გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გაჟღერდა. ჩინეთმა განაცხადა, რომ მარსიდან ნიმუშებს 2031 წლისთვის, აშშ-ისა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოებზე ორი წლით ადრე ჩამოიტანს. ამის პარალელურად, NASA-მ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტთან ერთად სამი კომპანია შეარჩია, რომელთაგან თითოეულს, მთვარეზე გამოსაყენებლად ბირთვული ენერგეტიკული სისტემის შექმნისთვის, საწყის ეტაპზე, $5 მილიონით დააფინანსებს. ამერიკელი მეცნიერების განცხადებით კი, მათ მიერ შემუშავებული მეთოდი მცენარეული საკვების ბიოლოგიური ფოტოსინთეზის საჭიროების გარეშე მოყვანის საშუალებას იძლევა.

სიახლეებია მედიცინის დარგშიც. Pfizer-ი ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია Valneva-ში დაახლოებით 95 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რის შედეგადაც ის კომპანიის 8,1%-იანი წილის მფლობელი გახდება. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, ადამიანებში, რომლებმაც გრიპის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთეს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი 40% -ით შემცირდა. ამასთანავე, მკვლევრებმა სისხლის მარტივი ტესტი შეიმუშავეს, რომელიც ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკის შეფასების საშუალებას იძლევა.

გასული კვირის მეცნიერების სფეროს მიმოხილვაში სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

ჩინეთი მარსიდან ნიმუშების ჩამოტანას NASA-ზე ორი წლით ადრე გეგმავს

ჩინეთი მარსის ზედაპირიდან აღებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს – ორი წლით ადრე, ვიდრე NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA). SpaceNews-ის ინფორმაციით, ეს თარიღი აზიური სახელმწიფოს Tianwen-1-ის მისიაში მონაწილე ორბიტერისა და მარსმავალის წამყვანმა კონსტრუქტორმა 20 ივნისს გამართული პრეზენტაციის დროს დაასახელა.

პრეზენტაციიდან გაირკვა, რომ წითელი პლანეტიდან საკვლევი მასალის ჩამოსატანად მისიის განხორციელებას ჩინეთი 2028 წლის ბოლოსკენ დაიწყებს. ხოლო, წინასწარი გეგმის მიხედვით, აპარატი ნიმუშებთან ერთად დედამიწაზე 2031 წლის ივლისში დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ NASA-მ და მისმა პარტნიორმა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, რომლებიც თავდაპირველად წითელი პლანეტიდან მარსმავალ Perseverance-ის მიერ შეგროვებული ნიმუშების 2031 წლისთვის ჩამოტანას გეგმავდნენ, მისიის განხორციელების თარიღი ორი წლით გადასწიეს. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციებმა, რისკის შემცირების მიზნით, მისიისთვის მეორე ლენდერის შექმნაც გადაწყვიტეს, რაც მეტ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ფოტო: CNSA

შეგახსენებთ, ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის შესასწავლად როვერი, სახელწოდებით Zhurong-ი ორბიტერთან ერთად რაკეტა Long March 5-ის დახმარებით 2020 წლის ივლისში გაუშვა. მარსმავალი წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე უტოპიის დაბლობის სახელწოდებით ცნობილ რეგიონში 2021 წლის მაისში დაეშვა და ამის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიას იკვლევს. ცოტა ხნის წინ როვერმა მარსზე წყლის კვალს მიაგნო.

რაც შეეხება NASA-ს, მან ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით მარსმავალი Perseverance-ი მარსზე 2021 წლის თებერვალში დასვა. როვერის დავალება პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაა.

კვლევა: გრიპის ვაქცინა ალცჰიმერი დაავადების განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს

ჰიუსტონში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ცენტრის ახალი კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებმაც გრიპის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთეს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი 40% -ით შემცირდა. ნაშრომი, რომელშიც კვლევის შედეგებზეა საუბარი ბეჭდური სახით გამოცემა Journal of Alzheimer’s Disease-ში 2 აგვისტოს გამოქვეყნდება, მისი ონალიანვერსია კი უკვე ხელმისაწვდომია.

კვლევის დროს სპეციალისტებმა ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი როგორც გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრილ, ისე იმ ადამიანებში შეაფასეს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ჩასტარებიათ. ამის შემდეგ კი მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეს.

აქვე გეტყვით, რომ მეცნიერებმა კვლევისას აშშ-ში მცხოვრები 65 წელზე უფროსი ასაკის პირთა მონაცემები გააანალიზეს. მათ შორის ნახევარი, 935,887 ადამიანი გრიპის ვაქცინით იყო აცრილი, მეორე ნახევარს კი, ასევე 935,887 პირს ვაქცინაცია არ ჩასტარებია.

ფოტო: Catherine Lane/iStock

ოთხწლიანი დაკვირვების პერიოდში, ალცჰაიმერის დაავადება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირთა დაახლოებით 5.1%-ს განუვითარდა, არავაქცინირებული ადამიანების შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა 8.5% შეადგინა.

კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული შედეგები ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ გრიპის ვაქცინის ეფექტიანობას უსვამს ხაზს. თუმცა, მათივე თქმით, ამ პროცესის უკან არსებული მექანიზმები შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

NASA მთვარისთვის განკუთვნილი ბირთვული ენერგეტიკული სისტემის შესაქმნელად სამ კომპანიას დააფინანსებს

NASA და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი (DOE) კოსმოსური ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. ამის დასტურად, მათ 21 ივნისს გამოავლინეს სამი კომპანია, რომელთაგან თითოეული მთვარეზე ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად ბირთვული სისტემების შექმნაზე იმუშავებს. NASA-ს წარმომადგენლების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი სისტემები მომავალში მარსზე ან უფრო შორეულ კოსმოსშიც გამოიყენონ.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ შერჩეულ კომპანიებს შორის მოხვდნენ: Lockheed Martin-ი, Westinghouse-ი და IX (Intuitive Machines-ისა და X-Energy-ის გაერთიანებული გუნდი). როგორც ირკვევა, NASA საწყის ეტაპზე თითოეულს 5-5 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

ფოტო: NASA

კონტრაქტების ფარგლებში, დასახელებულ კომპანიებს 12-თვიან პერიოდში 40-კილოვატიანი ბირთვული ენერგეტიკული სისტემის საწყისი კონცეფციების შემუშავება დაევალებათ. NASA-ს სურს, მსგავსი სისტემის გამოყენება მთვარეზე მინიმუმ 10 წლის განმავლობაში შეძლოს.

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ბირთვული ენერგეტიკული სისტემა მზად 2020-იანი წლების ბოლომდე იქნება და მის გამოყენებას პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში ორგანიზაციის მიერ მთვარეზე დაგეგმილი მისიების მხარდასაჭერად შეძლებენ.

შეგახსენებთ, პროგრამა „არტემისის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, Artemis 3, რომლის ფარგლებში NASA დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ორი ადამიანის დასმას გეგმავს, ბოლო ინფორმაციით, 2025 წელს განხორციელდება.

ახალი მეთოდით მცენარეული საკვების მოყვანა მზის შუქის გარეშე, ხელოვნური ფოტოსინთეზით იქნება შესაძლებელი

რივერსაიდში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტისა და დელავერის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათ შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც მცენარეული საკვების ბიოლოგიური ფოტოსინთეზის საჭიროების გვერდის ავლით მოყვანის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ დეტალებზე მკვლევრები გამოცემა Nature Food-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

სპეციალისტებმა მცენარეების გაზრდა ფოტოსინთეზის ხელოვნურად წარმართვის მეშვეობით სცადეს, რისთვისაც ორსაფეხურიანი ელექტროკატალიზის პროცესს მიმართეს ნახშირორჟანგის, ელექტროენერგიისა და წყლის აცეტატად გადაქცევისთვის. ეს უკანასკნელი ძმრის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.

ფოტო: clinicamisalud.org

ამის შემდეგ მეცნიერებმა აცეტატი საკვების მისაღებად საჭირო მცენარეებს წაუსვეს, რის შედეგადაც მათ ზრდა დაიწყეს. აღნიშნული მეთოდი შესაძლოა, კლიმატური კრიზისის პირობებში მცენარეული საკვების მოყვანის ალტერნატიულ საშუალებად იქცეს.

მკვლევართა განცხადებით, მათი მეთოდი ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვისთვის მზის შუქს არ საჭიროებს. თუმცა, მეცნიერების თქმით, ელექტროლიზისთვის საჭირო ელექტროენერგიის მზის პანელებისგან მიღების შემთხვევაში მეთოდის ეფექტიანობა მკვეთრად, ზოგიერთი სახის მცენარეული კულტურის შემთხვევაში 18-ჯერაც კი იზრდება.

Pfizer-ი ფრანგული კომპანია Valneva-ს 8,1%-იან წილს ყიდულობს

აშშ-ის ჯანდაცვის სექტორის გიგანტი Pfizer-ი ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია Valneva-ში დაახლოებით 95 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რის შედეგადაც ის კომპანიის 8,1%-იანი წილის მფლობელი გახდება. მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობით ლაიმის დაავადების დასაძლევად ეფექტიანი მედიკამენტის შექმნას შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ სიახლის გაჟღერებიდან მალევე, Valneva-ს აქციების ფასი 14,5%-ით გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ Pfizer-ი ფრანგული კომპანიის თითოეულ აქციაში 9.49 ევროს გადაიხდის.

ფოტო: Reuters

Valneva ლაიმის დაავადების სამკურნალო მედიკამენტის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზეც მუშაობს.

წილის შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის პარალელურად, Valneva-მ და Pfizer-მა ასევე განაახლეს თავიანთი თანამშრომლობის პირობები და სალიცენზიო ხელშეკრულება, რომელიც 2020 წლის 30 აპრილს ლაიმის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის კანდიდატისთვის, VLA15-ისთვის გააფორმეს.

როგორც აპრილში Pfizer-მა განაცხადა, ის Valneva-სთან ერთად მიმდინარე წლის მესამე კვარტალში VLA15-ით კვლევის მე-3 ფაზას დაიწყებს.

მკვლევრებმა ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკის განსაზღვრისთვის სისხლის ტესტი შეიმუშავეს

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD), რომელიც მხოლოდ აშშ-ში ზრდასრული ადამიანების მეოთხედს აწუხებს, აღნიშნული ორგანოს კიბოს განვითარების რისკს მკვეთრად ზრდის. სამხრეთ-დასავლეთის ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (UT Southwestern) მომუშავე მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის მარტივი ტესტი, რომელიც ზემოხსენებული დაავადების მქონე პაციენტებში სიმსივნის განვითარების ალბათობას განსაზღვრავს. ამის შესახებ ნაშრომი Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე ადამიანებში ამ ორგანოს კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 17-ჯერ არის გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ექიმები პაციენტებს მკაცრი სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის რეკომენდაციას აძლევენ, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ღვიძლის ულტრაბგერით გამოკვლევას ითვალისწინებს. თუმცა, იმის დადგენა, თუ რომელი პაციენტები არიან გაზრდილი რისკის ჯგუფში, რთულია და ამის გარკვევა, ჩვეულებრივ, ინვაზიურ ბიოფსიებს საჭიროებს.

ფოტო: new.siemens.com

მეცნიერები დაინტერესდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა ზემოხსენებული დაავადების მქონე პაციენტების სისხლის ნიმუშებით ჰეპატოცელულარული კარცინომის (HCC), ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის განვითარების რისკი განესაზღვრათ. ახალ კვლევაში მათ 409 ადამიანის სისხლის ნიმუში გააანალიზეს. სპეციალისტების მიზანი იყო გამოევლინათ 133 გენი, რომლებიც გამოხატული იყო საშუალოზე მაღალ ან დაბალ დონეზე იმ პაციენტების ორგანოში, რომლებსაც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება აწუხებდათ.

ამის შემდეგ პაციენტები დაიყვნენ მაღალი და დაბალი რისკის ჯგუფებში იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო გამოხატული მათ ორგანოში აღნიშნული გენები. ნიმუშების აღებიდან 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მაღალი რისკის ჯგუფში შეყვანილ პაციენტთა 22.7%-ს ჰეპატოცელულარული კარცინომის დიაგნოზი დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ ეს დაავადება მკვლევართა მიერ დაბალი რისკის ჯგუფში გაერთიანებულ არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა. ეს კი მეცნიერების მიერ შემუშავებული სისხლის ტესტის ეფექტიანობაზე მიანიშნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *