გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროს სხვადასხვა დარგში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. მათ შორის, FDA-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი დაამტკიცა. აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ დღეში ორი ლიტრი წყლის დალევა, შესაძლოა, ორგანიზმისთვის ზედმეტი იყოს. აქვე აღსანიშნავია ახალი ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც, მისი შემქმნელების განცხადებით, გრიპის მომავალი პანდემიებისგან დაგვიცავს.
სიახლეებია კოსმოსის, კერძოდ კი ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისების მიმართულებით. NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ და იმუშავებენ. ამის პარალელურად, NASA-სთვის კონკურენციის გასაწევად, ჩინეთი 2028 წლისთვის, მთვარეზე პირველი ბაზის აშენებას აანონსებს.
წინამდებარე მიმოხილვაში სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე დეტალებს გაეცნობით.
მეცნიერების თქმით, დღეში რვა ჭიქა წყლის დალევა შესაძლოა ორგანიზმისთვის ზედმეტი იყოს
აბერდინის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ორი ლიტრი წყლის დალევა, როგორც ეს რეკომენდებულია, ხშირად იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. მკვლევართა უახლესი დასკვნები გამოცემა Science-ში გამოქვეყნდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ ყოველდღიურად მიღებული წყლის დაახლოებით ნახევარი ორგანიზმში საკვებიდან აღწევს, მეცნიერთა შეფასებით, რეალურად, დღეში მხოლოდ 1,5-დან 1,8 ლიტრამდე წყლის დალევაა საჭირო.
„თავდაპირველი შეფასება – დღეში 2 ლიტრი წყალი – მცირედ არასწორი გაანგარიშების შედეგია“, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი და დასძენს, რომ დღის განმავლობაში მიღებული სითხის მოცულობა არ უდრის დალეული წყლისას, ვინაიდან H2O ჩვენს ორგანიზმში საკვებიდანაც აღწევს.
მეცნიერის თქმით, მართალია, ეს წინა კვლევებშიც იყო გათვალისწინებული და გაანგარიშებული, თუმცა მისი აზრით, გამოკითხულებმა დღის განმავლობაში მიღებული საკვების საშუალო მოცულობის შესახებ შეკითხვას, დიდი ალბათობით, გულახდილი პასუხები არ გასცეს.
თუმცა, ახლა მეცნიერები ორგანიზმში წყლის ზუსტი ბრუნვის გამოთვლას სტაბილური იზოტოპის ტექნიკის გამოყენებით ცდილობენ. მათ ჩაატარეს კვლევა თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელ 5,604 ადამიანზე მსოფლიოს 23 ქვეყნიდან.
კვლევაში მონაწილე პირებს სასმელ წყალში წყალბადის ზოგიერთი მოლეკულა ელემენტის სტაბილური იზოტოპით შეუცვალეს, რომელსაც დეიტერიუმი ეწოდება. ის ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმში და სრულიად უვნებელია.
სხეულში დამატებით მოხვედრილი დეიტერიუმის ელიმინაციის სიჩქარე გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად ხდება წყლის მიმოცვლა ორგანიზმში. ადამიანებს, რომლებშიც წყლის ბრუნვის მაღალი დონე აღენიშნებათ, ჩვეულებრივ, მეტი წყლის დალევა სჭირდებათ.
წყლის მიმოცვლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, საშუალოდ 4,2 ლიტრი დღეში, 20-35 წლის მამაკაცებში დაფიქსირდა. შედარებისთვის, 20-40 წლის ქალების შემთხვევაში ბრუნვამ საშუალოდ 3,3 ლიტრი შეადგინა. ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი შემცირდა და, მაგალითად, 90 წლის მამაკაცებში დღეში საშუალოდ 2,5 ლიტრს გაუტოლდა, ისევე როგორც ამავე ასაკის ქალებში.
თუმცა, მეცნიერების შენიშვნით, წყლის მიმოცვლის მაჩვენებელი არ მიანიშნებს, რომ სწორედ ამდენი სითხე უნდა მივიღოთ. მკვლევართა განცხადებით, სხვადასხვა სახით დღეში დაახლოებით 3,6 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. მათივე დასკვნით, ვინაიდან H2O-ს ნახევარზე მეტს საკვებიდან ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში 2 ლიტრი წყლის დალევა გადაჭარბებულია.
სპეციალისტების თქმით, ახალი კვლევა წარმოადგენს დიდ წინსვლას მომავალში წყლის საჭიროების პროგნოზირებისთვის.
FDA-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი დაამტკიცა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ახალი პრეპარატი, სახელწოდებით Hemgenix-ი დაამტკიცა, რომელიც B ჰემოფილიით, იმავე სისხლის შედედების დარღვევით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.
ვინაიდან, ჯანმრთელობის მსგავსი დარღვევა საკმაოდ იშვიათია, მოსალოდნელია, რომ მას მსოფლიოში პაციენტთა მცირე ჯგუფი გამოიყენებს. თუმცა, მედიკამენტის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, მისმა ფასმა განაპირობა. როგორც ცნობილია, ეს დღემდე შექმნილი ყველაზე ძვირად ღირებული პრეპარატია.
ვიდრე მედიკამენტის ფასს განვიხილავდეთ გეტყვით, რომ B ჰემოფილია არის დარღვევა, როდესაც ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ფაქტორი IX-ის სახელწოდებით ცნობილი ცილის საკმარის დონეს, რომელიც ტრავმის შემთხვევაში, ოპერაციის ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს სისხლდენის შესაჩერებლად არის საჭირო.
პენსილვანიაში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია CSL Behring-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი Hemgenix-ი ერთჯერადი გენური თერაპიაა, რომელიც ზემოხსენებული ცილის წარმომქმნელი გენის ასლს ორგანიზმში უშვებს. ის პაციენტის ღვიძლში აღწევს და ორგანიზმში სისხლის შედედების ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება Hemgenix-ის ფასს, როგორც ცნობილია, პრეპარატის ერთი დოზა 3.5 მილიონი აშშ დოლარი ეღირება. თუმცა აღნიშნული თანხა გაცილებით ცოტაა აქამდე არსებულ მკურნალობის მეთოდთან შედარებით, რომლის გამოყენებაც პაციენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწევთ და ეს პროცედურები საერთო ჯამში საშუალოდ 21-დან 23 მილიონ აშშ დოლარამდე ჯდება.
NASA: 2030 წლისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ
BBC-ის ერთ-ერთ გადაცემაში აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ და იმუშავებენ.
უფრო კონკრეტულად, NASA-ს მთვარის კოსმოსური ხომალდის, Orion-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰუმ აღნიშნა, რომ ასტრონავტები ამ ათწლეულის ბოლოსთვის დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ხანგრძლივად დარჩებიან.
”ჩვენ ვაპირებთ ადამიანების გაგზავნას მთვარის ზედაპირზე, ისინი იცხოვრებენ ამ ზედაპირზე და სამეცნიერო საქმიანობას წარმართავენ“, – განაცხადა მან BBC-სთან.
ჰოვარდ ჰუს პროგნოზის ასრულებამდე პირველი ნაბიჯები ცოტა ხნის წინ გადაიდგა, როდესაც NASA-მ პროგრამა „არტემისის“ სადებიუტო მისიის ფარგლებში, პარტნიორ კოსმოსურ სააგენტოებთან ერთად, მთვარისკენ მეგარაკეტა SLS-ი და კაფსულა Orion-ი გაუშვა. Orion-მა მთვარესთან მიახლოება 21 ნოემბერს შეძლო და სვლა განაგრძო. ის ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს დაახლოებით 65,000 კილომეტრით დაშორდება, შემდეგ კი კვლავ დედამიწისკენ გამოემართება. გეგმის მიხედვით, კაფსულა 11 დეკემბერს წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს მახლობლად დაეშვება.
სწორედ ზემოხსენებული აპარატების მეშვეობით იგეგმება 2025 წლისთვის ისტორიული მისია, რომელიც დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანს მთვარეზე დააბრუნებს.
თუმცა ამ ფრენის შესრულებამდე რამდენიმე სატესტო მისია განხორციელდება, მათ შორის ეკიპაჟიანი. წინასწარი ცნობით, 2024 წელს ასტრონავტები SLS-ის დახმარებით Orion-ით მთვარისკენ გაემართებიან, ჩვენს თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.
გრიპის მომავალი პანდემიისგან კაცობრიობის დასაცავად მეცნიერებმა mRNA-ვაქცინა შექმნეს
პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა შექმნეს ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც, კლინიკური ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გრიპის მომავალი პანდემიისგან ადამიანების დაცვას შეძლებს, – ამის შესახებ მედიასააგენტო Reuters-ი იტყობინება.
„მულტივალენტურ“ ვაქცინას, რომელიც mRNA-ტექნოლოგიას ეფუძნება, შეეძლება დაიცვას ადამიანი გრიპის ვირუსის 20-ვე ცნობილი ქვეტიპისგან. შეგახსენებთ, სწორედ ეს ტექნოლოგიაა გამოყენებული Pfizer-ისა და Moderna-ს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო საინიექციო პრეპარატებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გრიპის ვაქცინები, ისინი ვერ გვთავაზობენ დაცვას ახალი, პოტენციურად პანდემიური შტამებისგან.
თაგვებზე ტესტირებისას, ექსპერიმენტულმა mRNA-ვაქცინამ ორგანიზმში ანტისხეულების მაღალი დონე გამოავლინა, რომლებიც ეფექტიანად რეაგირებდნენ გრიპის 20-ვე ცნობილ ქვეტიპზე.
სხვა ვაქცინებისაგან განსხვავებით, მოსალოდნელია, რომ ახლად შექმნილი პრეპარატი გამოიწვევს მეხსიერების იმუნურ პასუხს, რომელიც შეიძლება სწრაფად მოერგოს ახალ პანდემიურ ვირუსულ შტამებს, რითაც ხელს შეუწყობს მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილს შემთხვევების შემცირებას.
ექსპერიმენტული ვაქცინის შემქმნელები ამჟამად კლინიკური ცდების ჩასატარებლად ემზადებიან.
2028 წლისთვის ჩინეთი მთვარეზე ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ბაზის აშენებას გეგმავს
ჩინეთი კოსმოსში NASA-ს დომინირებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად კვლევებს აძლიერებს და ამჯერად, 2028 წლისთვის, მთვარეზე პირველი ბაზის აშენებას აანონსებს. Caixin-ის ინფორმაციით, მთვარის ბაზა, სავარაუდოდ, ბირთვული ენერგიით მომარაგდება.
ბაზის ძირითადი კონსტრუქცია ლენდერისგან, ჰოპერისგან, ორბიტული საფრენი აპარატისა და როვერისგან შედგება. ბაზა Chang’e 6, 7 და 8 მისიების განმავლობაში აშენდება. პროგრამის მთავარი კონსტრუქტორის ვარაუდით, ჩინელი ასტრონავტები მთვარეზე გამგზავრებას, სავარაუდოდ, მომავალი ათი წლის განმავლობაში შეძლებენ. მისივე განცხადებით, ბირთვული ენერგია მთვარის სადგურის გრძელვადიან და მაღალ ენერგომოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.
ჩინეთის ამბიციები კოსმოსში ბოლო წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა. ქვეყანამ დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგური ააშენა და მთვარეზე როვერებიც გაგზავნა. ჩინეთის გეგმები პირდაპირ კონკურენციაშია ამერიკის შეერთებული შტატების მიზნებთან. NASA 1970-იან წლებში დასრულებული Apollo-ს პროგრამის შემდეგ პირველად, ათწლეულის ბოლომდე, მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას გეგმავს.
კოსმოსურ კვლევებზე ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. ცნობისთვის, 2019 წელს, ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის შორეულ მხარეს როვერის დასმა და იქიდან მთვარის პირველი ნიმუშების მოპოვება შეძლო. სამხრეთ პოლუსი, სადაც ჩინეთის ბაზა პირველი იქნება, მეცნიერთა დაკვირვებით საუკეთესო ადგილია წყლის საპოვნელად და შესაბამისად, NASA-ს ინტერესის სფეროშიცაა. ჩინეთის მიზანი კი, საბოლოოდ, ბაზის საერთაშორისო კვლევით სადგურად გაფართოებაა.
Christie’s–მა აუქციონზე ტირანოზავრი რექსის ჩონჩხის გაყიდვის პროცესი შეაჩერა
Christie’s-მა, ჰონგ–კონგში დაგეგმილ აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, კატალოგიდან ტირანოზავრი რექსის ჩონჩხი ამოიღო. სააუქციონო სახლის წარმომადგენლების მიერ New York Times-თან გაკეთებული განმარტებით, გაყიდვამდე „უმჯობესი იქნებოდა [ჩონჩხის] შემდგომი შესწავლა“.
ტირანოზავრი რექსის ჩონჩხი, რომელსაც სახელად – „შენ“, მოიხსენიებენ ჰონგ-კონგში 30 ნოემბერს უნდა გაყიდულიყო. ის 15-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე იყო შეფასებული.
„შენის“ სიგრძე 12.2 მეტრს შეადგენს, სიმაღლე – 4.6 მეტრი, წონა კი 1400 კილოგრამია. ის აშშ-ში, მონტანაში 2020 წელს აღმოაჩინეს. სპეციალისტების გამოთვლით, ჩონჩხი, დაახლოებით 66-68 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ტირანოზავრ რექსს ეკუთვნის.
Christie’s-მა „შენის“ კატალოგიდან ამოღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პალეონტოლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჩონჩხი შეიცავდა საავტორო უფლებებით დაცულ ძვლების ასლს სხვა ნიმუშიდან.
როგორც CNN იუწყება, „შენის“ მფლობელმა ჩონჩხის მუზეუმისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
დინოზავრის ჩონჩხების ნაწილობრივი რეკონსტრუქცია სხვა ნიმუშების ჩონჩხის ასლების დამზადებით არც ისე უცხო პრაქტიკაა. ხშირად, ორიგინალი ძვლის გარდა, იმისთვის, რომ ჩონჩხი მთლიანი გამოჩნდეს, მსგავსი გზით მიღებულ ძვლების ასლებს იყენებენ.
თუმცა, როგორც პალეონტოლოგი პიტერ ლარსონი, Black Hills-ის გეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი სამხრეთ დაკოტაში, მიიჩნევს, „შენი“ უმეტესწილად ტირანოზავრი რექსი „სტენის“ ნაწილების ასლებით აიწყო. საუბარია ჩონჩხზე, რომელიც 2020 წელს Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ $31.8 მილიონად გაიყიდა. ლარსონის თქმით, ჩონჩხზე ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს მისი ორგანიზაცია ფლობს.