გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირა მეცნიერების სფეროსთვის სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ტრადიციულად, ჩვენი ყურადღების ცენტრში მედიცინის დარგი და კოსმოსის ათვისების მიმართულება მოექცა. მეცნიერების სფეროს წინამდებარე მიმოხილვაში გაეცნობით სიახლეებს ისეთი ცნობილი ორგანიზაციებისა და კომპანიების შესახებ, როგორებიცაა NASA, SpaceX-ი, Pfizer-ი, Moderna და სხვა.

სავარაუდოდ, NASA აშშ-ის 2024 წლის ბიუჯეტიდან $27.2 მილიარდს მიიღებს

აშშ-ის 2024 ფისკალური წლისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან ქვეყნის კოსმოსური სააგენტოსთვის 27.2 მილიარდი აშშ დოლარია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ეს $1.8 მილიარდით აღემატება NASA-სთვის მიმდინარე წელს გამოყოფილ ფინანსურ სახსრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს ბიუჯეტი 7%-ით გაიზრდება. ჯერი კონგრესზეა, რომელმაც ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.

შემოთავაზებული ბიუჯეტიდან NASA-სთვის 8.1 მილიარდი დოლარი 2024 ფისკალურ წელს მთვარის კვლევის პროგრამა „არტემისისთვის“ გამოიყოფა. ეს არის $500-მილიონიანი ზრდა 2023 წლის Artemis-ის დაფინანსებასთან შედარებით.

ბიუჯეტში 949 მილიონი აშშ დოლარი NASA-ს მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის პროექტისთვის არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, ამ პროექტში ის ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობს. ბოლო ინფორმაციით, წითელი პლანეტიდან ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა 2033 წელს იგეგმება.

სხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რომლებიც 2024 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასევე ვხვდებით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ორბიტიდან გამოსაყვან მექანიზმს. ამისთვის $180 მილიონია განსაზღვრული. ცნობისთვის, ISS-ის ფუნქციონირების შეწყვეტა 2030 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი – დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულს ორბიტიდან გამოიყვანენ და მის წყნარ ოკეანეში ჩაშვებას შეეცდებიან.

გარდა ამისა, აღსანიშნავია NASA-ს „Earth Science“-პროგრამა, რომლისთვისაც $2.5 მილიარდია განსაზღვრული.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია 13 მარტს გამოქვეყნდება.

FDA-მ შაკიკის სწრაფად მოქმედი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა, რომელიც მიგრენის, იმავე შაკიკის წინააღმდეგ სწრაფი მოქმედებით ხასიათდება. როგორც ცნობილია, მედიკამენტი ბაზარზე Zavzpret-ის სახელწოდებით გამოჩნდება.

Pfizer-ის პრეპარატი მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომების შეჩერებას ან შემცირებას იმ შემთხვევაში, თუ შაკიკის შეტევა უკვე დაწყებულია. ჩვეულებრივ, ამ დროს პაციენტს თავის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ღებინების შეგრძნება და სინათლის ან ხმის მიმართ მგრძნობელობის ზრდა აწუხებს.

თებერვალში გამოქვეყნებული ბოლო სტადიის კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ Zavzpret-ს შეუძლია ტკივილის სწრაფად შემსუბუქება, რისთვისაც სულ მცირე 15 წუთი სჭირდება. დაავადების სამკურნალო სხვა საშუალებებს ამისთვის შესაძლოა, სულ ცოტა ორი საათი დასჭირდეს.

ცნობისთვის, Pfizer-მა Zavzpret-ი და შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებები, მათ შორის Nurtec ODT, პორტფოლიოში გასულ წელს Biohaven Pharmaceutical-ის $11.6 მილიარდად შეძენის შემდეგ დაამატა.

SpaceX-ის Dragon-ის კაფსულით ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Endurance-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი Crew-5-ის მისიის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ. მათ ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე 157 დღე გაატარეს.

Endurance-ი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის ოთხი წევრი – NASA-ს ასტრონავტები ჯოშ კასადა და ნიკოლ მანი, იაპონელი კოიჩი ვაკატა და რუსი კოსმონავტი ანა კიკინა იმყოფებოდნენ, პარაშუტების დახმარებით ფლორიდაში, მექსიკის ყურის ტერიტორიაზე, წყალზე დაეშვა.

Crew-5-ის მისია რამდენიმე ფაქტით არის გამორჩეული. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ნიკოლ მანი გახდა პირველი აბორიგენი ამერიკელი ქალი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. ხოლო ანა კიკინა პირველი რუსია, რომელიც კერძო ამერიკული კოსმოსური ხომალდით დედამიწაზე დაეშვა.

ფოტო: Keegan Barber/NASA

შეგახსენებთ, SpaceX-მა Endurance-ის კაფსულით, რომელიც Crew-5-ის წევრებმა დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენეს, 2 მარტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია Crew-6-ის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი გაუშვა. მათ შორის არიან NASA-ს ორი ასტრონავტი: უორენ ჰობურგი და სტივენ ბოუენი, როსკოსმოსის კოსმონავტი ანდრეი ფედიაევი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ასტრონავტი სულთან ალ-ნეიადი.

აღსანიშნავია, რომ ალ-ნეიადი საამიროების პირველი ასტრონავტია, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხანგრძლივ მისიაში იღებს მონაწილეობას. გეგმის მიხედვით, Crew-6-ის წევრები ISS-ზე 180 დღეს დარჩებიან და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ ცდებისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

Access to Advanced Health Institute-ის (AAHI) მკვლევართა მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ მიერ შექმნილმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური ცდის ადრეულ ეტაპზე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. კვლევის შედეგები Nature Communications-ში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინის ლიოფილიზაცია და მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 37°C-ზე, რამდენიმე თვის განმავლობაში შენახვაა შესაძლებელი.

AAHI-ის მკვლევართა ძალისხმევა მიმართულია მსოფლიოში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთანავე, ვაქცინების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი დაბრკოლების დასაძლევად ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში.

მკვლევართა მიერ ჩატარებული ცდის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალი ვაქცინა უსაფრთხოა და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვაქცინამ ანტისხეულების საპასუხო რეაქცია წარმატებით გამოიწვია. ვაქცინის ტემპერატურულად სტაბილურმა ვერსიამ, ასევე გამოიმუშავა სისხლში ანტისხეულების უფრო მაღალი დონე, წინა, არასტაბილურ ვერსიასთან შედარებით.

ამის მიუხედავად, მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს შედეგები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რომელი ვაქცინა უზრუნველყოფს უფრო ძლიერ დაცვას ტუბერკულოზისგან, საკმარისი არ არის. შესაბამისად, ისინი კვლევების გაგრძელებას აანონსებენ.

Moderna mRNA-ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად დაახლოებით 2,000 თანამშრომელს დაიქირავებს 

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი, Moderna, 2023 წლის ბოლომდე გლობალურად დაახლოებით 2000 თანამშრომლის დაქირავებასა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ახალი ოფისების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიამ პარასკევს განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირების ფონზე, Moderna mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს.

შეგახსენებთ, Moderna ამ ეტაპზე mRNA-ტექნოლოგიის გამოყენებით კანის კიბოს, გრიპისა და რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინების შემუშავებაზეა ორიენტირებული. მათი დამტკიცების შემთხვევაში ეს ბიოტექნოლოგიურ კომპანიას მნიშვნელოვნად გაზრდის.

გასულ თვეში Moderna-მ იწინასწარმეტყველა მზარდი ხარჯები 2023 წლისთვის და COVID-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირება, რამაც კომპანიას შესაძლოა, წელს ზარალი მოუტანოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 31 დეკემბრის მდგომარეობით, მარეგულირებელი დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას დაახლოებით 3,900 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავდა.

შექმნეს საინიექციო ბიომასალა, რომელიც დაზიანებულ ქსოვილს შიგნიდან მკურნალობს

სან-დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCSD) მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიომასალა, რომელსაც სხეულში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ქსოვილში ანთების შემცირება და დაზიანებული უჯრედების აღდგენა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ახალი მასალა მღრღნელებსა და უფრო დიდი ზომის ცხოველების მოდელებზე უკვე გამოიცადა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბიომასალას გულის შეტევით გამოწვეული ქსოვილის დაზიანების, ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მკურნალობის პოტენციალი აქვს.

„ეს ბიომასალა დაზიანებული ქსოვილის შიგნიდან მკურნალობის საშუალებას იძლევა“, – აცხადებს კარენ კრისტმანი, ბიოინჟინერიის მიმართულების პროფესორი და ბიომასალის შემქმნელ მეცნიერთა ჯგუფის წამყვანმა მკვლევარმა.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი მასალის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ადამიანებში, კლინიკური ტესტირებისას, ერთ ან ორ წელიწადში შეაფასებენ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ბიომასალის გამოყენების ნებართვა გაიცემა, მისი დახმარებით პაციენტებში გულის შეტევის შედეგად დაზიანებული ქსოვილის მკურნალობა დაიწყება. ცნობისთვის, მსგავსი დაზიანება კუნთების ფუნქციონირებას ამცირებს და შესაძლოა, გულის შეგუბებითი უკმარისობა გამოიწვიოს.

FDA-მ Acadia-ს რეტის სინდრომის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Acadia Pharmaceuticals-ის პრეპარატი Daybue დაამტკიცა, რომელიც რეტის სინდრომის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მედიკამენტი, რომელსაც ზემოხსენებული დაავადების სამკურნალოდ ავტორიზაცია მიენიჭა.

ცნობისთვის, რეტის სინდრომი გენეტიკური ნეიროგანვითარების დარღვევაა. იგი ხასიათდება ატაქსიით, ეპილეფსული გულყრებით, მეტყველებისა და ქცევის შეუქცევადი, მძიმე დარღვევებით. ეს სინდრომი პირველად ავსტრიელმა მეცნიერმა ანდრეას რეტმა 1966 წელს აღწერა.

აშშ-ის ჯანმრთელობის მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, Daybue-ის გამოყენებას ორ წელზე უფროსი პაციენტები შეძლებენ. მედიკამენტის უკუჩვენებებს შორის დიარეა და წონის დაკლებაა მოხსენიებული.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ FDA-მ უარი თქვა, დაეშვა Acadia-ს წამლის, Nuplazid-ის გაფართოებული გამოყენება ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოზის სამკურნალოდ. ანალიტიკოსების თქმით, Daybue-ის დამტკიცება ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას უახლოეს პერსპექტივაში.

Acadia-მ განაცხადა, რომ გეგმავს, მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახადოს პაციენტებისთვის აპრილის ბოლომდე. კომპანია ფასის შესახებ დეტალებს არ ასახელებს. თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, ერთი წლის სამყოფი Daybue-ის ფასი $450,000 იქნება. მათივე პროგნოზით, აშშ-ში მედიკამენტის გაყიდვების პიკი, 487.2 მილიონი აშშ დოლარი, 2035 წლისთვის იქნება მიღწეული.

კანადაში ორმა კომპანიამ კოკაინისა და ჰეროინის გაყიდვის უფლება მიიღო

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში დაფუძნებულმა ორმა კომპანიამ, სამეცნიერო და სამკურნალო მიზნებისთვის, კოკაინის, ჰეროინისა და MDMA-ის ლეგალურად წარმოებისა და გაყიდვის ფედერალური ნებართვა მიიღო. ამის შესახებ Semafor-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

Health Canada-მ, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც მედიკამენტების პროგრამებს აკონტროლებს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებართვა ფართო საზოგადოებისთვის დასახელებული პროდუქტების ხელმისაწვდომობისთვის არ გაცემულა.

როგორც აღვნიშნეთ, ნებართვა ორმა კომპანიამ, Sunshine Earth Labs-მა და Adastra-მ მიიღო. პირველი მათგანი ფსიქოდელიური საშუალებების მწარმოებელია, მეორე კი კანაფის შემცველი პროდუქტების.

აღნიშნულ ნაბიჯს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათი განცხადებით, დამოკიდებულების გაჩენის საშიშროების გარდა, ახლად დამტკიცებული პროდუქტები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რისკებსაც შეიცავს.

OpenAI-ის CEO-მ დაბერების წინააღმდეგ მომუშავე სტარტაპში $180 მილიონი ჩადო

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმენი აღმოჩნდა პიროვნება, რომელმაც ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Retro Biosciences-ის წამოსაწყებად $180-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ MIT Technology Review-ი იტყობინება. Retro Biosciences-ი 2022 წელს გამოჩნდა და მიზნად გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით უჯრედების გაახალგაზრდავება დაისახა. აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის CEO-ს მიერ განხორციელებული ინვესტიცია ამ დრომდე საიდუმლოდ ინახებოდა.

შეგახსენებთ, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 2021 წელს მსგავს სტარტაპში, Altos Labs-ში განახორციელა ინვესტიცია. აღნიშნული კუთხით კვლევებში ინვესტიციები ასევე ჩადეს ჯეკ დორსიმ და მარკ ცუკერბერგმა. ცოტა ხნის წინ კი, Interesting Engineering-მა დაწერა, რომ 45 წლის მილიონერი ბრაიან ჯონსონი გასაახალგაზრდავებლად ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარს ხარჯავს ექსპერიმენტულ პროცედურაზე.

როგორც ცნობილია, სემ ოლტმენი არ მიმართავს მკურნალობის რაიმე კურსს ან თერაპიას მის მიერ დაფინანსებული სტარტაპის დახმარებით, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზას გადის.

ბევრს ოლტმენი Y Combinator-იდან ახსოვს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა. ამ პერიოდში მან განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ არაერთ სტარტაპში, მაგალითად Pinterest-ში, Airbnb-ში, Stripe-სა და სხვებში, განახორციელა ინვესტიცია. სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაინტერესდა პირველად ოლტმენი დაბერების საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიით. თუმცა, ამის შემდეგ ის ჩამოშორდა სტარტაპ ინვესტიციების მიმართულებას და დაიკავა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა OpenAI-ში, კომპანიაში, რომელიც ოლტმენმა 2015 წელს დააარსა.

მიუხედავად იმისა, რომ ის Y Combinator-ს ჩამოშორდა, როგორც ჩანს, დაბერების საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიების მიმართ ინტერესი არ განელებია, რაზეც მის მიერ Retro Biosciences-ში განხორციელებული ინვესტიციაც მეტყველებს.