon Dog (Orange)“ $58,4 მილიონად გაიყიდა.

რაც შეეხება ვიქტორ პინჩუკს, Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის მისი ქონება 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბიზნესმენის მიერ დაარსებული ხელოვნების ცენტრი PinchukArtCenter-ი, წელიწადში ორჯერ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებს ავლენს და მათ ჯილდოს სახით 100,000 აშშ დოლარს გადასცემს.

„Jurassic World: Dominion“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $143.3 მილიონი შეადგინა

Jurassic Park-ის ფრენჩაიზის მეექვსე და, სავარაუდოდ, ბოლო ფილმის, „Jurassic World: Dominion“-ის შემოსავალმა გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას 143.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის $392 მილიონს აჭარბებს.

Universal Pictures-ის კინოსურათმა უქმეებზე დაფიქსირებული შედეგებით პირველობა „Top Gun: Maverick“-ისგან გადაიბარა – ამ უკანასკნელმა გამოსვლიდან მესამე უიკენდზე მხოლოდ აშშ-სა და კანადაში 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალ ნაწილზე რამდენიმე მილიონით უკეთესი შედეგი აჩვენა 2018 წელს გამოსულმა „Jurassic World: Fallen Kingdom“-მა. ფილმის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $148 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, Jurassic Park-ის ფრენჩაიზის პირველი ფილმი 1993 წელს გამოვიდა. თითოეული ნაწილიდან მიღებული შემოსავალი, ჯამში დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

Tripadvisor: 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობა

ცნობილმა ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობა დაასახელა. რეიტინგი პლატფორმის მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებების მიხედვით არის შედგენილი. შეგახსენებთ, Tripadvisor-ი მსგავს სიას სხვადასხვა კატეგორიაში ყოველწლიურად აქვეყნებს. პლატფორმამ მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე გამოავლინა ტოპ-10 ტურისტული მიმართულება, ასევე გამოაქვეყნა საუკეთესო პლაჟების ათეული.

Tripadvisor-ის 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობებიდან უმეტესობა ორ ქვეყანაში, ესპანეთსა და იტალიაშია თავმოყრილი. ჩამონათვალს კი ბარსელონაში მდებარე კათოლიკური ბაზილიკა, „საგრადა ფამილია“ ლიდერობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ ფრანცისკო დე პაულა დელ ვილარის ხელმძღვანელობით 1882 წლის 19 მარტს დაიწყო. 1883 წელს პროექტის მთავარი არქიტექტორი ანტონიო გაუდი გახდა, რომელიც ნაგებობაზე გარდაცვალებამდე, დაახლოებით 40 წელი მუშაობდა.

1930-იანი წლების ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს „საგრადა ფამილია“ ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. 2005 წელს ნაგებობას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. „საგრადა ფამილიას“ უჩვეულო არქიტექტურული სტილი კატალონიური მოდერნიზმის, ესპანური გვიანი გოტიკის, კატალონიური ნუცენტიზმისა და არტ-ნუვოს ნაზავად მიიჩნევა.

ჩამონათვალში მეორე ადგილს რომში მდებარე კოლოსეუმი იკავებს. გიგანტური ამფითეატრის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში, 72 წელს დაიწყო და ტიტუსის იმპერატორობის დროს, 80 წელს დასრულდა. კოლოსეუმი ცნობილია გლადიატორთა ბრძოლებით, რომელიც ძველ რომში მაყურებელთა თანდასწრებით ხშირად იმართებოდა.

Tripadvisor-ის სიაში მესამე პოზიციაზე ნიუ-იორკში მდებარე ემპაირ სტეიტ ბილდინგია. 102-სართულიანი თანამედროვე არტ-დეკოს სტილის შენობა არქიტექტურული ფირმა Shreve, Lamb & Harmon-ის მიერ არის დაპროექტებული. მისი მშენებლობა 1930 წლის 17 მარტს დაიწყო და 1931 წლის 11 აპრილს დასრულდა. მანჰეტენზე მდებარე ემპაირ სტეიტ ბილდინგი 1931-1970 წლებში ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს ინარჩუნებდა.

Tripadvisor-ის 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ღირსშესანიშნაობის სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. საგრადა ფამილია – ბარსელონა, ესპანეთი
  2. კოლოსეუმი – რომი, იტალია
  3. ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ნიუ-იორკი, აშშ
  4. შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთი – აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  5. გალერეა უფიცი – ფლორენცია, იტალია
  6. ესპანეთის მოედანი – სევილია, ესპანეთი
  7. იგუასუს ჩანჩქერი – ფოს-დუ-იგუასუ, ბრაზილია
  8. რომაული აბანოები – ბათი, გაერთიანებული სამეფო
  9. ღმერთების ბაღი – კოლორადო-სპრინგსი, აშშ
  10. ტრევის შადრევანი – რომი, იტალია
Pixar-ის „Lightyear“-ის ჩვენება 14-მა ქვეყანამ აკრძალა

Pixar-ის ანიმაციური ფილმის, „Lightyear“-ის ჩვენება უკვე ათზე მეტმა ქვეყანამ აკრძალა. ამის მიზეზი ერთნაირსქესიანი პერსონაჟების კოცნის სცენაა.

ორშაბათს, ანიმაციური ფილმის ჩვენებაზე უარი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა და მიზეზად „ქვეყნის მედიის სტანდარტების დარღვევა“ დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „Lightyear“-ს არ აჩვენებენ ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 14 ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში, ლიბანში, ქუვეითში, ეგვიპტეში, ინდონეზიასა და მალაიზიაში. South China Morning Post-ის ცნობით, ანიმაციური ფილმი არც ჩინეთში გავა.

„Lightyear“-ი ანიმაციური ფილმის „Toy Story“-ის პერსონაჟ ბაზ ლაითიერის თავგადასავალზე მოგვითხრობს. მისი პრემიერა 14 ივნისს საფრანგეთში, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

შეგახსენებთ, ლგბტ+ კონტენტის გამო მიმდინარე წელს გამოსული Marvel-ის ფილმის „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ჩვენება საუდის არაბეთსა და სხვა ქვეყნებში აკრძალეს.

პრინცმა ჩარლზმა ტელეწამყვანი დევიდ ატენბორო რაინდის ჯვრით დააჯილდოვა

უელსის პრინცმა ჩარლზმა ტელეწამყვანი დევიდ ატენბორო ტელევიზიის, მაუწყებლობისა და ბუნების კონსერვაციისთვის გაწეული შრომისთვის პრესტიჟული სამეფო ჯილდოთი, წმ. მიქაელისა და წმ. გიორგის ორდენის რაინდის ჯვრით დააჯილდოვა, – აღნიშნული ჯილდო ატენბორომ უშუალოდ უელსის პრინცისგან მიიღო, უინძორის სასახლეში გამართულ მიღებაზე.

საინტერესოა, რომ დევიდ ატენბოროსთვის ამ პრესტიჟული ჯილდოს გადაცემას წინ უსწრებდა ტელეწამყვანის უახლესი ფილმების, „The Green Planet“-ისა და „A Plastic Ocean“-ის ჩვენებები, რომლებიც გასულ კვირას, ბუკინგემის სასახლის გარეთ გაიმართა, დედოფალ ელისაბედ მეორეს აღსაყდრების პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ატენბოროს უახლესი ფილმების ნაწყვეტები ბუკინგემის სასახლეზე მაშინ გამოისახა, როცა კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი ბუნების დამცველების შესახებ საუბრობდა. შეგახსენებთ, რომ რაინდის წოდება დევიდ ატენბორომ ჯერ კიდევ 1985 წელს, უშუალოდ დედოფლისგან მიიღო.

ფოტო: Reuters

დევიდ ატენბორო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნების დამცველია მსოფლიოში – მის ფილმებს მილიონობით ადამიანი უყურებს. ამასთანავე, მისი შემოქმედების აღიარება არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ავიწყდებათ – ამა წლის აპრილში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ ატენბორო დედამიწის ჩემპიონად გამოაცხადა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უინძორის სასახლეში გამართულ მიღებაზე, დევიდ ატენბოროს გარდა Snow Patrol-ის სოლისტი, გერი ლაითბოდი და მსახიობი ტობი ჯოუნსი დაჯილდოვდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *