გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით გამორჩეული აღმოჩნდა. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა. ბეისბოლის პროფესიონალურმა ამერიკულმა გუნდმა, New York Yankees-მა და NBA-ის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა საფეხბურთო კლუბ AC Milan-ის აქციათა მინორიტარული პაკეტი შეიძინეს. UEFA-მ კი ფინანსური წესების დარღვევისთვის რვა კლუბი საერთო ჯამში 172 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამასთან, ქართული ბეთინგ კომპანია Crocobet-ი იტალიის სერია A-ში მოთამაშე კლუბის, „ნაპოლის“ რეგიონული პარტნიორი გახდა.

სიახლეებია ტრანსფერების მიმართულებითაც – „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, ანტონი 95 მილიონ ევროდ შეიძინა; ზურიკო დავითაშვილი კი საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბში, „ბორდოში” იჯარის წესით გადავიდა.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ სწორედ ამ სიახლეებს გაეცნობით.

New York Yankees-მა და ლებრონ ჯეიმსმა „მილანის“ მინორიტარული წილი შეიძინეს

ბეისბოლის პროფესიონალურმა ამერიკულმა გუნდმა, New York Yankees-მა და ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბის, AC Milan-ის აქციათა მინორიტარული პაკეტი შეიძინეს, – ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

როგორც ირკვევა, გარიგებაში ლებრონ ჯეიმსი საკუთარი ფინანსური კომპანიის, Main Street Advisors-ის მეშვეობით მონაწილეობს, ხოლო New York Yankees-ი საფეხბურთო კლუბის წილს საკუთარი საინვესტიციო კომპანიის, Yankees Global Enterprises-ის მეშვეობით ყიდულობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე გარიგებაში მას მერე შევიდა, რაც „მილანის“ სრულად შეძენა კერძო კაპიტალის კომპანიამ, RedBird Capital Partners-მა $1.2 მილიარდად გადაწყვიტა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა გლობალური სპორტის ინდუსტრიაში. შეგახსენებთ, რომ $6 მილიარდად შეფასებული New York Yankees-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბეისბოლის გუნდია, ხოლო $1.2 მილიარდად შეფასებული AC Milan-ი ამგვარ საფეხბურთო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს. ლებრონ ჯეიმსი კი, რიგით მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტია, წელიწადში $121.2 მილიონის მოცულობის შემოსავლით – თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ამერიკულმა Forbes-მა ის მილიარდერთა სიაშიც შეიყვანა.

ფოტო: sportskeeda.com

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა RedBird Capital-ი ლებრონ ჯეიმსთან და სხვა სპორტულ გუნდებთან თანამშრომლობს – ის ლებრონ ჯეიმსის ერთ-ერთი კომპანიის, SpringHill-ისა და მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის, Fenway Sports Group-ის წილებს ფლობს. ეს უკანასკნელი წილებს ფლობს ბეისბოლის გუნდ Boston Rex Sox-ში, საფეხბურთო კლუბ Liverpool-სა და ამერიკული ფეხბურთის გუნდში, Pittsburgh Penguins-ში.

გარიგებაში მონაწილე კიდევ ერთ მხარეს, Yankees Global Enterprises-ს ამერიკული Forbes-ი $6.81 მილიარდად აფასებს, რითაც ის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების სიაში მე-6 ადგილს იკავებს. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია სპორტული სამაუწყებლო არხის, YES Network-ისა და ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე კლუბის, New York City FC-ის წილებსაც ფლობს.

ფინანსური წესების დარღვევის გამო, UEFA-მ რვა კლუბი €172 მილიონით დააჯარიმა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) ფინანსური წესების დარღვევისთვის რვა კლუბი საერთო ჯამში 172 მილიონი ევროთი დააჯარიმა. საქმე ეხება ე.წ. Financial Fair Play-ის (FFP) წესების დარღვევას, რომელიც ევროპულ საფეხბურთო კლუბებს შემოსავალზე მეტი თანხის დახარჯვას უკრძალავს.

