გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსარჩევია ქართველი სპორტსმენების წარმატება. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს, სერბებს მოუგეს. გარდა ამისა, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის განახლებული რეიტინგის სათავეში მოექცა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1998 წლის NBA-ის ფინალებიდან შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდოს. ლეგენდარულ კალათბურთელს ჩვენს მიმოხილვაში კიდევ ერთი ნიუსი უკავშირდება: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორდანი Charlotte Hornets-ში წილის გასაყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წინამდებარე მიმოხილვაში სპორტის სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

მაიკლ ჯორდანის Air Jordan 13 შესაძლოა, აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდოს

ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1998 წლის NBA-ის ფინალებიდან შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდოს.

აუქციონზე გამოჩნდება შავსა და წითელ ფერში გადაწყვეტილი Air Jordan 13, რომელიც ჯორდანს NBA-ის ფინალების Game 2 შეხვედრაში ეცვა. თამაში „ჩიკაგო ბულსსა“ და „იუტა ჯაზს“ შორის გაიმართა. კალათბურთელმა შეხვედრაში 37 ქულის ჩაგდება შეძლო და გუნდს ანგარიშით 93:88 მოაგებინა. საბოლოოდ მატჩების სერია „ჩიკაგო ბულსის“ გამარჯვებით დასრულდა და გუნდი NBA-ის ჩემპიონი გახდა. ეს მაიკლ ჯორდანისთვის NBA-ის ჩემპიონატში ბოლო სეზონი იყო.

ფოტო: Sotheby’s

Game 2 შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯორდანმა გასახდელში სპორტულ ფეხსაცმელზე საკუთარი ხელმოწერა დატოვა და Air Jordan 13-ის წყვილი მადლიერების ნიშნად ბურთის მიმწოდებელ ბიჭს აჩუქა.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი სპორტულ ფეხსაცმელს 2-დან 4 მილიონ აშშ დოლარამდე აფასებს. იმ შემთხვევაში, თუ Air Jordan 13-ები ამ ფასის ფარგლებში გაიყიდება, ის სპორტულ ფეხსაცმელებს შორის აუქციონების რეკორდს დაამყარებს. ცნობისთვის, ეს რეკორდი ამჟამად ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის Air Yeezy 1-ის წყვილს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის აპრილში $1.8 მილიონად გაიყიდა.

Sotheby’s-ი Air Jordan 13-ებს აუქციონზე აპრილში გაიტანს. მის შესაძენად შეთავაზების გაკეთება 3-დან 11 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთთან ისტორული გამარჯვება მოიპოვა

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს, სერბებს მოუგეს.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 11:11 დასრულდა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა სერბეთს პენალტების სერიაში სძლია და საბოლოოდ ანგარიში 23:22 დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების წევრი, ნიკა შუშიაშვილი დასახელდა.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში საკუთარ წონაში გალიდერდა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა გასულ კვირას ლას-ვეგასში გამართულ დაპირისპირებაში პრინციპული მეტოქე, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. შედეგად, ქართველი სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის განახლებული რეიტინგის სათავეში მოექცა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის განახლებამდე დვალიშვილი ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებდა, თუმცა რუსი მებრძოლის დამარცხების წყალობით ერთდროულად ორი პოზიციით დაწინაურდა. რაც შეეხება მერაბის მიერ დამარცხებულ პიოტრ იანს, მან მეორე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ის რეიტინგში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. მოცემული დროისთვის სიაში მეორე პოზიციაზე ამერიკელი შონ ო’მალია, მესამე ადგილს კი მარლონ ვიერა იკავებს.

მაიკლ ჯორდანს „შარლოტ ჰორნეტსის“ წილის გაყიდვა სურს

Chicago Bulls-ისა და NBA-ის ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი Charlotte Hornets-ში წილის გასაყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, Charlotte Hornets-ის ჯორდანის წილის შეძენით გუნდის მინორიტარული წილის მფლობელი, გეიბ პლოტკინი და Atlanta Hawks-ის მინორიტარული წილის მფლობელი რიკ შნალი არიან დაინტერესებულნი.

ESPN-ის ცნობით, ჯორდანი აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვას აპირებს, თუმცა გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის ფრენჩაიზში მაინც დარჩება და Charlotte Hornets-ში მინორიტარულ წილს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, ლეგენდარულმა კალათბურთელმა გუნდში თავდაპირველად, 2006 წელს მინორიტარული წილი შეიძინა. 2010 წელს კი Charlotte Hornets-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, მას შემდეგ, რაც გუნდში 275 მილიონ აშშ დოლარად ბობ ჯონსონის წილი შეისყიდა.

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის მაიკლ ჯორდანის ქონება დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის, FIFA-ს პრეზიდენტად კვლავ ჯანი ინფანტინო აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის ორგანიზაციის პრეზიდენტობის მესამე ვადაა. ისიც უნდა ითქვას, რომ ინფანტინოს პოზიციაზე კონკურენტები არ ჰყოლია, ვინაიდან ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ჯანი ინფანტინო პრეზიდენტად FIFA-ს 73-ე კონგრესზე აირჩიეს, რომელიც რუანდაში გაიმართა. ის აღნიშნულ პოსტს 2027 წლის ბოლომდე დაიკავებს.

მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ინფანტინომ ასეთი განცხადება გააკეთა:

“იყო FIFA-ს პრეზიდენტი, წარმოუდგენელი პატივია, წარმოუდგენელი პრივილეგია და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობა. მადლიერი ვარ თქვენი მხარდაჭერის და გპირდებით, რომ გავაგრძელებ FIFA-ს მსახურებას, ვემსახურები ფეხბურთს მთელ მსოფლიოში და ვემსახურები ორგანიზაციის 211 წევრ ასოციაციას”.

შეგახსენებთ, 52 წლის ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტი პირველად 2016 წელს გახდა. სამი წლის შემდეგ ის აღნიშნულ პოზიციაზე მეორედ აირჩიეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *