გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. სასიხარულო მოვლენა მოხდა ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის – უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან „ნაპოლიში“ ითამაშებს. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთს ყინულის ჰოკეის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, ამ ზაფხულს ნეიმარი 90 მილიონ ევროდ გაყიდოს; კომპანია Warner Bros. Discovery-ის განცხადებით, საერთაშორისო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 25%-ით გაიზარდა, რაც, დიდწილად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გაშუქების წყალობით მოხდა; Camp Nou-ზე გამართულ ქალთა საფეხბურთო მატჩს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო.

მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ სიახლეებს ეთმობა.

მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებს – ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა დაადასტურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან იტალიურ „ნაპოლიში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა Radio KKN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

როგორც ლაურენტისმა განაცხადა, „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გადაიხდის იტალიური კლუბი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა Trasfermarkt-ის დათვლებით, ამჟამად მისი საბაზრო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, ფეხბურთელი ყველაზე ძვირად, 18 მილიონ ევროდ 2021 წლის ივნისში ფასობდა.

ფოტო: Getty Images

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. ის რუსულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. ომის დაწყების შემდეგ კვარაცხელიამ სპეციალური სატრანსფერო ფანჯარა გამოიყენა და ბათუმის „დინამოში“ გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან ტურნირზე ორი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ბათუმის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, რომელთა განმავლობაშიც ფეხბურთელმა სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

რაც შეეხება საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, კვარაცხელიას ეროვნული გუნდის მაისურით 13 შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

რუსეთს ყინულის ჰოკეის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ამ უკანასკნელს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. ცნობისთვის, ჩემპიონატი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 5 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით უნდა გამართულიყო.

IIHF-ის ინფორმაციით, ახალი მასპინძლის ვინაობა წელს ფინეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს გაირკვევა.

„ღონისძიების გადატანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მოთამაშეების, ოფიციალური პირების, მედიისა და გულშემატკივართა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული“, – ნათქვამია IIHF-ის განცხადებაში.

ფოტო: Sergey Sevostyanov/TASS

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის ჰოკეის ფედერაცია IIHF-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც ჩამოართვეს, რომელიც ასევე 2023 წელს უნდა გამართულიყო.

რაც შეეხება ყინულის ჰოკეის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს, ის ფინეთში 13-დან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდება. IIHF-ის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების ნაცვლად, ჩემპიონატში მონაწილეობას ავსტრიისა და საფრანგეთის გუნდები მიიღებენ.

PSG მზადაა, ზაფხულში ნეიმარი €90 მილიონად გაყიდოს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული გრანდი, „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, ამ ზაფხულს ნეიმარი 90 მილიონ ევროდ გაყიდოს. აღსანიშნავია, რომ კლუბს ბრაზილიელ ფეხბურთელში რეკორდული რაოდენობის თანხა აქვს გადახდილი.

ნეიმარი პარიზელთა რიგებს კატალონიური „ბარსელონიდან“ 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2017 წელს შეუერთდა. „პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელის €90 მილიონად გაყიდვით 132 მილიონი ევროთი იზარალებს. თუმცა, სავარაუდოდ, დასახელებული ფასი მინიმალური თანხაა, რომლის მიღებასაც კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ დასთანხმდება. არ არის გამორიცხული, რომ შეთავაზებების გაკეთების შემდეგ ეს თანხა გაიზარდოს.

ფოტო: Getty Images

იმის მიუხედავად, რომ ნეიმარმა პარიზულ კლუბში გატარებული საფეხბურთო კარიერის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა – 141 თამაშში 98 გოლი გაიტანა – ის PSG-ს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კლუბმა აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:0 დამარცხდა და თასიც მას დაუთმო. წელს კი პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის თასისთვის რბოლას მადრიდის „რეალმა“ გამოთიშა. ესპანურმა კლუბმა PSG ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის უმაღლესი ლიგის, ლიგა 1-ის 2021/2022 წლების სეზონის გამარჯვებული, ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა.

პეკინის ოლიმპიადის წყალობით, Discovery-ის საერთაშორისო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 2022 წლის I კვარტალში 25%-ით გაიზარდა

კომპანია Warner Bros. Discovery-ის განცხადებით, საერთაშორისო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 25%-ით გაიზარდა, რაც, დიდწილად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გაშუქების წყალობით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ახლახან გაერთიანებული Warner Bros. Discovery-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ Discovery-ის შედეგებს მოიცავს.

Discovery-ის საერთაშორისო ქსელებიდან მიღებულმა შემოსავალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $1,23 მილიარდი შეადგინა. ცნობისთვის, ამ თანხაში მისი კუთვნილი Eurosport-ის შემოსავლებიც არის გათვალისწინებული. რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 457 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა, დისტრიბუციიდან მიღებული შემოსავალი კი $536 მილიონს გაუტოლდა. ეს, დიდწილად, სტრიმინგ-პლატფორმა Discovery+-ზე აბონენტების რაოდენობის მატების დამსახურებაა.

რაც შეეხება Discovery-ის აშშ-ის ქსელებიდან მიღებულ შემოსავალს, ის 2022 წლის პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა და $1,93 მილიარდამდე შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მიღებული შემოსავალი $3,16 მილიარდს გაუტოლდა.

Discovery-მ განაცხადა, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის კვალდაკვალ, თითქმის 50%-ით გაიზარდა ფასიანი სტრიმინგ-სერვისის გამომწერთა რაოდენობა. Discovery+-ის დახმარებით ოლიმპიური თამაშებისთვის თვალის დევნება დანიაში, ფინეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში იყო შესაძლებელი. ყველა სხვა ევროპულ ბაზარზე, რუსეთის გარდა, პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის ნახვა ხელმისაწვდომი იყო Eurosport-ის ციფრულ სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს სერვისის თვიურად ჩართვა ან გაუქმება შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა მაყურებელმა მომსახურება მხოლოდ ოლიმპიური თამაშების სანახავად გაიაქტიურა.

Camp Nou-ზე გამართულ ქალთა საფეხბურთო მატჩს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო

Camp Nou-ს სტადიონზე გამართულ ქალთა საფეხბურთო მატჩს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ესპანური „ბარსელონა“ და გერმანული “ვოლფსბურგი“ დაუპირისპირდნენ საერთო ჯამში ტრიბუნებიდან თვალს 91,648 ადამიანი ადევნებდა.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ასევე Camp Nou-ზე დამყარდა, როდესაც მიმდინარე წლის მარტში „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართულ შეხვედრას 91,553 მაყურებელი დაესწრო.

მანამდე კი, რეკორდული რაოდენობის, 90,185 ქომაგი 1999 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სანახავად კალიფორნიაში მდებარე სტადიონზე, Rose Bowl-ზე მივიდა, სადაც ერთმანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ჩინეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამერიკელებმა პენალტების სერიის შემდეგ მოიგეს, რომელიც ანგარიშით 5:4 დასრულდა.

ფოტო: Getty Images

რაც შეეხება „ბარსელონასა“ და „ვოლფსბურგს“ შორის დაპირისპირებას, იქ მასპინძლებმა იმარჯვეს და გერმანული კლუბი ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. შედეგად, ესპანელებმა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალისაკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. თუმცა ფინალამდე „ბარსელონა“ „ვოლფსბურგთან“ განმეორებით შეხვედრას 30 აპრილს, გერმანიაში ჩაატარებს. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული ფინალში ტურინში, 21 მაისს, „ლიონისა“და „პარი სენ-ჟერმენის“ წყვილს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ბარსელონამ“ სამი ტიტულის მოპოვება შეძლო – მან ლა ლიგა, კოპა დელ რეინა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„როლან გაროსის“ სპონსორი Peugeot-ს ნაცვლად Renault იქნება

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Renault-მ „როლან გაროსის“ ჩოგბურთის ტურნირის პრემიუმპარტნიორობასთან დაკავშირებით ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილების კატეგორიაში „როლან გაროსის“ სპონსორი ამ დრომდე კიდევ ერთი ფრანგული კომპანია Peugeot გახლდათ.

როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ, ამ დონის სპონსორები წელიწადში 7-8 მილიონ ევროს იხდიან. „როლან გაროსის“ პრემიუმ-პარტნიორები ასევე არიან Emirates-ი, Lacoste-ი, Oppo და Rolex-ი. მიმდინარე თვის დასაწყისში Oppo-მ „როლან გაროსის“ სპონსორობასთან დაკავშირებით კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ Peugeot „როლან გაროსის“ სპონსორი 1984 წლიდან იყო. თუმცა ბოლო ხანებში კომპანიამ სპორტულ სამყაროსთან კავშირი შეამცირა. Peugeot-მ მიმდინარე წლის მარტში ასევე გაწყვიტა ურთიერთობა მსოფლიოს პირველ ჩოგან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

შეთანხმების მიხედვით, Renault-ს ექნება უფლება, საკუთარი ლოგო „როლან გაროსის“ ხუთ მთავარ კორტზე, ბადის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ტურნირის ლოგოს ნაცვლად განათავსოს. გარდა ამისა, ხელშეკრულება 100 ახალი ელექტრომობილის, Megane E-Tech-ის მიწოდებასაც ითვალისწინებს.

ტურნირის განმავლობაში Renault-ს ასევე ექნება 150 კვადრატული მეტრი ფართობის სტენდი „როლან გაროსის კორტებთან“, სადაც ბრენდის ელექტრო და ელექტრიფიცირებული ავტომობილების ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ წელს „როლან გაროსის“ ტურნირი 16 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *