გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

2023 წელი მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. ეს, განსაკუთრებით, მედიცინის დარგს ეხება. BioNTech-სა და დიდ ბრიტანეთის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში გერმანული კომპანიის კიბოს საწინააღმდეგო, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თერაპია გამოიცდება. ამის პარალელურად კი Geron Corporation-ის ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა, რომელიც სისხლის კიბოსთან საბრძოლველად შეიქმნა, კლინიკური ტესტირებისას დადებითი შედეგი აჩვენა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო FDA-მ, რომელმაც აშშ-ის აფთიაქებში აბორტის აბების გაყიდვა პირველად დაუშვა, მოგვიანებით კი, მან Eisai-ისა და Biogen-ის მიერ შექმნილი, ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტი ლეკანემაბი დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

წინამდებარე მიმოხილვა გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

BioNTech-ი ბრიტანეთში კიბოს mRNA-თერაპიის გამოცდას გეგმავს

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თერაპიის გამოცდას გეგმავს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა.

BioNTech-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2030 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 10,000 ბრიტანელისთვის კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული თერაპია საცდელი ან უკვე ავტორიზებული სახით იქნება ხელმისაწვდომი.

საერთო ჯამში ბრიტანეთის მთავრობასთან შეთანხმებული პროექტი ფოკუსირებული იქნება კიბოს იმუნოთერაპიაზე, ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინასა და BioNTech-ის აღნიშნულ ქვეყანაში გაფართოებაზე, -აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ BioNTech-ი კემბრიჯში კვლევით ცენტრს, ხოლო ლონდონში რეგიონულ სათავო ოფისს გახსნის.

შეგახსენებთ, BioNTech-ი ასევე ავითარებს mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მალარიის, გრიპისა და ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

რაც შეეხება mRNA-ზე დაფუძნებულ კიბოს თერაპიას, გერმანული კომპანია ამ მიმართულებით 2008 წელს დაარსების დღიდან მუშაობს. მისი ექსპერიმენტული პრეპარატები ამ დრომდე რამდენიმე ასეულ ადამიანზეა გამოცდილი.

Perseverance-ს წითელ პლანეტაზე ყოფნის ერთი მარსული წელი შეუსრულდა

6 იანვარს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) როვერს, Perseverance-ს წითელ პლანეტაზე ყოფნის ერთი მარსული წელი შეუსრულდა, რომელიც დედამიწის 687 დღეს უდრის. შეგახსენებთ, მარსმავალი ციურ სხეულზე მდებარე იეზეროს კრატერში 2021 წლის 18 თებერვალს ჩაეშვა.

Perseverance-ს წითელ პლანეტაზე ორი ძირითადი ამოცანა აქვს: როვერი მარსზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის ნიშნების მოძიებას ცდილობს, რისთვისაც ზემოხსენებულ, 45 კილომეტრის სიგანის მქონე კრატერს იკვლევს, სადაც, მეცნიერების ვარაუდით, მილიარდობით წლის წინ ტბა და მდინარის დელტა იყო. გარდა ამისა, აპარატი საკვლევ ნიმუშებს აგროვებს, რომლებსაც NASA ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობით 2030-იანი წლების დასაწყისში დედამიწაზე ჩამოიტანს.

უნდა აღინიშნოს, რომ Perseverance-სთან ერთად წითელ პლანეტაზე ყოფნის ერთი მარსული წელი შეუსრულდა ასევე NASA-ს მინი-ვერტმფრენს, Ingenuity-ის, რომელიც სააგენტომ ციური სხეულისკენ სწორედ ახალ მარსმავალთან ერთად გაგზავნა. ცნობისთვის, Ingenuity-იმ მარსზე უკვე 38 ფრენა შეასრულა.

შეგახსენებთ, Perseverance-ი და Ingenuity-ი მარსისკენ 2020 წლის 30 ივლისს, რაკეტა Atlas V 541-ის დახმარებით გაუშვეს.

FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) Eisai-ისა და Biogen-ის მიერ შექმნილი, ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტი ლეკანემაბი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. პრეპარატი იმ პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც დაავადების ადრეული ნიშნები აქვთ გამოვლენილი. როგორც ცნობილია, კომპანიებმა მარეგულირებელს ლეკანემაბის სრულად დასამტკიცებლად უკვე მიმართეს.

მედიკამენტი, რომელიც Leqembi-ის ბრენდის ქვეშ გაიყიდება, მიზნად ისახავს შეანელოს ნეიროდეგენერაციული დაავადების პროგრესირება ტვინიდან ტოქსიკური პროტეინის, ბეტა ამილოიდის გროვის მოცილებით. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა წინა ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც ამავე მიზნით შეიქმნა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ლეკანემაბმა ეფექტიანად შეანელა კოგნიტიური დაქვეითება ზოგიერთი ცდისპირის შემთხვევაში. ტესტირებამ ასევე დაადგინა, რომ კოგნიტიური დაქვეითება იყო 27%-ით ნელი 18 თვის განმავლობაში იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ლეკანემაბს, მათთან შედარებით, ვინც ამ პრეპარატს არ იღებდა.

Eisai-ისა და Biogen-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი განკუთვნილია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ინტრავენური გზით მისაღებად. როგორც ცნობილია, ერთი წლის განმავლობაში სამყოფი ლეკანემაბის ჯამური ღირებულება $26,500 იქნება.

რაც შეეხება უკუჩვენებებს: New England Journal of Medicine-ის კვლევის თანახმად, ცდისპირთა დაახლოებით 17%-ს აღენიშნებოდა ტვინში სისხლდენა, იმ 9%-თან შედარებით, ვინც არ იღებდა პრეპარატს. თითქმის 13%-ს განუვითარდა ტვინის შეშუპება, ხოლო საკონტროლო ჯგუფის მხოლოდ 2%-ს, ვინც არ იღებდა ლეკანემაბს, აღენიშნა ეს სიმპტომი. თუმცა, ამ უკუჩვენებების უმეტესობა არ იყო მძიმე და ცდისპირები მისგან რამდენიმე თვეში გათავისუფლდნენ.

ამის მიუხედავად, კვლევაში მონაწილეთა 3%-ს აღენიშნებოდა ტვინის უფრო მძიმე შეშუპება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაბნეულობა და მხედველობის დარღვევა.

New England Journal of Medicine-ის მიერ გამოქვეყნებულ ცალკეულ კვლევაში კი ყურადღება გამახვილებულია ტესტირების დროს დაფიქსირებულ სიკვდილის ფაქტზე. უფრო კონკრეტულად კი კვლევაში მონაწილე ერთ ცდისპირს ცდების განმავლობაში ინსულტი განუვითარდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ცდისპირის სიკვდილი ლეკანემაბისა და ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორის (t-PA) პარალელურად გამოყენებამ გამოიწვია, რომელსაც პაციენტი ინტრავენური გზით თრომბის გასაწმენდად იღებდა.

Geron-ის სისხლის კიბოს სამკურნალო მედიკამენტმა კლინიკური კვლევისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

ამერიკული კომპანია Geron Corporation-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისმა ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა, რომელიც სისხლის კიბოსთან საბრძოლველად შეიქმნა, კლინიკური ტესტირებისას დადებითი შედეგი აჩვენა. სიახლის გავრცელების შემდეგ, მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.

კომპანიის განცხადებით, პრეპარატი იმეტელსტატი გამოიცადა პაციენტებზე, რომელთაც დაბალი რისკის მიელოდისპლასტიკური სინდრომების (MDS) სახელწოდებით ცნობილი დაავადება აწუხებთ. ეს დაავადება, ანემიის სამართავად, სისხლის ხშირ გადასხმას საჭიროებს.

პრეპარატი, დამტკიცების შემთხვევაში, შევა ბაზარზე, რომელსაც უკვე ჰყავს ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა მაგალითად Bristol Myers Squibb-ის მედიკამენტი Reblozyl-ი. ეს უკანასკნელი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო მიერ (FDA) დაავადების სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდაა ავტორიზებული.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, Geron-ის განცხადებით, 118 პაციენტიდან თითქმის 40%-მა, რომლებიც მის პრეპარატს იღებდნენ, აჩვენა დამოუკიდებლობა ტრანსფუზიისგან რვა კვირის განმავლობაში. პლაცებოს შემთხვევაში მსგავსი შედეგი 60 პაციენტიდან 15%-ს ჰქონდა.

Geron-ი მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნით FDA-ის 2023 წლის შუა პერიოდში მიმართვას.

სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა ზონდმა დედამიწის ფოტოები გადაიღო

მთვარისკენ გაშვებულმა პირველმა სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა ზონდმა, სახელწოდებით Danuri, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის ფონზე დედამიწას ფოტოები გადაუღო. ამის შესახებ ინფორმაცია ვიზუალურ მასალასთან ერთად ეროვნულმა კოსმოსურმა ცენტრმა გაავრცელა.

როგორც სამხრეთ კორეის კოსმოსურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (KARI) განაცხადა, აპარატმა კადრები 24 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს დააფიქსირა. ამ დროს Danuri მთვარიდან სულ მცირე 120 კილომეტრის დისტანციაზე იმყოფებოდა. კოსმოსური ცენტრის ცნობით, აპარატი მთვარის გარშემო შემოვლას ორ საათს ანდომებს.

ფოტო: KARI

KARI-ის ცნობით მსგავსი ფოტოები, ასევე Danuri-ის მიერ მოპოვებული ვიდეომასალა 2032 წელს მთვარის ზედაპირზე აპარატის დასაშვებად ადგილის შესარჩევად იქნება გამოყენებული.

გეგმის მიხედვით სამხრეთკორეული ორბიტერი სამეცნიერო მისიას მომდევნო თვიდან დაიწყებს. მისია მოიცავს მთვარის რელიეფის რუკების შედგენას და ანალიზს, მაგნიტური ძალისა და გამა გამოსხივების გაზომვას.

ამისთვის Danuri ექვსი სამეცნიერო ხელსაწყოთი არის აღჭურვილი, რომელთა დანიშნულება მთავრის შესახებ სხვადასხვა მონაცემის შეგროვებაა. ამ ინსტრუმენტებიდან ხუთი – რელიეფის გამოსახულების კამერა, ფართოკუთხიანი პოლარიმეტრიული კამერა, მაგნიტომეტრი, გამა-სხივების სპექტრომეტრი და ახალი, ქსელური ტექნოლოგიის სატესტო მოწყობილობა – კორეის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ არის შექმნილი.

ფოტო: KARI

სამხრეთ კორეას კოსმოსის ათვისების კუთხით სამომავლოდაც ამბიციური გეგმები აქვს. ის 2032 წელს მთვარეზე რობოტული აპარატის დასმას, 2045 წელს კი მარსზე მისიის განხორციელებას გეგმავს.

Danuri მთვარისკენ 2022 წლის 4 აგვისტოს გაუშვეს. აპარატი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე 17 დეკემბერს შევიდა. აღსანიშნავია, რომ 678-კილოგრამიანი Danuri არის სამხრეთ კორეის პირველი აპარატი, რომელიც სამეცნიერო მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტის ფარგლებს გასცა. ამ მისიის ღირებულება 180 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

FDA-მ აფთიაქებში აბორტისთვის აბების გაყიდვა პირველად დაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში აბორტის აბების გაყიდვა პირველად დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, მედიკამენტური აბორტის აკრძალვას უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს.

მარეგულირებელი ცვლილება სავარაუდოდ აბორტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რადგან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აბორტის მსურველთა უფლებების დაცვას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ივნისში Roe v Wade-ის გადაწყვეტილება უარყო და აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა.

აფთიაქებს „მიფეპრისტონის“, იმავე Mifeprex-ის აბების გაყიდვისთვის სერტიფიკატის მისაღებად მწარმოებელ კომპანიებში განაცხადის გაკეთება უკვე შეუძლიათ. აბორტის აბს ორი კომპანია, Danco Laboratories-ი და GenBioPro აწარმოებს. აბორტის უფლების დამცველების განცხადებით, მედიკამენტს უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს, დოზის გადაჭარბებისა და დამოკიდებულების გაჩენის რისკის გარეშე. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთსა და მექსიკაში, ქალებს აბორტის მედიკამენტის შეძენა რეცეპტის გარეშეც შეუძლიათ.