ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის Adani Enterprises-ი, ამერიკული კონგლომერატის Alphabet-ის Google-თან პარტნიორობით, ინდოეთში გიგავატიანი სიმძლავრის AI-მონაცემთა ცენტრების მშენებლობას იწყებს. კომპანიები ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით პროექტის განვითარებისთვის, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, $15 მილიარდის ინვესტირებას გეგმავენ.
ამ პროექტისთვის Adani Group-ი ინდოეთში ახალ გადამცემ ხაზებს, განახლებადი ენერგიის გენერაციისა და ენერგიის შენახვის სისტემებსაც შექმნის. Google-ი კი, ხელოვნურ ინტელექტში ინდოეთის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებით, მონაცემთა ცენტრების კომპლექსის AI-ჰაბად გარდაქმნას განიხილავს. საწყის ეტაპზე, ადანის გეგმით, ახალმა AI-ცენტრებმა ინდოეთის ხელოვნური ინტელექტის მზარდი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
გაუტამ ადანი ერთადერთი ინდოელი მილიარდერი არაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციებს ზრდის. აგვისტოში, Reliance Jio-მ, რომელიც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის საკუთრებაა, Meta-სთან და Google-თან ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების შემუშავების შესახებ შეთანხმება გააფორმა. გარიგება გიგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრების მშენებლობასაც ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გაუტამ ადანი ინდოეთის მეორე უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის შეფასებით, ადანი $70.3 მილიარდს ფლობს და მნიშვნელონად ჩამორჩება ქვეყნის უმდიდრეს პირს, მუკეშ ამბანის, რომლის სიმდიდრეც $103.7 მილიარდადაა შეფასებული.