გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. გაირკვა, რომ 2023 წელს Rocket Lab-ი ვენერასკენ კოსმოსური ზონდის გაშვებას გეგმავს. ამის პარალელურად, რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო “როსკოსმოსმა” საკუთარი კოსმოსური სადგურის, ROSS-ის მოდელი წარადგინა. NASA-ს ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა მათთვის პრიორიტეტულია.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ახალი კვლევის მიხედვით, არასრულფასოვანმა ძილმა ფილტვის დაავადებების გამწვავების რისკი შესაძლოა, მოწევაზე მეტად გაზარდოს; ბრიტანელმა მეცნიერებმა კი ასთმის სამკურნალო ახალი მეთოდი თაგვებზე წარმატებით გამოცადეს.

აღნიშნულ სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ.

2023 წელს Rocket Lab-ი ვენერასკენ კოსმოსურ ზონდს გაუშვებს

ვენერა ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო პლანეტაა მეცნიერებისთვის. მან სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 2020 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (MIT) და უელსის კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ვენერას ატმოსფეროში ფოსფინი დააფიქსირეს.

ცნობისთვის, დედამიწაზე, ფოსფინს, როგორც წესი, ცოცხალი ორგანიზმები გამოყოფენ. ვენერას შემთხვევაში მსგავსი ჰიპოთეზა კვლავ საკამათო და სადავოა. პლანეტის ატმოსფეროს უკეთ შესასწავლად და მასზე დასაკვირვებლად არაერთი კოსმოსური სააგენტო გეგმავს მისიის განხორციელებას, თუმცა, როგორც ჩანს, Rocket Lab-ი ციური სხეულისკენ პირველ კერძო მისიას შეასრულებს.

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის მიზანი 2023 წელს ვენერასკენ კოსმოსური ზონდის გაშვებაა. როგორც ცნობილია, ის მისიაში რაკეტა Electron-სა და ხომალდ Photon-ს გამოიყენებს.

გამოცემა Aerospace-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში Rocket Lab-ის გუნდი წერს, რომ კოსმოსურ ზონდში 1 კილოგრამი წონის ხელსაწყოს განთავსება იქნება შესაძლებელი. აპარატს ვენერას ღრუბლებში დაახლოებით 5 წუთის გატარება შეეძლება, არეალში, სადაც ტემპერატურა შედარებით დედამიწისას ჰგავს.

ზონდი ვენერას ღრუბლების ნაწილაკებში ნახშირბადის შემცველი ორგანული მოლეკულების დაფიქსირებას შეეცდება. ამისთვის კი ხომალდის ბორტზე არსებული ინსტრუმენტი სპეციალურ ლაზერს გამოიყენებს.

Rocket Lab-ის წარმომადგენლების განცხადებით, მისიის სავარაუდო ღირებულება 10-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ თუ კომპანია ზონდის გაშვებას 2023 წელს ვერ შეძლებს, მას ამის საშუალება მომდევნო ჯერზე 2025 წლისთვის მიეცემა.

კვლევა: არასრულფასოვანი ძილი ფილტვის დაავადებების გამწვავების რისკს მოწევაზე მეტად ზრდის   

ყველასათვის ცნობილია, რომ ძილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე. შვიდი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში ღამის ძილი არამხოლოდ დღის ენერგიულად გატარების წინაპირობაა, არამედ მას გრძელვადიანი სარგებელიც აქვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პირიქითაა არასაკმარისი ან შეწყვეტილი ძილის შემთხვევაში. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ცუდ ხარისხს შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ფილტვების პროგრესირებად დაავადებაზე, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მოწევას.

ფოტო: istockphoto.com

სპეციალისტებმა კვლევა 1647 ადამიანზე ჩაატარეს, რომელთაგან ყველა მათგანს ჰქონდა დადასტურებული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). მკვლევრები ცდისპირებს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ დაავადების მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება ამ უკანასკნელთა ძილის ხარისხის შესახებ მონაცემების მიხედვით შეაფასეს და ერთმანეთს შეადარეს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არასრულფასოვანმა ძილმა შესაძლოა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების გამწვავების რისკი 95%-მდე გაზარდოს, სრულფასოვანი ძილის მქონე ადამიანებთან შედარებით.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის დამატებით დეტალებს, სპეციალისტების მიერ ჟურნალ SLEEP-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გაეცნობით.

ასთმის სამკურნალო ახალმა მეთოდმა თაგვებზე ჩატარებული ცდებისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

სხვადასხვა გამოთვლით, ასთმა მსოფლიოში 250 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. დაავადება ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს. აქედან გამომდინარე, ასთმის სამკურნალო ეფექტიანი მეთოდის შემუშავება მედიცინაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

სწორედ აღნიშნულის მიღწევას ცდილობენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ასთმის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მეთოდი არამხოლოდ ასთმის სიმპტომების განკურნებას, არამედ დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზის, პერიციტების სახელწოდებით ცნობილი ღეროვანი უჯრედების არასასურველი მიმართულებით გადაადგილების პრევენციას ისახავს მიზნად.

ფოტო: medicine.com

პერიციტები, ძირითადად, სისხლძარღვების გარსში გვხდება. ალერგიული და ანთებითი რეაქციისას, ისინი ასთმით დაავადებული ადამიანების სასუნთქ გზებს ასქელებენ, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს. პერიციტებისთვის აღნიშნულ ადგილამდე მიღწევაში ხელის შეშლის შემთხვევაში, სუნთქვის გაძნელების თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი.

თაგვებზე ჩატარებული ცდისას მეცნიერებმა CXCL12-ის სახელწოდებით ცნობილი ცილის სიგნალები დათრგუნეს – სწორედ ეს ცილა უწყობს ხელს პერიციტების გადაადგილებას. ექსპერიმენტის შემდეგ, დაახლოებით ერთკვირიან პერიოდში მღრღნელებში ასთმის სიმპტომები შემცირდა, ორ კვირაში კი სრულად გაქრა.

ბრიტანელი მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, მანამდე კი ბოლო ექსპერიმენტის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ, მკვლევართა მიერ გამოცემა Respiratory Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გაეცნოთ.

NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლას პრიორიტეტად ისახავს  

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ პირთა განცხადებების თანახმად, NASA-სთვის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFOs), იმავე ამოუცნობი საჰაერო ფენომენების (UAPs) შესწავლა პრიორიტეტულია.

17 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის (SMD) პროგრამებს მიეძღვნა, სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა ზემოხსენებული საკითხით სერიოზულად დაინტერესების შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადეს.

„მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ [ამოუცნობი საჰაერო ფენომენების] კვლევისთვის მოსამზადებლად. ეს საკითხი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მას პრიორიტეტს ვანიჭებთ“, – თქვა NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწემ, დანიელ ევანსმა.

ამოუცნობი საჰაერო ფენომენების მეცნიერულად შესწავლის შესახებ NASA-მ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა. მაშინ სააგენტოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კვლევის მიზანი მსგავს მოვლენებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება იყო.

დანიელ ევანსის განცხადებით, კვლევაში, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და დაახლოებით ცხრა თვეს გასტანს, 15-დან 17 ადამიანამდე იქნება ჩართული. აქვე გეტყვით, რომ პროექტის ბიუჯეტი $100,000-ს მცირედით აღემატება.

NASA-ს ცნობით, მკვლევართა ჯგუფი მთავრობების, კერძო კომპანიების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო პირების მიერ შეგროვებულ მონაცემებს დაეყრდნობა.

შეგახსენებთ, მაისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კონტრტერორიზმის, კონტრდაზვერვისა და კონტრპროლიფერაციის კომიტეტმა ამოუცნობი საჰაერო მოვლენების შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსნებს მოუსმინა. ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ქვეყანაში მსგავსი ფენომენების გამოძიებისა და მათ შესახებ გამჭვირვალედ საუბრის პრაქტიკა დაამკვიდრონ.

რუსეთმა საკუთარი კოსმოსური სადგურის მოდელი წარადგინა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმოსმა“ საკუთარი კოსმოსური სადგურის, ROSS-ის მოდელი წარმოადგინა. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ქვეყანამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის დედამიწის ორბიტაზე საკუთარი მოდულის გაშვებას იმედოვნებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ განცხადებამდე „როსკოსმოსმა“ NASA-ს მთვარის პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამის სანაცვლოდ, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო საკუთარი ორბიტული სადგურის მშენებლობისთვის პარტნიორად ჩინეთი აირჩია.

რაც შეეხება დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, ცოტა ხნის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებებს 2024 წლამდე შეასრულებს, ამის შემდეგ კი ISS-ს დატოვებს და მსგავსი პროგრამის განხორციელებას დამოუკიდებლად შეეცდება.

ფოტო: Roscosmos

ცნობისთვის გეტყვით, რომ თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულს ფუნქციონირება სწორედ 2024 წელს უნდა შეეწყვიტა, თუმცა NASA-მ ISS-ის ექსპლუატაციის ვადის 2030 წლამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. კოსმოსური სადგური, რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიის დანიშნულებით გამოიყენება, დედამიწის ორბიტაზე 1998 წელს გაიყვანეს. ISS-ზე დღემდე 3,000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4,200-მა მკვლევარმა მიიღო.

სადგური დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს, ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აშშ-რუსეთის პარტნიორობით ფუნქციონირებს. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სახელმწიფოებთან ასევე თანამშრომლობენ კანადა, იაპონია და ევროპის 11 ქვეყანა.

ISS-ის პროგრამიდან რუსეთის გასვლის მიზანი დასავლეთის ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებაა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მას მძიმე სანქციები დაუწესეს, მათ შორის საჰაერო-კოსმოსურ ინდუსტრიაში.

რუსეთს ორბიტაზე კოსმოსური სადგურის გაშვების თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც სახელმწიფო მედია იტყობინება, მისიის პირველი ფაზა 2025-26 წლებში, მეორე ფაზა კი 2030-35 წლებში განხორციელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *