გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. მათ შორის გამოსარჩევია ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ავსტრალიის ღია პირველის მეათედ მოგება და ამის წყალობით, პირველი ჩოგნის სტატუსის დაბრუნება. ასევე, ანასტასია გუბანოვას მიერ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოსთვის პირველი ოქროს მედლის მოპოვება.

გარდა აღნიშნულისა, რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გაიყიდა „მაიამი ჰიტის“ 6-ნომრიანი მაისური, რომელიც ლებრონ ჯეიმსს 2013 წლის NBA-ის ფინალში „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ეცვა. ამასთანავე, გასაჯაროვდა NBA-ის 2023 წლის „All-Star“-ის ყველა მონაწილის ვინაობა. Forbes-მა კი MLS-ის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

წინამდებარე მიმოხილვაში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

ლებრონ ჯეიმსის მაისური აუქციონზე $3.6 მილიონად გაიყიდა

„მაიამი ჰიტის“ 6-ნომრიანი მაისური, რომელიც ლებრონ ჯეიმსს 2013 წლის NBA-ის ფინალში „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე 3.68 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. შედეგად, ის აუქციონზე გაყიდულ ძვირად ღირებულ მაისურებს შორის მესამე ადგილს დაეუფლა, კალათბურთელის მაისურებს შორის კი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

პირველ ადგილს მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულსის“ მაისური იკავებს, რომელიც ლეგენდარულ კალათბურთელს 1998 წლის NBA-ის ფინალში, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა. ის $10.1 მილიონად გაიყიდა. მეორე ადგილზე კი დიეგო მარადონას მაისურია, რომლითაც ფეხბურთის ლეგენდამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში „ღმერთის ხელით“ ცნობილი გოლი გაიტანა. ის გასული წლის მაისში $9.3 მილიონად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ლებრონ ჯეიმსის მაისურებს შორის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულის სტატუსს 2020 წლის NBA-ის „All-Star“-ის მაისური ატარებდა, რომელიც $630,000-ად გაიყიდა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში აუქციონზე გამოჩნდება „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სათამაშო მაისური, რომელსაც კალათბურთის აწ გარდაცვლილი ლეგენდა, კობი ბრაიანტი იმ სეზონში ატარებდა, როდესაც ის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი მის გაყიდვას 7 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებს.

„ჩელსიმ“ ერთ სეზონში სატრანსფერო დანახარჯებით რეკორდი მოხსნა

ცოტა ხნის წინ, ლონდონის „ჩელსიმ“ „ბენფიკისგან“ ენცო ფერნანდესი შეიძინა. პორტუგალიური კლუბის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 121 მილიონ ევროს შეადგენს. The Athletic-ის ცნობით, გადახდა ექვს ეტაპად განხორციელდება, პირველი ტრანში კი 34 მილიონი ევრო იქნება.

უკანასკნელი გარიგებით, 2022/23 წლების სეზონში „ჩელსის“ სატრანსფერო დანახარჯებმა €600-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა და მთლიანობაში 629 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ფეხბურთის ისტორიაში, ერთ სეზონში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, წინა რეკორდი კატალონიის „ბარსელონას“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2017/18 წლების სეზონში ტრანსფერებში საერთო ჯამში 380 მილიონი ევრო დახარჯა.

თავის მხრივ, ზემოხსენებული ტრანსფერის წყალობით რეკორდი არგენტინელმა ენცო ფერნანდესმაც დაამყარა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახდა ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი პრემიერ ლიგის ისტორიაში, ასევე ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი ნახევარმცველებს შორის ფეხბურთის ისტორიაში და ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი არგენტინელ ფეხბურთელებს შორის.

აქვე გეტყვით, რომ ენცო ფერნანდესის გარდა „ჩელსიმ“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ შვიდი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის დონეცკის „შახტარიდან“ მიხაილო მუდრიკი – ლონდონელებმა უშუალოდ ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ შეიძინეს, მთლიანობაში კი ტრანსფერის განხორციელება 100 მილიონი ევრო დაჯდა.

რაც შეეხება 2022/23 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას – „ჩელსიმ“ რვა ფეხბურთელში €282 მილიონი დახარჯა. შეგახსენებთ, კლუბმა ზაფხულში რაჰიმ სტერლინგი, კალიდუ კულიბალი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა

ავსტრალიის ღია პირველობის მეათედ მოგების შემდეგ, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მიერ ახლახან განახლებულ რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა. მან წოდება ესპანელ ჩოგბურთელს, კარლოს ალკარასს ჩამოართვა.

რაც შეეხება Australian Open-ს, აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს კარიერის განმავლობაში ამ ტურნირზე 10-ჯერ უასპარეზია და ტიტულის მოგება ათჯერვე შეძლო. 2023 წლის ფინალში ის სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ბერძენი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ფოტო: Getty Images

საერთო ჯამში, ეს 35 წლის სერბის მიერ კარიერაში მოგებული 22-ე დიდი სლემის ტურნირია. აღნიშნული შედეგით, ნოვაკმა ესპანელი რაფაელ ნადალის რეკორდის გამეორება შეძლო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს უკვე მეორე ტიტული მოიგო და საპრიზო თანხის სახით $2 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. აქვე გეტყვით, რომ ჯოკოვიჩის მიერ კარიერაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში თითქმის $167 მილიონს შეადგენს. სერბი ჩოგბურთელებს შორის ამ მაჩვენებლითაც ლიდერობს.

2023 წლის NBA-ის „All-Star“-ის ყველა მონაწილის ვინაობა გარკვეულია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის „All-Star“-ის ყველა მონაწილე ცნობილია – სტარტერების შემდეგ რეზერვისტების ვინაობაც გასაჯაროვდა.

შეგახსენებთ, 2023 წლის „All-Star“-ის თამაშში, რომელიც 19 თებერვალს გაიმართება, ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციიდან იანისის გუნდი და დასავლეთ კონფერენციიდან ლებრონის გუნდი დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თითოეული გუნდის შემადგენლობას – იანისის გუნდის სტარტერებში დასახელებულნი არიან:

იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი)

კევინ დურანტი (ბრუკლინ ნეტსი)

ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი)

დონოვან მიტჩელი (კლივლენდ კავალიერსი)

კაირი ირვინგი (ბრუკლინ ნეტსი)

რეზერვისტებს შორის არიან:

ბამ ადებაიო (მაიამი ჰიტი)

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი)

დემარ დეროზანი (ჩიკაგო ბულსი)

ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია სევენთი-სიქსერსი)

ტაირის ჰალიბერტონი (ინდიანა პეისერსი)

ჯრუ ჰოლიდეი (მილუოკი ბაქსი)

ჯულიუს რენდლი (ნიუ-იორკ ნიქსი)

ლებრონის გუნდის სტარტერებს შორის არიან:

ლებრონ ჯეიმსი (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)

ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეტსი)

ზიონ უილიამსონი (ნიუ ორლეან პელიკანსი)

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი)

ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიქსი)

რეზერვისტებს შორის არიან:

პოლ ჯორჯი (ლოს-ანჯელეს კლიპერსი)

შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა სიტი ტანდერი)

ჯარენ ჯექსონ უმცროსი (მემფის გრიზლისი)

დამიან ლილარდი (პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი)

ლაური მარკკანენი (იუტა ჯაზი)

ჯა მორანტი (მემფის გრიზლისი)

დომანტას საბონისი (საკრამენტო კინგსი)

ანასტასია გუბანოვამ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ფინეთში იმართება, ოქროს მედალი მოიგო. ეს ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ანასტასია გუბანოვას გამარჯვებამდე, ჩვენს ანგარიშზე მხოლოდ სამი ბრინჯაოს მედალი იყო – მესამე ადგილზე გასვლა ორჯერ ელენე გედევანიშვილმა, ერთხელ კი მორის ყვითელაშვილმა შეძლო.

ცნობისთვის, გუბანოვას ჩათვლით ტურნირის ფინალურ ეტაპში მონაწილეობა 24-მა სპორტსმენმა მიიღო, თუმცა საქართველოს წარმომადგენელმა მათ შორის საუკეთესო შედეგის ჩვენება შეძლო. მან, 199,91  ქულით, მეორე ადგილზე გასულ ბელგიის წარმომადგენელ ლუნა ჰედრიკსს დაახლოებით 6 ქულით აჯობა. მესამე ადგილი შვეიცარიის წარმომადგენელმა, კიმი რეპონიმ დაიმსახურა.

Forbes: MLS-ის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების 2023 წლის რეიტინგი

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, MLS-ის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან MLS-ის გუნდის საშუალო შეფასება 85%-ით გაიზარდა და 579 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილს Los Angeles Football Club-ი იკავებს. გამოცემა LAFC-ის ღირებულებას $1 მილიარდად აფასებს. ის MLS-ის პირველი კლუბია, რომელმაც $1-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. ცნობისთვის, LAFC-ი აშშ-ის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას ცხრა წლის წინ შეუერთდა.

ფოტო: KEVORK DJANSEZIAN/STRINGER/GETTY IMAGES

ჩამონათვალში მეორე ადგილზე LA Galaxy-ია, რომელიც Forbes-ის მიერ $925 მილიონად არის შეფასებული. მესამე პოზიციას კი Atlanta United FC იკავებს $850 მილიონით.

წელს MLS-ში სულ 29 გუნდია წარმოდგენილი. მათ შორისაა დებიუტანტი კლუბი St. Louis City SC. ვინაიდან Forbes-ი 2023 წლის რეიტინგს გუნდების მიერ წინა წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით აფასებს, ეს უკანასკნელი ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

წარმოგიდგენთ MLS-ის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების 2023 წლის რეიტინგის ტოპათეულს:

  1. Los Angeles Football Club : $1 მილიარდი

2022 წლის შემოსავალი: $116 მილიონი | საოპერაციო მოგება: $8 მილიონი

  1. LA Galaxy : $925 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $98 მილიონი | საოპერაციო მოგება: $4 მილიონი

  1. Atlanta United FC : $850 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $81 მილიონი | საოპერაციო მოგება: $6 მილიონი

  1. New York City FC : $800 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $55 მილიონი | საოპერაციო წაგება: $12 მილიონი

  1. D. C. United : $700 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $70 მილიონი | საოპერაციო მოგება: $8 მილიონი

  1. Toronto FC : $690 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $62 მილიონი | საოპერაციო წაგება: $15 მილიონი

  1. Austin FC : $680 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $84 მილიონი | საოპერაციო მოგება: $2 მილიონი

  1. Seattle Sounders FC : $660 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $66 მილიონი | საოპერაციო მოგება : $1 მილიონი

  1. Portland Timbers : $650 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $65 მილიონი | საოპერაციო მოგება : $1 მილიონი

  1. Charlotte FC : $625 მილიონი

2022 წლის შემოსავალი: $69 მილიონი | საოპერაციო მოგება: $4 მილიონი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *