გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. მზეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთს კოსმოსში $20-მილიარდიანი მზის  ელექტროსადგურის განთავსება სურს. აშშ-ში მომუშავე პლანეტოლოგები კი NASA-ს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ურანის შესასწავლად კოსმოსური ხომალდის გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

მნიშვნელოვანი სიახლეებია მედიცინის დარგში: ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დამბინძურებლების ზემოქმედებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლოა, გულის შეტევა განვითარდეს; მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ T-უჯრედების შეტევის შემდეგ კიბოს უჯრედები საკუთარ დაზიანებულ გარსს აღადგენენ; ანტიდეპრესანტები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან არ ასოცირდება.

მზეზე გასული ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა

CNET-ის ინფორმაციით, მზეზე გასული ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. NASA-ს კუთვნილმა ხელოვნურმა თანამგზავრმა Solar Dynamics Observatory-მ მოვლენა 20 აპრილს, თბილისის დროით 07:57 საათზე დააფიქსირა. როგორც ცნობილია, ამოფრქვევამ აზიაში რადიოკავშირის შეფერხება გამოიწვია.

ფოტო: NASA

სპეციალისტებმა ამოფრქვევას X2.2 კლასიფიკაცია მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ X-კატეგორია მზის ყველაზე ძლიერ ამოფრქვევებს აერთიანებს, რაც კი მეცნიერებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. ცნობისთვის, X-ის შემდეგ დაწერილი რიცხვი ამოფრქვევის სიძლიერეს განსაზღვრავს.

NASA-მ გასულ წელს X1-ის კლასიფიკაციის რამდენიმე ამოფრქვევა დააფიქსირა, თუმცა უკანასკნელი ყველაზე ძლიერია 2017 წლის სექტემბრის ამოფრქვევის შემდეგ. ამ დროს სააგენტოს აპარატმა X9 სიძლიერის ამოფრქვევა ჩაიწერა. რაც შეეხება დღემდე დაფიქსირებულ მზის ყველაზე ძლიერ ამოფრქვევას, მას X28 კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული. აღნიშნული მოვლენა 2003 წელს მოხდა.

უკანასკნელი ამოფრქვევის დროს კოსმოსში მზის კორონული მასა გაიფანტა, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველთან შეჯახებისას ავრორა ბორეალისის სახელწოდებით ცნობილ ფენომენს იწვევს. თუმცა ეს ამოფრქვევა ჩვენი პლანეტისკენ არ იყო მომართული. ამის მიუხედავად, ვინაიდან მოვლენის დროს გამოსხივებული ენერგია მზის სისტემაში სინათლის სიჩქარით ყველა მიმართულებით გავრცელდა, ამან რადიოკავშირის შეფერხება გამოიწვია.

დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლოა, გულის შეტევა განვითარდეს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებზე ჩატარდა, ჰაერის დამბინძურებლების ზემოქმედებიდან ერთ საათამდე დროის პერიოდში შესაძლოა, გულის შეტევა განვითარდეს. ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, რისკი განსაკუთრებით მაღალია 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში და შედარებით ცივი ამინდის დროს.

უფრო კონკრეტულად, კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის ოთხი დამბინძურებლის, მათ შორის PM2.5-ის სახელწოდებით ცნობილი ნაწილაკების, აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირორჟანგის ზემოქმედებამ, დაბინძურების დონისაგან დამოუკიდებლად, შესაძლოა, მწვავე კორონარული სინდრომის (ACS) სწრაფად განვითარებას შეუწყოს ხელი.

ფოტო: Getty Images

ცნობისთვის, ACS-ის ტერმინი მიესადაგება ჯანმრთელობის ყველა იმ მდგომარეობას, როდესაც გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდება იბლოკება – მათ შორის გულის შეტევას, არასტაბილურ სტენოკარდიასა და გულმკერდის ტკივილს, რაც სისხლის შედედებით არის გამოწვეული. შედეგად, არტერია დროებით იკეტება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მაღალი რისკი ჰაერის დამბინძურებლების ზემოქმედებიდან პირველ ერთ საათში დაფიქსირდა.

კვლევის დროს სპეციალისტებმა თითქმის 1.3 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს. ისინი ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით ჩინეთის 318 ქალაქში მდებარე 2,239 საავადმყოფოში 2015-დან 2020 წლამდე დროის პერიოდში მკურნალობდნენ.

„ჰაერის დაბინძურების გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითი გავლენა უკვე დადასტურებულია, თუმცა გაგვაკვირვა ასეთმა სწრაფმა ეფექტმა“, – განაცხადა Circulation-ში გამოქვეყნებული ნაშრომის წამყვანმა ავტორმა. მისივე თქმით, მეცნიერებისთვის სიახლე აღმოჩნდა ისიც, რომ დაავადების განვითარების რისკი ჰაერის დაბინძურების დაბალი დონის შემთხვევაშიც არსებობს. თუმცა, ბუნებრივია, ჰაერის ხარისხის გაუარესებასთან ერთად ისიც იმატებს.

ბრიტანეთს სურს, SpaceX-ის დახმარებით კოსმოსში $20-მილიარდიანი მზის ელექტროსადგური გაუშვას

დიდი ბრიტანეთის მთავრობას კოსმოსში მზის ორბიტული ელექტროსადგურის განთავსება სურს. როგორც The Next Web-ზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მისი მშენებლობა 16 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით $20,4 მილიარდი) დაჯდება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დააფუძნა ფონდი Net Zero Innovation Portfolio, რომელიც კოსმოსური ტექნოლოგიების დახმარებით მზის ენერგიის ათვისებაზეც იქნება ორიენტირებული. ეს ერთ-ერთი პოტენციური გზაა, რომ ქვეყანამ 2050 წლისთვის ემისიის ნულოვან დონეს მიაღწიოს.

Space Energy Initiative-ის (SEI) სახელწოდებით ცნობილი პროექტის მიზანი 2035 წლისთვის კოსმოსში მზის პირველი ელექტროსადგურის განთავსებაა. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, მარკ გარნიერმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს შესთავაზა, ელექტროსადგურის დედამიწის ორბიტაზე გაგზავნა მისმა საფრენმა აპარატმა უზრუნველყოს.

ფოტო: iStock

კოსმოსში განთავსებული თანამგზავრის დახმარებით მზის ენერგიის ათვისებაზე დიდი ბრიტანეთის გარდა ჩინეთიც ფიქრობს. გასულ წელს აზიურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ტექნოლოგიის გამოცდა სურს, რომელიც მზის ენერგიის გამომუშავებას დედამიწის ორბიტიდან შეძლებს, ამის შემდეგ კი კონცენტრირებული სხივის დახმარებით მას დედამიწაზე გამოგზავნის.

მსგავსი პრინციპით იმუშავებს ბრიტანული ორბიტული ელექტროსადგურიც, რომელიც მზის პანელებით იქნება აღჭურვილი. თანამგზავრიდან ენერგია დედამიწაზე მაღალი სიხშირის რადიოტალღების დახმარებით გამოიგზავნება. ქსელში მიწოდებამდე კი რადიოტალღები ელექტროენერგიად გარდაიქმნება.

როგორც ვიცით, დედამიწაზე განთავსებული მზის ელექტროსადგურების მუშაობა ამინდსა და დღის მონაკვეთზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მზის პანელებით აღჭურვილ ხელოვნურ თანამგზავრს, ის ელექტროენერგიას მუდმივად გამოიმუშავებს, ვინაიდან გეოსტაციონარულ ორბიტაზე ფრენა შეეძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პანელები მზის შუქით უწყვეტად მომარაგდება.

ახალი კვლევის თანახმად, ანტიდეპრესანტები ცხოვრების ხარისხს ვერ აუმჯობესებს

საუდის არაბეთში მომუშავე მეცნიერებისა და მათი კოლეგების მიერ ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ანტიდეპრესანტები ცხოვრების ხარისხს ვერ აუმჯობესებს.

ფოტო: iStock

საზოგადოდ არის ცნობილი, რომ დეპრესია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხზე (HRQoL). მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სამკურნალოდ ანტიდეპრესანტული მედიკამენტების ეფექტიანობა არაერთმა კვლევამ აჩვენა, ამ პრეპარატების გავლენა პაციენტების საერთო კეთილდღეობასა და HRQoL-ზე კვლავ საკამათო რჩება.

ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ხარჯების პანელის კვლევის (MEPS) 2005-2015 წლების მონაცემები გამოიყენეს – კვლევის ფარგლებში სპეციალისტები ჯანდაცვის იმ სერვისებს აკვირდებიან, რომლებსაც ამერიკელები იყენებენ. MEPS-ის ფაილებში დეპრესიის მქონე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა. კვლევის განმავლობაში, ორწლიანი დაკვირვების შედეგად დეპრესიის დიაგნოზი თითოეულ წელს საშუალოდ 17,47 მილიონ ზრდასრულ ადამიანს დაუსვეს. მათგან 57,6% ანტიდეპრესანტებით მკურნალობის კურსს გადიოდა.

საწყის ეტაპზე მეცნიერებმა ანტიდეპრესანტების გამოყენებასა და  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შორის დადებითი შედეგი დაინახეს. თუმცა, როდესაც ეს დადებითი ცვლილება ადამიანების იმ ჯგუფშიც გამოიკვეთა, რომელში შემავალი პაციენტებიც დეპრესიის სამკურნალოდ ანტიდეპრესანტებს არ იღებდნენ, სპეციალისტები განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოვრების ხარისხი თითქმის ანალოგიურად შეიცვალა იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ანტიდეპრესანტებს ორი წლის განმავლობაში იღებდნენ და ადამიანებში, რომლებიც  მსგავსი მედიკამენტებით არ მკურნალობდნენ.

მეცნიერები NASA-ს ურანის შესასწავლად კოსმოსური ხომალდის გაშვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე პლანეტოლოგებს სურთ, რომ NASA-მ ყინულის გიგანტის, ურანის შესასწავლად კოსმოსური ხომალდი გაუშვას. მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, რომელიც კოსმოსური კვლევების მიმართულებით მომდევნო ათწლეულის პრიორიტეტების განსაზღვრას ემსახურებოდა, უმჯობესია, პლანეტისკენ აპარატი 2023-დან 2032 წლამდე პერიოდში გაიგზავნოს.

მეცნიერები სააგენტოს მოუწოდებენ, ურანის შესასწავლად ორბიტერი და ზონდი (UOP) შექმნას. ეს უკანასკნელი პლანეტის ატმოსფეროში შეაღწევს და მის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს. თუ მისია განხორციელდება, მისი დახმარებით ურანის შესახებ შესაძლოა, უამრავი ახალი დეტალი შევიტყოთ.

ფოტო: Getty Images

უნდა აღინიშნოს, რომ ყინულის გიგანტთან მიახლოება ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კოსმოსურმა აპარატმა შეძლო – NASA-ს კუთვნილმა ხომალდმა Voyager 2-მა ურანს, მისი ღრუბლების კიდეებიდან დაახლოებით 81,593 კილომეტრის დაშორებით, 1986 წელს ჩაუარა.

აპარატმა ურანს საკმაოდ სწრაფად ჩაუფრინა, თუმცა მის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება მაინც შეძლო. მათ შორის Voyager 2-მა ყინულის გიგანტის რამდენიმე ახალი ბუნებრივი თანამგზავრი და პლანეტის გარშემო რგოლების სისტემა აღმოაჩინა.

ახალი მისიის დახმარებით, პირველ ყოვლისა, ურანის ზუსტი შემადგენლობის გარკვევას შევძლებთ და, შესაბამისად, ჩვენი მზის სისტემის ბუნების შესახებ ბევრ აქამდე უცნობ დეტალს შევიტყობთ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ T-უჯრედების შეტევის შემდეგ კიბოს უჯრედები საკუთარ მემბრანას აღადგენენ

ბიოტექნოლოგიურ კომპანია Genetch-ში მომუშავე სპეციალისტებმა, ჰოვარდ ჰიუზის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტისა (HHMI) და პიტერ მაქკალუმის კიბოს ცენტრის მეცნიერებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ T-უჯრედების შეტევის შემდეგ კიბოს უჯრედები მემბრანის დაზიანებულ ადგილებს აღიდგენენ. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Science-ში გამოქვეყნდა.

ნაშრომის ავტორებს იმის თვალნათლივ დანახვა სურდათ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც T-უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც ციტოტოქსიკური T-ლიმფოციტები (CTL), თავს ესხმიან სიმსივნურ უჯრედებს. მათ ამაზე დასაკვირვებლად მაღალი გარჩევადობის გამოსახულება გამოიყენეს.

ფოტო: Colin Behrens/Pixabay

გასულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოტოქსიკური T-ლიმფოციტები ვირუსით ან ბაქტერიით ინფიცირებულ უჯრედებს და ზოგჯერ კიბოს უჯრედებსაც ანადგურებენ. ისინი უჯრედში შეღწევის შემდეგ ცილის ორ ტოქსინს: პერფორინსა და გრანზიმს გამოყოფენ. პირველი მათგანი უჯრედის მემბრანაში ხვრელებს აკეთებს. მეორე ხვრელების მეშვეობით უჯრედში შედის და აპოპტოზის პროცესს ააქტიურებს, რომელიც ამ უკანასკნელის განადგურებას ემსახურება. ახალი ძალისხმევის შედეგად მკვლევრებმა გაარკვიეს, თუ როგორ რეაგირებენ ამგვარ შეტევაზე კიბოს უჯრედები.

დაკვირვების დროს სპეციალისტებმა დაინახეს, როგორ მიეკრა ციტოტოქსიკური T-ლიმფოციტები სიმსივნურ უჯრედს და შემდეგ მასზე შეტევა დაიწყო. მათ ასევე შენიშნეს, რომ პერფორინმა მემბრანაში ხვრელები გააკეთა, როგორც დაგეგმილი იყო, შემდეგ კი გრანზიმებმა უჯრედში შეღწევა დაიწყეს. სწორედ ამ დროს შეამჩნიეს მკვლევრებმა, რომ კიბოს უჯრედმა დაიწყო ისეთი ტიპის ცილის გამოყოფა, რომელიც მემბრანის დაზიანების აღდგენისთვის წარმოიქმნება. ამან გრანზიმის შესაღწევად განკუთვნილი ხვრელების დაბლოკვა გამოიწვია, რის გამოც აპოპტოზის პროცესი შეფერხდა. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლებელი გახდა.