გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები

ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2024 წელს ბევრი მოულოდნელი მოვლენა შეიძლება მოხდეს და მომავალი ბუნდოვანია. ასეც მოხდა, ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ მიიღო, ევროკავშირისკენ სვლა ოფიციალურად შეაჩერა, ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა. საპასუხოდ, დასავლურმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, რაც წლის დასაწყისში არსებულ მოლოდინზე გაცილებით მეტია.

მაღალი ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად ისევ რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტით არის განპირობებული – რუსეთიდან ფულის შემოსვლით და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საქართველოზე გადმონაცვლებით. 

გამართლდა ის მოლოდინიც, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს თანდათან შეამცირებდა, რამაც ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლარი გაუფასურდა, დაახლოებით 4%-ით, რაც საგარეო ვაჭრობის დეფიციტის ზრდამ, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებამ და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მოლოდინის გაუარესებამ განაპირობა.

ეკონომიკური ზრდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაჩვენებელი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 9% უნდა იყოს.

ბოლო სამი წელიწადს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა. ომის გამო საქართველოში 100 ათასამდე მიგრანტი ჩამოვიდა საცხოვრებლად, რომლებმაც, სულ მცირე, 3 მლრდ დოლარი შემოიტანეს ქვეყანაში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. ომს მოჰყვა საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდა და ა.შ. 

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: განათლება – 26%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 22%, საფინანსო საქმიანობა – 17%, მშენებლობა – 17%, სასტუმროები და რესტორნები – 10.6%, ტრანსპორტი 10.5% და ვაჭრობა 10%. კლება მხოლოდ ელექტროენერგიისა და აირის მიწოდებაში დაფიქსირდა – 11%.

 

ინფლაცია და ლარის კურსი

2024 წლის იანვარ-ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 7.1%-ით,  სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა, 5.1%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი, 4.9%-ით – განათლება, 3.1%-ით – სურსათი. 13%-ით გაიაფდა კავშირგაბმულობა, 2.1%-ით – ტრანსპორტი. თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ყველაზე მეტად, 85%-ით, მწვანილი გაძვირდა. შემდეგ ნიორი მოდის, რომელიც 62%-ით გაძვირდა. პომიდორი 49%-ით გაძვირდა, კიტრი – 45%-ით, წიწაკა – 43%-ით. გაიაფებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახადი გაიაფდა (40%-ით). ანტიბიოტიკები 26%-ით გაიაფდა, ყურძენი – 22%-ით, სიმინდის ფქვილი -16%-ით.

2024 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.7 იყო. მარტამდე ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ჰქონდა და 2.65-მდე შემცირდა. კიდევ მეტად შემცირდებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები. იანვარ-მარტში ეროვნულმა ბანკმა 214 მლნ დოლარი შეისყიდა და კურსის გამყარების ტემპი შეანელა. 

საქართველოს მთავრობის მიერ აპრილის დასაწყისში „რუსული კანონის“ ინიცირებამ ლარის თანდათანობით გაუფასურება გამოიწვია და აღნიშნული კანონის მიღების დროს 2.87-ს მიაღწია. ამავე დროს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 220 მლნ დოლარი გაყიდა. ზაფხულში კურსი 2.7-თან ახლოს დასტაბილურდა, მაგრამ სექტემბრიდან, აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და მოახლოებული არჩევნების გამო ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 698 მლნ დოლარი გაყიდა კურსის ვარდნის შესაჩერებლად და არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, ოფიციალური კურსი 2.72 იყო.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას 2028 წლამდე აჩერებს, რასაც საპროტესტო აქციები და დასავლეთის ქვეყნებიდან ინდივიდუალური სანქციები მოჰყვა. ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და 2.80-ის ფარგლებში მერყეობდა. საბოლოოდ, ლარი წლიურად დაახლოებით 4%-ით გაუფასურდა.

იანვარ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 330 მლნ დოლარი იყიდა და 917 მლნ დოლარი გაყიდა. სავალუტო ინტერვენციების შედეგად, საბოლოოდ ეროვნულიო ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 588 მლნ დოლარით შემცირდა.

2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 530 მლნ დოლარის ოქრო იყიდა, რამაც დამატებით შეამცირა უცხოური ვალუტის რეზერვები. საბოლოოდ, იანვარ-ნოემბერში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 1.5 მლრდ დოლარით შემცირდა და 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.

საგარეო ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. ექსპორტი 8%-ით გაიზარდა და 6 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 6%-ით გაიზარდა და 15 მლრდ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (ზრდა 272 მლნ დოლარი), ფეროშენადნობები (ზრდა 168 მლნ დოლარი), ძვირფასი ლითონების მადნები (ზრდა 158 მლნ დოლარი),  სპირტიანი სასმელები (ზრდა 94 მლნ დოლარი). 

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა ყირგიზეთში (ზრდა 538 მლნ დოლარი), ყაზახეთში (ზრდა 146 მლნ დოლარი) და აშშ-ში (ზრდა 61 მლნ დოლარი). ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტის ზრდა ავტომობილების რეექსპორტმა განაპირობა, ხოლო აშშ-ში – ფეროშენადნობებმა. რუსეთში ექსპორტი 29 მლნ დოლარით (5%-ით) გაიზარდა და 634 მლნ დოლარი შეადგინა.

იმპორტის ზრდა ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტებმა განაპირობა, რომელთა  იმპორტი 13 მლნ დოლარით გაიზარდა და 1.2 მლრდ დოლარს გაუტოლდა. კომპიუტერების იმპორტი 94 მლნ დოლარით გაიზარდა, ფოლადის იმპორტი – 81 მლნ დოლარით, სამკურნალო საშუალებების – 73 მლნ დოლარით, საკვები პროდუქტების – 96 მლნ დოლარით და სატვირთო ავტომობილების – 44 მლნ დოლარით.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად გერმანიიდან გაიზარდა – 269 მლნ დოლარით და 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ავტომობილების იმპორტმა განაპირობა. ჩინეთიდან იმპორტი 249 მლნ დოლარით გაიზარდა, თურქეთიდან – 173 მლნ დოლარით და ჰონგ-კონგიდან 120 მლნ დოლარით. რუსეთიდან იმპორტი 46 მლნ დოლარით (3%-ით) გაიზარდა და 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა.

იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტმა 9.1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 11 თვის დეფიციტზე 428 მლნ დოლარით მეტია.

ტურიზმი და ფულადი გზავნილები

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 5.8 მლნ ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. 5.8 მლნ ვიზიტორიდან ტურისტი (ვინც საქართველოში მინიმუმ 24 საათს გაჩერდა) 4 მლნ იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტია.

იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 1.1 მლნ – რუსეთიდან შემოვიდა, მათი რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 3.3%-ითაა შემცირებული. შემდეგ თურქეთი მოდის 1 მლნ ვიზიტორით. მესამე ადგილზე სომხეთია 732 ათასით, მეოთხეზე ისრაელია 230 ათასით და მეხუთეზე აზერბაიჯანია 163 ათასით.

2024 წლის 9 თვეში ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელზე 6.5%-ით მეტია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა – 775 მლნ დოლარი – რუსეთის მოქალაქეებმა დახარჯეს. შემდეგ მოდის თურქეთის მოქალაქეები 478 მლნ დოლარით,  ევროკავშირის მოქალაქეები 457 მლნ დოლარით და ისრაელის მოქალაქეები 323 მლნ დოლარით.

საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ფულადი გზავნილებიც. 2024 წლის 11 თვეში საქართველოში 3.1 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2023 წლის 11 თვის მაჩვენებელზე 759 მლნ დოლარით (20%-ით) ნაკლებია. 2023 წელთან შედარებით შემცირება რუსეთიდან გზავნილების 65%-ით კლებამ განაპირობა. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 947 მლნ დოლარით ნაკლები გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა – 518 მლნ დოლარი – აშშ-დან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის იტალია 516 მლნ დოლარით და რუსეთი 510 მლნ დოლარით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ამჟამად, 2024 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოში 966 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 40%-ით ნაკლებია.

9 თვეში ინვესტიციები ყველაზე მეტად ნიდერლანდებიდან (272 მლნ დოლარით) და ესპანეთიდან (194 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო ყველაზე მეტად გაერთიანებული სამეფოდან (66 მლნ დოლარით) და მალტიდან (37 მლნ დოლარით) გაიზარდა. რუსეთიდან ინვესტიციები 67 მლნ დოლარით შემცირდა.

სექტორების მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ყველაზე მეტი – 212 მლნ დოლარი – საფინანსო სექტორში შემოვიდა. შემდეგ მოდის ენერგეტიკა 150 მლნ დოლარით და დამმუშავებელი მრეწველობა 147 მლნ დოლარით. ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება (-150 მლნ დოლარი) ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა.

2025 წლის გამოწვევები

2025 წელი ბუნდოვანი მომავლით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2024 წელი მაღალი ეკონონომიკური ზრდით და, ასე თუ ისე, მაკროეკონომიკური სტაბილურობით დაასრულა, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია „ფეთქებადია“. 28 ნოემბრიდან დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, გაფიცვებმა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დასანქცირებამ უკვე იქონია უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ საქმიანობაზე. რთულია თქმა, რა იქნება მომავალში, რადგან ეკონომიკა გადაჯაჭვულია პოლიტიკურ სტაბილურობასთან.  ჩვენს შიდა არასტაბილურობას ემატება ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ისევ მიმდინარეობს და არავინ იცის, ომი წელს დასრულდება თუ არა, ან რა შედეგით დასრულდება.

თუ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პირების სანქცირება გაგრძელდება, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე. შესაძლოა, ინდივიდუალურ სანქციებს ეკონომიკური სანქციებიც მოჰყვეს, რასაც საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად ვერ გაუძლებს და კრიზისი დაიწყება. 

თუ პოლიტიკისგან ნეიტრალურ სცენარს განვიხილავთ, ანუ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია ასე თუ ისე დასრულდება, მაშინ მომავალი ერთი წლის განჭვრეტა მარტივდება. რუსეთ-უკრაინის ომის ქართულ ეკონომიკაზე გავლენა შემცირდება, რაც უკვე კარგად ჩანს რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებაში. აღარ შემოდის მიგრანტთა ახალი დიდი ნაკადებიც. ბოლო ორი წელია, უცხოური ინვესტიციები მცირდება. აქედან გამომდინარე, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება და 5%-თან ახლოს იქნება. საგარეო შემოდინებების შემცირების ეფექტის შერბილება შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს დაიწყო და 2025 წელსაც გააგრძელებს. რადგან მაღალი ინფლაცია აღარ არის გამოწვევა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იქნება. რადგან ეროვნული ბანკის რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბანკი შეეცდება, ხელსაყრელ დროს დოლარი შეისყიდოს და რეზერვები შეავსოს, რაც არსებულ მაკროტენდენციებთან ლარის კურსის შედარებით გაუფასურებას განაპირობებს. თუმცა დასავლური სანქციები თუ მხოლოდ ინდივიდუალური სანქციების დონეზე შენარჩუნდა, ლარის კურსი მნიშვნელოვნად არ დაეცემა, შედეგი წინა წლებთან შედარებით შენელებული ეკონომიკური ზრდა და 2024 წელთან შედარებით მაღალი ინფლაცია იქნება.