გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. UEFA-მ კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2024“-ზე არ დაიშვება. ამის პარალელურად, „ბარსელონამ“ გასული ფინანსური წელი შეაჯამა და 2022/23 წლების სეზონის შემოსავლების პროგნოზი გაავრცელა.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს – ესპანეთის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2022 წლის ევრობასკეტი მოიგო; NBA-ში მოასპარეზე Phoenix Suns-ის მფლობელმა, რობერტ სარვერმა კი გუნდის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში მამარდაშვილისთვის ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით აქტიურად იწერებოდა, თუმცა რა თანხას მიიღებს ახალი კონტრაქტის საფუძველზე „ვალენსიისგან“ ქართველი მეკარე, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: valenciacf.com

21 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც „ვალენსიაში“ დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, კლუბში 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მათ შორის 2021/22 წლების კოპა დელ რეის ფინალში ითამაშა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. ესპანელებმა ფეხბურთელში 850 ათასი ევრო გადაიხადეს. Transfermarkt-ის თანახმად, მოცემული დროისთვის მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანეთმა „ევრობასკეტი 2022“ მოიგო

ესპანეთის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2022 წლის ევრობასკეტი მოიგო. მან გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ფინალში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 88:76 დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს მეოთხედ დაეუფლა. ესპანელებს ევრობასკეტი 2009, 2011 და 2015 წლებშიც აქვთ მოგებული.

ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების მხრიდან თავი ხუანჩო ერნანგომესმა გამოიჩინა. მან მეტოქეს 27 ქულა ჩაუგდო, გარდა ამისა, ხუთი მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება ფრანგებს, მათ შორის გამოსარჩევი ევან ფურნიე იყო. ამ უკანასკნელმა ნაკრებს 23 ქულა მოუპოვა.

ფოტო: euroleaguebasketball.net

ტურნირის დასრულების შემდეგ ევრობასკეტის ორგანიზატორებმა გამორჩეული მოთამაშეები გამოავლინეს. საუკეთესო ხუთეულს შორის ორი ესპანელი – ლორენცო ბრაუნი და ვილი ერნანგომესი, გერმანელი დენის შრიოდერი, ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო და ფრანგი რუდი გობერი მოხვდა.

წლევანდელი ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია, იტალია და საქართველო იყვნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ადგილზე დაასრულა.

Silver Lake-ი მანჩესტერ სიტის მეორე უმსხვილესი აქციონერი გახდა

საინვესტიციო ფირმა Silver Lake-მა „მანჩესტერ სიტის“ მფლობელ ჰოლდინგ City Football Group-ში წილი გაზარდა და შედეგად, ინგლისური საფეხბურთო კლუბის მეორე უმსხვილესი აქციონერი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Silver Lake-მა City Football Group-ის დამატებით დაახლოებით 4.1%-იანი წილი შეიძინა. შეგახსენებთ, ჰოლდინგს არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერი, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი აკონტროლებს. აქციები შეძენილ იქნა ჩინური საინვესტიციო კომპანია CMC Football Holdings-ისგან.

ამჟამად Silver Lake-ი საერთო ჯამში City Football Group-ის 14.5%-ს ფლობს, ხოლო CMC-ის წილი ჰოლდინგში დაახლოებით 8%-მდე შემცირდა.

ფოტო: nyt.com

Silver Lake-მა, თავდაპირველად, 2019 წელს City Football Group-ში დაახლოებით 10%-იანი წილი შეიძინა. ცნობისთვის, საინვესტიციო ფირმამ მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი ზელანდიის რაგბის გუნდის, All Blacks-ის 5.7%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებითაც განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ შეიხ მანსურის მფლობელობაში „მანჩესტერ სიტი“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბად იქცა. მან ინგლისის პრემიერ-ლიგის ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხი მოიგო. კონსორციუმმა, რომელსაც მხარს უჭერს China Media Capital Holdings-ი, City Football Group-ში წილი 2015 წელს შეიძინა.

UEFA-მ დაადასტურა, რომ რუსეთის ნაკრები „ევრო 2024“-ზე არ დაიშვება

საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია UEFA-მ სამშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის ნაკრები „ევრო 2024“-ზე არ დაიშვება. ტურნირის მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემპიონატზე ასპარეზობა არ აეკრძალება ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებს – ქვეყნის, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირეა.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში UEFA-მ და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანო FIFA-მ რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალა. რუსეთის სააპელაციო საჩივარი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა.

ფოტო: lagospost.ng

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი „ევრო 2024“-ის გათამაშებაზე დაიშვება, ის, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უკრაინასთან ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება.

ტურნირის შესარჩევი ჯგუფები 9 ოქტომბერს ფრანკფურტში დაგეგმილი ღონისძიების დროს დაკომპლექტდება.

„ბარსელონა“ შემოსავლის ზრდას პროგნოზირებს

„ბარსელონა“ 2022/23 წლების სეზონში 1.255 მილიარდი ევროს მოცულობის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს, საიდანაც, ესპანური კლუბის ვარაუდით, მოგება 274 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში „ბარსელონა“ დიდი ეკონომიკური სტრესის ქვეშ იყო მოქცეული, თუმცა ამ ზაფხულს მან გარკვეული ფინანსური ბერკეტები მოიპოვა, რამაც კლუბის გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა.

შეგახსენებთ, უკვე დასრულებული სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელებმა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, „სევილიის“ მცველი ჟიულ კუნდე, „ლიდსი იუნაიტედის“ გარემარბი რაფინია და თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე სხვა მოთამაშეები დაიმატეს.

ფოტო: Álex Caparrós

კლუბის გაძლიერება სატელევიზიო უფლებების 25%-ის საინვესტიციო ფირმა Sixth Street-ისთვის მიყიდვის წყალობით გახდა შესაძლებელი, რითაც „ბარსელონამ“ 500 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვა. კომპანიასთან 25-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ბარსელონამ“ ასევე მიჰყიდა თავისი პროდიუსერული კომპანიის, Barca Studios-ის 24.5% ფან-ტოკენის ფირმა Socios.com-ს და ამავე მოცულობის წილი Orpheus Media-ს. კლუბმა თითოეული კომპანიისგან დაახლოებით 100 მილიონი ევრო მიიღო.

ამ გარიგებების, ასევე გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2022/23 წლების სეზონისთვის კლუბის შემოსავალი და მოგება გაიზრდება. ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში „ბარსელონას“ შემოსავალმა 1.017 მილიარდი ევრო, ხოლო მოგებამ 98 მილიონი ევრო შეადგინა.

Phoenix Suns-ის მფლობელი გუნდის გაყიდვას გეგმავს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე Phoenix Suns-ის მფლობელმა, რობერტ სარვერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გუნდისთვის მყიდველს ეძებს. როგორც ირკვევა, ამერიკელი ბიზნესმენი „Suns“-ის სანაცვლოდ 4 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ NBA-მ სარვერი 10 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა და „Suns“-ს ერთი წლით ჩამოაშორა. მიზეზი სამსახურებრივი გადაცდომის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებაა.

დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელმაც 2004 წელს Phoenix Suns-ი და WNBA-ის გუნდი Phoenix Mercury შეიძინა, ქალი თანამშრომლების მიმართ არასამართლიანი მოპყრობა გამოიჩინა, რაც გარეგნობასთან დაკავშირებით შეუსაბამო შენიშვნებსა და სხვა შემავიწროებელ ქმედებებში გამოიხატა. გარდა ამისა, სარვერი რასობრივ შეურაცხყოფაშიც ამხილეს.

ფოტო: Getty Images

ცნობისთვის, რობერტ სარვერი უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Southwest Value Partners-ის (SWVP) თანადამფუძნებელია. ის, Phoenix Suns-ისა და Phoenix Mercury-ის გარდა, ესპანური საფეხბურთო კლუბის, „მალიორკას“ მფლობელია, რომელიც 2016 წელს 20 მილიონ ევროდ შეიძინა. რაც შეეხება Phoenix Suns-ს, ბიზნესმენმა NBA-ის გუნდში $401 მილიონი გადაიხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.