გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა NASA-სგან კონტრაქტი მიიღო, რომლის თანახმად, ის 2024 წლისთვის მარსისკენ რაკეტა New Glenn-ის დახმარებით სააგენტოს ორ ხომალდს გაუშვებს. 2022 წლის აგვისტოში წარუმატებელი სადებიუტო ფრენის შემდეგ კი, ინდოეთის ახალმა რაკეტამ, SSLV-მ პირველი წარმატებული მისია განახორციელა.

სიახლეებია მედიცინის დარგშიც: BioNTech-ი გერმანიაში mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პრეპარატებზე ორიენტირებულ ახალ საწარმოში $43 მილიონის ინვესტირებას გეგმავს; მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელსაც რესპირატორული ვირუსების იდენტიფიცირება ხუთ წუთში შეუძლია; მკვლევრებმა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი დაადგინეს.

წინამდებარე ბლოგში მეცნიერების სფეროს სწორედ ამ სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მოგიყვებით.

ჯეფ ბეზოსის Blue Originი 2024 წელს NASA-სთვის მარსისკენ მისიას განახორციელებს

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი მარსის მაგნიტოსფეროს შესასწავლად 2024 წლისთვის დაგეგმილი მისიისთვის შეარჩია. აღნიშნულის შესახებ NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, მისია ESCAPADE-ის ფარგლებში Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის დახმარებით კოსმოსურ ხომალდთა წყვილს ფლორიდაში მდებარე კაპე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან გაუშვებენ.

ფოტო: Blue Origin

ESCAPADE-ის ფარგლებში Rocket Lab-ის მიერ შექმნილი აპარატების წყვილი მარსის მაგნიტოსფეროს შესწავლას შეეცდება. მისიის მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორ გააიშვიათა მზის ქარმა (მზის დამუხტულმა ნაწილაკებმა) წითელი პლანეტის ატმოსფერო ასწლეულების განმავლობაში.

აღნიშნულის დადგენა კი, შესაძლოა, მეცნიერებს იმის გარკვევაში დაეხმაროს, თუ როგორ გამოშრა მარსი დროთა განმავლობაში. როგორც წითელ პლანეტაზე დაკვირვებიდან ვიგებთ, მილიარდობით წლის წინ, ციური სხეულის ზედაპირზე დიდი რაოდენობით წყალი მოედინებოდა.

ხუთშაბათს გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები NASA-ს არ გაუსაჯაროებია, თუმცა SpaceNews-ის განცხადებით, რომელიც მისივე ცნობით, სახელმწიფო დოკუმენტაციას ეყრდნობა, კონტრაქტის ღირებულება $20 მილიონს შეადგენს. ხელშეკრულება სააგენტოს პროგრამა VADR-ის ფარგლებში გაფორმდა, რომელიც 13 კომპანიასა და დაახლოებით $300 მილიონის კონტრაქტებს აერთიანებს.

BioNTech-ი გერმანიაში mRNAმედიკამენტების საწარმოში $43 მილიონი ინვესტირებას გეგმავს

ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი გერმანიაში mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პრეპარატებზე ორიენტირებულ ახალ საწარმოში $43 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც მარბურგში განლაგებულ ობიექტს ხუთშაბათს ეწვია, კომპანიის აღნიშნულ ინვესტიციას მიესალმება. „გერმანია და ევროპა უფრო ძლიერდებიან ადგილობრივი ღირებულების ჯაჭვების მშენებლობით“, – განაცხადა შოლცმა.

ახალი ობიექტის წყალობით, BioNTech-ი ცდილობს მეტი კონტროლის მოპოვებას მიწოდების ჯაჭვზე. შეგახსენებთ, აღნიშნული კუთხით პანდემიის დროს კრიზისული ვითარება შეიქმნა.

ფოტო: REUTERS

BioNTech-ის ახალი დაწესებულება მოიცავს ორ საწარმოს პლაზმიდური დნმ-ის კლინიკური და კომერციული წარმოებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი მასალაა mRNA-სა და უჯრედზე დაფუძნებული მედიკამენტების წარმოებისთვის.

ცნობისთვის, კლინიკური მიმართულების საწარმო 2022 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს, კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ობიექტი კი, გეგმის მიხედვით, მზად 2023 წლის ბოლომდე უნდა იყოს.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელსაც რესპირატორული ვირუსების იდენტიფიცირება ხუთ წუთში შეუძლია

მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელსაც ჩვენთვის ცნობილი რესპირატორული ვირუსების ხუთ წუთში გამოვლენა შეუძლია.

მას აქვს პოტენციალი, ჩაანაცვლოს ტესტირების დღემდე არსებული მეთოდები, რომლებიც მხოლოდ ერთი ინფექციის გამოვლენის უნარით გამოირჩევიან, საჭიროებენ შრომატევად ლაბორატორიულ სამუშაოებს ან შედეგების სწრაფად მიღების შემთხვევაში ნაკლები სიზუსტით ხასიათდებიან.

ვირუსის გამოვლენისა და იდენტიფიკაციის ახალი მეთოდი აღწერილია ACS Nano-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომლის ავტორები გაერთიანებულ სამეფოში მდებარე უორიკის უნივერსიტეტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები არიან.

ფოტო: Getty Images

ნაშრომში განმარტებულია, თუ როგორ არის შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ტესტის ეფექტიანობა, სიზუსტე და დრო არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ვირუსების იდენტიფიცირებისთვის, არამედ შტამების დიფერენცირებისთვისაც.

ტესტირების ახალი მეთოდი მეცნიერებმა ჯონ რედკლიფის საავადმყოფოს პაციენტების 200-ზე მეტ კლინიკურ ნიმუშზე გამოცადეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია ამოიცნოს რესპირატორული ვირუსების სხვადასხვა ტიპი და შტამი, მათ შორის გრიპი და COVID-19, ხუთი წუთის განმავლობაში, >97% სიზუსტით.

ჯეიმს ვების ტელესკოპზე შეკითხვა Google-ს $100 მილიარდი დაუჯდა

ცოტა ხნის წინ, Google-მა OpenAI-სა და Microsoft-ის თანამშრომლობით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის კონკურენტი, Bard-ი წარადგინა, თუმცა მისი დებიუტი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ჩატბოტმა NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპის შესახებ დასმულ შეკითხვას არასწორად უპასუხა, რამაც Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის საბაზრო ღირებულების მკვეთრი კლება გამოიწვია.

კერძოდ კი, Bard-ს ჰკითხეს, ჯეიმს ვების ტელესკოპის რომელ ახალ აღმოჩენებზე შეიძლება ვუამბოთ 9 წლის ბავშვს. ხელოვნურმა ინტელექტმა შეკითხვაზე ორი სწორი პასუხი გასცა გალაქტიკებთან დაკავშირებით, თუმცა ჩატბოტის მიერ გაზიარებული მესამე ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. Bard-მა აღნიშნა, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტის/ეგზოპლანეტის პირველი ფოტო მოიპოვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ფოტო: Getty Images/iStockphoto

შეგახსენებთ, Webb-ი კოსმოსში 2021 წლის დეკემბერში გაუშვეს. მან სამეცნიერო მასალის მოპოვება 2022 წლის ივლისში დაიწყო და არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, თუმცა ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე ეგზოპლანეტის პირველი გამოსახულება, NASA-ს ცნობით, ჯერ კიდევ 2004 წელს, დედამიწაზე განლაგებულმა Very Large Telescope-მა მოიპოვა. ტელესკოპის ობიექტივში ეგზოპლანეტა 2M1207b მოხვდა.

Bard-ის მიერ შეკითხვაზე არასწორად გაცემული პასუხი Alphabet-ს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს კომპანიამ $100 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა.

მეცნიერებმა ღვიძლის დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი დაადგინეს. ეს მიგნება შესაძლოა მკვლევრებს ახალგაზრდებში აღნიშნული დაავადების განვითარების ახსნაში დაეხმაროს და საფუძვლად დაედოს მისი მკურნალობის პირველი მეთოდის შემუშავებას.

რაც შეეხება დაავადების განვითარების მიზეზს, ეს არის ნაოჭები, რომლებიც დნმ-ის შემცველ უჯრედულ განყოფილებებში წარმოიქმნება. მეცნიერების წინა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნაოჭიანი უჯრედული ბირთვები შეიძლება დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ დაავადებებთან, როგორიცაა დიაბეტი და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, უფრო მეტიც პასუხისმგებელი იყოს დაბერებაზე.

მკვლევართა განცხადებით, აღნიშნული ნაოჭების მკურნალობამ შესაძლოა შეაჩეროს როგორც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების განვითარება, ასევე შეანელოს ან შეაბრუნოს დაბერების პროცესი.

ფოტო: Getty Images/iStockphoto

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ. თუმცა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება აწუხებს იმ ადამიანებსაც, რომლებიც მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ იღებენ ალკოჰოლს. დაავადება განსაკუთრებით ხანდაზმულებსა და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებში იჩენს თავს.

ბევრ ადამიანში ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება სიმპტომებით არ ვლინდება, მათ შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ ეს დაავადება აქვთ. თუმცა ზოგის შემთხვევაში მან შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი მუცლის არეში, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუარესება. სამწუხაროდ, აღნიშნული დაავადების მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის.

ინდოეთის ახალმა რაკეტამ პირველი წარმატებული მისია განახორციელა

გასული წლის აგვისტოში წარუმატებელი სადებიუტო ფრენის შემდეგ, ინდოეთის ახალმა რაკეტამ, SSLV-მ პირველი წარმატებული მისია განახორციელა. ფრენა 10 თებერვალს, სატიშ დავანის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან შესრულდა.

რაკეტამ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციისთვის (ISRO) დედამიწაზე დასაკვირვებლად განკუთვნილი ხელოვნური თანამგზავრი EOS-07 და ორი კუბსატი აიტანა. სატელიტები ორბიტაზე რაკეტის გაშვებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, განსაზღვრულ პოზიციებზე, პლანეტის ზედაპირიდან 450 კილომეტრის დისტანციაზე განლაგდნენ.

ფოტო: ISRO

EOS-07 არის ექსპერიმენტული თანამგზავრი, რომლის დანიშნულება ახალი ინსტრუმენტების დემონსტრირება და ამ გზით მათი განვითარება-გაუმჯობესების ხელშეწყობაა. ესენია მილიმეტრიანი ტალღის ტენიანობის ხმოვანი მოწყობილობა და სპექტრის მონიტორინგის ინსტრუმენტი.

რაც შეეხება დანარჩენ ორ სატელიტს: Janus-1 „ჭკვიანი თანამგზავრია“, AzaadiSAT-2 კი სამოყვარულო რადიოკომუნიკაციის თანამგზავრი, რომელსაც ასევე შეუძლია კოსმოსში რადიაციის დონის გაზომვა.

ცნობისთვის, SSLV-ს, რომლის სიგრძე 34 მეტრს შეადგენს, დედამიწის დაბალ ორბიტაზე 500 კილოგრამამდე ტვირთის ატანა შეუძლია.