ჯარიმების 15%-ს, 26 მილიონ ევროს დაჯარიმებულები ან დაუყოვნებლივ გადაიხდიან ან UEFA ტურნირებზე მათ მიერ მოპოვებული საპრიზო თანხიდან გაქვითავს. დანარჩენი 85%-ის გადახდა კი კლუბებს იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ შესაბამის ანგარიშსწორების ხელშეკრულებაში გაწერილ ვალდებულებებს პირნათლად არ შეასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ჯარიმა, 65 მილიონი ევრო, ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენს” დაეკისრა, თუმცა ზემოხსენებული სქემის მიხედვით, მას 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. €35-მილიონიანი ჯარიმიდან 5 მილიონ ევროს გადაიხდის იტალიური „რომა“. მათ გარდა, დაჯარიმებულ კლუბებს შორის ასევე არიან: საფრანგეთიდან – „მონაკო“ და „მარსელი“; იტალიიდან – „მილანი“, იუვენტუსი“ და „ინტერი“; თურქეთიდან – „ბეშიქთაში“.

UEFA-ის განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენთან“, „მონაკოსთან“, „მარსელთან“, „მილანთან“, „იუვენტუსთან“ და „ბეშიქთაშთან“ ჯარიმის მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაფარვაზე შეთანხმდა. რაც შეეხება „ინტერსა“ და „რომას“, კლუბებმა ამისთვის 4-წლიანი ვადა მოითხოვეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანტონი 95 მილიონ ევროდ შეიძინა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ინგლისურმა გრანდმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, ანტონი შეიძინა. როგორც ირკვევა, კლუბმა უშუალოდ მოთამაშის სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადა, დამატებით 5 მილიონი ევრო კი კონტრაქტის ბონუსებში დახარჯა.

22 წლის ბრაზილიელმა ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც კონტრაქტის კიდევ 12 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც მოიცავს.

„ეს არის წარმოუდგენელი მომენტი ჩემს კარიერაში, შევუერთდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო კლუბს. ყველას მადლიერი ვარ, ვისაც ჩემი სჯეროდა, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის, ყველა მწვრთნელისა და თანაგუნდელის, რადგან მათ გარეშე მე აქ ვერ მოვიდოდი“, – განაცხადა ანტონიმ.

ფოტო: Man Utd

ანტონი „იუნაიტედს“ „აიაქსიდან“ შეუერთდა, სადაც გასული ორი სეზონი გაატარა. მანამდე, 2020/21 წლების სეზონში ის ბრაზილიის კლუბ „სან პაულუში“ თამაშობდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ანტონიმ 134 საკლუბო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „სან პაულუსა“ და „აიაქსის“ მაისურებით მის ანგარიშზე 31 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.

ბრაზილიელმა მშობლიური ქვეყნის ნაკრებთან ერთად 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, „აიაქსთან“ ერთად კი ნიდერლანდების ერედივიზიონი მოიგო.

ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ „ბორდოს“ შეუერთდა

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბმა, „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილი გახდა, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი „ბორდოში“ იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, ფრანგულმა კლუბმა დავითაშვილის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.

შეგახსენებთ, „ბორდოში“ განათხოვრებამდე ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. მანამდე კი ტულას „არსენალში“ თამაშობდა. დავითაშვილმა ეს კლუბი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სპეციალური სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებით დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

ფოტო: girondins.com

ბათუმის „დინამოში“ დაბრუნების შემდეგ დავითაშვილმა ეროვნულ ლიგაში 14 შეხვედრაში ითამაშა და ექვსი გოლის გატანა, ასევე სამი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ცნობისთვის, მას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების რიგებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთა განმავლობაში თავი სამი გოლით გამოიჩინა.

Transfermarkt-ის მიხედვით, ზურიკო დავითაშვილის საბაზრო ღირებულება, მოცემული დროისთვის, 2 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ ის კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, €2.5 მილიონად 2019-2020 წლებში ფასობდა.

Crocobet-ი „ნაპოლის“ ბეთინგ პარტნიორი გახდა

ქართული კომპანია Crocobet-ი იტალიის სერია A-ში მოთამაშე კლუბის, „ნაპოლის“ რეგიონული ბეთინგ პარტნიორი გახდა.

Crocobet-ის თანადამფუძნებელმა მანფრედ ბოდნერმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმებაში დიდი წვლილი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას მიუძღვის, რომელმაც იტალიის ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, საწყის მატჩებში თავი არაერთხელ გამოიჩინა – სერია A-ს მეხუთე ტურის ბოლოს მის ანგარიშზე 4 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„ეს სტრატეგიული პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გავაფართოოთ ჩვენი გულშემატკივრების ბაზა. ჩვენი ბიზნესმოდელი განპირობებულია ემოციებითა და მედია-კონტენტის გავრცელებით. მოხარული ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ხედვა Crocobet-ს საქართველოში“, – განაცხადა კონტრაქტთან დაკავშირებით „ნაპოლის“ საერთაშორისო განვითარების მთავარმა ოფიცერმა, ტომასო ბიანჩინიმ.

ფოტო: AFP

შეგახსენებთ, ივლისში იტალიური კლუბის სპონსორების რიცხვს Coca-Cola შეუერთდა. ის, სპონსორების სიაში, „გლობალური პარტნიორის“ კატეგორიაში ადგილს ვიდეოთამაშების შემქმნელ კომპანია Konami-სა და Chiliz-ის მფლობელობაში არსებულ ფან-ტოკენის პლატფორმა Socios.com-ის გვერდით იკავებს.

გარდა ამისა, კლუბის „მთავარი პარტნიორები“ არიან მოდის ბრენდი Emporio Armani, ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი, „ნაპოლის“ მაისურის სპონსორი Lete და MSC Cruises-ი.

სერენა უილიამსმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა

„დიდი სლემის“ 23-გზის ჩემპიონმა, სერენა უილიამსა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. 40 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ბოლო მატჩი US Open-ზე, აილა ტომლიანოვიჩის წინააღმდეგ ჩაატარა და სამ სეტში 5:7; 7:6; 1:6 დათმო.

„აშკარაა, მე ჯერ კიდევ შემიძლია [თამაში]. თუმცა ამას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება. მზად ვარ ვიყო დედა, გამოვიკვლიო სერენას განსხვავებული ვერსია. ვგრძნობ, რომ ჩოგბურთს ნამდვილად მოვუტანე რაღაც – ვნება ნამდვილად კარგი სიტყვაა“, – განაცხადა აშშ-ის ღია პირველობაზე მარცხის შემდეგ სერენა უილიამსა და ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს „წარმოუდგენელი მოგზაურობისთვის“ მადლობა გადაუხდა.

“გულწრფელად, ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს გზა გავიარე და, რომ სერენა ვარ“, – დასძინა ვეტერანმა ჩოგბურთელმა.

ფოტო: AP

სერენა უილიამსის პროფესიონალური საჩოგბურთო კარიერა 27 წელს ითვლის. მის ანგარიშზე 76 – ინდივიდუალური და 23 წყვილთა ჯილდოა. მათ შორის უილიამსს ავსტრალიის ღია პირველობა – 7-ჯერ, „როლან გაროსი“ –  3-ჯერ, „უიმბლდონი“ – 7-ჯერ და აშშ-ის ღია პირველობა 6-ჯერ აქვს მოგებული.

Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის სერენა უილიამსის ქონება 260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მას კარიერის განმავლობაში კორტებიდან, საპრიზო თანხის სახით, 94.6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. მხოლოდ 2022 წელს სერენამ 99 ათას აშშ დოლარზე მეტის მოგება შეძლო.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *