გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ცნობილი გახდა, რომ ბურთი, რომლითაც დიეგო მარადონამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს „ღმერთის ხელის“ სახელწოდებით ცნობილი საკამათო გოლი გაიტანა, აუქციონზე გაიყიდება. მაქს ფერსტაპენმა კი, რომელიც Red Bull-ის გუნდს წარმოადგენს, იაპონიის გრანპრი მოიგო და ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. გარდა ამისა, ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშის, ნეიმარის წინააღმდეგ გადასახადებისთვის თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებით სასამართლო პროცესი იწყება – მომჩივანი მხარე სპორტსმენისთვის ხუთწლიან პატიმრობას მოითხოვს. ამის პარალელურად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ მეტავერსის პლატფორმა Roblox-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ სწორედ ამ და სხვა სიახლეებს გაეცნობით.

ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელის“ სახელწოდებით ცნობილი გოლი გაიტანა, აუქციონზე გაიყიდება

ბურთი, რომლითაც ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს „ღმერთის ხელის“ სახელწოდებით ცნობილი საკამათო გოლი გაიტანა, 16 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გაიყიდება. როგორც ირკვევა, ნივთს Graham Budd Auction-ი $2.7-დან $3.3 მილიონამდე აფასებს.

ბურთი ტუნისელ მსაჯს, ალი ბინ ნასერს ეკუთვნის, რომელიც მექსიკაში გამართულ ზემოხსენებულ მატჩს განსჯიდა. ნივთი აუქციონზე გატანამდე, შემდეგ თვეში უემბლის სტადიონზე გამოიფინება.

შეგახსენებთ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა არგენტინელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მარადონამ მატჩში პირველი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა. არგენტინელმა ბურთი ინგლისელთა კარში მუშტის დახმარებით გაგზავნა. ბუნებრივია, ეს თამაშის წესის დარღვევა იყო, თუმცა მსაჯებს აღნიშნული მომენტი გამოეპარათ და გოლი ჩაითვალა.

სულ რაღაც ოთხი წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. 2002 წელს ფეხბურთის ქომაგებმა ის „საუკუნის გოლად“ დაასახელეს.

ზემოხსენებული მატჩის მოგების შემდეგ, სამხრეთამერიკელებმა ნახევარფინალში ბელგიელებს 2:0 სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, სადაც გერმანელები 3:2 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მარადონას 10-ნომრიანი მაისური, რომელიც მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის დროს ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, $9.3 მილიონად გაიყიდა. 

მაქს ფერსტაპენმა ფორმულა 1ის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო

ბელგიელ-ნიდერლანდელმა მრბოლელმა, მაქს ფერსტაპენმა, რომელიც Red Bull-ის გუნდს წარმოადგენს, იაპონიის გრანპრი მოიგო და ფორმულა 1-ის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფერსტაპენის ანგარიშზე 12 მოგებული რბოლაა, სეზონის დასრულებამდე კი კიდევ ოთხი რბოლაა დარჩენილი. თუმცა, კვირას დაფიქსირებულმა შედეგმა Red Bull-ის პილოტს ჩემპიონატში 113-ქულიანი, დამაჯერებელი უპირატესობა მისცა და ფორმულა 1-ის 2022 წლის ჩემპიონობა მოუტანა. ნიდერლანდელი F1-ის მესამე პილოტია, რომელმაც ტიტული სეზონის დასრულებამდე ოთხი რბოლით ადრე მოიპოვა.

ფოტო: thegoaspotlight.com

ცნობისთვის, F1-ის ისტორიაში ჩემპიონის ტიტული მინიმუმ ორჯერ სულ 17 მრბოლელს აქვს მოპოვებული, საერთო ჯამში კი მას 34 სპორტსმენი ფლობს. მათ შორის 7-7 ტიტული მიხაელ შუმახერისა და ლუის ჰამილტონის ანგარიშზეა.

FIFA-მ მეტავერსის პლატფორმა Roblox-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ ონლაინთამაშების მიმართულებით მეტავერსის პლატფორმა Roblox-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიზანი კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაა.

FIFA World-ის Roblox-ზე გაშვება არის ორგანიზაციის პირველი წამოწყება თამაშების მიმართულებით მას შემდეგ, რაც დასრულდა მისი წარმატებული თანამშრომლობა EA Sports-თან. შეგახსენებთ, მხარეებმა პარტნიორობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს.

ფოტო: FIFA

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ინფორმაციით, FIFA World-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ ვირტუალური ჯილდოები უნარების ტესტებში შეჯიბრებით, მათ შორისაა ბოულინგის გამოწვევა „Adidas Footbowling Arena“-ზე. FIFA World-ის მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა ვიდეოკონტენტზე FIFA+ ბიბლიოთეკიდან.

აქვე გეტყვით, რომ Roblox-ის განცხადებით, მის მეტავერსის პლატფორმას ყოველდღიურად 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ნეიმარს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, ნეიმარს გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებით სასამართლო პროცესი ელის. საქმე ეხება ცხრა წლის წინ განხორციელებული ტრანსფერის სადავო დეტალებს. შეგახსენებთ, 2013 წელს ნეიმარი „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა.

ნეიმართან პრეტენზიები ბრაზილიურ საინვესტიციო კომპანია DIS-ის აქვს, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ ფეხბურთელისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ნეიმართან ერთად ბრალდებულნი არიან ფეხბურთელის მშობლები და „ბარსელონის“ ყოფილი პრეზიდენტები – ხოსეპ ბართომეუ და სანდრო როსელი, ასევე „სანტოსის“ ყოფილი პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი.

როგორც DIS-ი აცხადებს, ის ფეხბურთელის უფლებების 40%-ს ფლობს. შესაბამისად, კომპანიის თქმით, 2013 წელს განხორციელებული ტრანსფერის საფასურის 40% მას უნდა მიეღო. თუმცა, მისივე განცხადებით, DIS-ის გაცილებით ნაკლები თანხა ერგო.

ფოტო: Octavio Passos/Getty Images

DIS-ის ნეიმარის ტრანსფერიდან 6.8 მილიონი ევრო ხვდა წილად. კომპანიის თქმით, მისთვის 3.2 მილიონი ევროთი მეტი თანხა უნდა გადაეხადათ, ვინაიდან, როგორც თვითონ ამტკიცებს, „ბარსელონისგან“ „სანტოსმა“ არა 17.1 მილიონი ევრო, არამედ, რეალურად, 25.1 მილიონი ევრო მიიღო. ფირმა აცხადებს, რომ ბრალდებულ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა კომპანიას ტრანსფერის ზუსტი დეტალები დაუმალეს. DIS-ი ბრალდებულებისგან კომპენსაციის სახით მთლიანობაში 149 მილიონ ევროს ითხოვს.

მეორე მხრივ, ნეიმარს ესპანეთის საგადასახადო ორგანოებიც ადანაშაულებენ, რომელთა მტკიცებით, სპორტსმენმა ბრაზილიური კლუბიდან „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ გადასახადებს თავი აარიდა – საუბარია 8.4 მილიონ ევროზე. ისინი ფეხბურთელისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთასა და €10-მილიონიან კომპენსაციას ითხოვენ.

მარიამ ბოლქვაძემ ტრნავის ტურნირი მოიგო

მარიამ ბოლქვაძემ სლოვაკეთში, ტრნავაში წყვილთა თანრიგში ITF-ის ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე ბრიტანელი მაია ლამსდენი იყო.

Empire Women’s Indoor 1-ის ფინალში ბოლქვაძე და ლამსდენი ლატვიელი დიანა მარკინცევიჩასა და შვეიცარიელი კონი პერინის წყვილს დაუპირისპირდნენ და ორ სეტში, ანგარიშით 6:2; 6:3 გაიმარჯვეს.

ფოტო: wtatennis.com

როგორც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, 24 წლის მარიამ ბოლქვაძეს კარიერის განმავლობაში წყვილთა თანრიგის 11 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის ორი სწორედ მიმდინარე წელს. შეგახსენებთ, ტრნავის შეჯიბრებამდე ქართველმა ბრიტანელ სამანტა შარანთან ერთად თებერვალში, გერმანიის ქალაქ ალტენკირხენში გამართული $60 ათასიანი ტურნირი მოიგო.

ცნობისთვის, მარიამ ბოლქვაძის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხა 447,517 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

2022 წელს Barcelona-ს მოგებამ $111 მილიონი შეადგინა

გასული წლის ზარალის შემდგომ, საფეხბურთო კლუბი Barcelona, მატჩებზე გულშემატკივრების დაბრუნების, აქტივების გაყიდვისა და გარკვეული ფინანსური მანევრების წყალობით ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 2022 წლის ივნისში დასრულებული წლის შემდეგ, კლუბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, Barcelona-ს მოგებამ $1.15-მილიარდიან შემოსავალზე, $111 მილიონი შეადგინა.

Barcelona-ს შემოსავლებში, სტადიონებიდან და სხვა ობიექტებიდან, პოსტ-კოვიდურმა ზრდამ $148 მილიონი (415%) შეადგინა და პანდემიამდელ დონესაც დაუბრუნდა. გაუმჯობესდა ბალანსიც. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში კლუბმა Goldman Sachs-ისგან €595 მილიონის 10-წლიანი სესხი მიიღო, რომლის მოტივსაც მისი მოკლევადიანი სესხების გრძელვადიან სესხებად გადაქცევა წარმოადგენდა. ამჟამად Barcelona, საკუთარი სტადიონის Camp Nou-ს განახლებისთვის, Goldman Sachs-თან €1.5-მილიარდიან სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ფოტო: Europa Press via Getty Images

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, Barcelona-ს ნეგატიურმა წმინდა ღირებულებამ €353 მილიონი შეადგინა (გასულ წელს $451 მილიონი). შემცირდა კლუბის წმინდა დავალიანებაც, გასული წლის $769 მილიონიდან $686 მილიონამდე. რაც შეეხება 2022-23 ფისკალური წელს, კლუბის პროგნოზით, Barcelona-ს შემოსავალმა და მოგებამ, ამ დროისთვის შესაბამისად $1.26 მილიარდი და $274 მილიონი უნდა შეადგინოს.

2022-23 ფისკალურ წელს მოგებისა და შემოსავლის ზრდის მიზეზი €400 მილიონად კლუბის სატელევიზიო უფლებების დამატებით 15%-იანი წილის და Barça Studios-ის შვილობილი კომპანიის 49%-ის გაყიდვაა. ეს უკანასკნელი მოიცავს ახალ ციფრულ კონტენტს, როგორიცაა NFT,  მეტავერსი და ტოკენი. Barça Studios-ის გაყიდულ წილს Socios.com-ი (24,5%) და Orpheus Media (24,5%) ინაწილებენ. ზემოაღნიშნულთან ერთად, კლუბის პროგნოზით, შემოსავალი €105 მილიონით გაიზრდება ისეთი სპონსორების წყალობით, როგორიცაა მაგალითად Spotify.

შეგახსენებთ, რომ მაისში Forbes-ის შეფასებით საფეხბურთო კლუბ Barcelona-ს ღირებულება $5 მილიარდად განისაზღვრა. Forbes-ის საფეხბურთო კლუბების რეიტინგში Barcelona მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ Real Madrid-ს ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *