„ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ აფრიკაში დაავადებათა გავრცელების პრევენციის მიზნით, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად $40 მილიონს გამოყოფს. დონაციის ნაწილი ბელგიურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაზე, ნაწილი კი ვაქცინების წამყვან აფრიკულ მწარმოებლებზე გადანაწილდება.
mRNA-ის წარმოების პლატფორმაზე სამუშაოდ, Quantoom Biosciences-ი ფონდისგან $20 მილიონს მიიღებს. სენეგალის „დაკარის ინსტიტუტსა“ და სამხრეთ აფრიკის Biovac-ს კი, ტექნოლოგიის შესაძენად, $5-$5 მილიონი გადაეცემა. დამატებით $10 მილიონი ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის სხვა მწარმოებლებისთვის, რომლებიც პლატფორმის გამოყენების სურვილს გამოთქვამენ.
mRNA-ის გამოყენებით შექმნილმა ვაქცინებმა გარდამტეხი როლი შეასრულა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. თუმცა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა მსოფლიო მასშტაბით კვლავ არათანაბარი რჩება, განსაკუთრებით კი იმ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, სადაც მალარიის, ტუბერკულოზისა და სხვა მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აფრიკის ქვეყნები წამლების 90%-ს, ხოლო ვაქცინების 99%-ს უცხოური მიმწოდებლებისგან იღებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კეიპტაუნში mRNA-ვაქცინის ტექნოლოგიური ცენტრი გახსნა. ერთ-ერთმა წევრმა Afrigen Biologics-მა, ლაბორატორიაში, COVID-19-ისთვის განკუთვნილი პირველი აფრიკული mRNA-ვაქცინა უკვე შექმნა. მიუხედავად ამისა, mRNA-ვაქცინების წარმოება კვლავ მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ მასშტაბით, რომელიც მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესასწავლად აუცილებელია.
„გეიტსების ფონდის“ განცხადებით, Quantoom-ის პლატფორმა, სახელწოდებით Ntensify, mRNA-ის პარტიების წარმოების შედარებით იაფი და ეფექტიანი საშუალებაა. ამ დრომდე ფონდმა mRNA-ტექნოლოგიაში $55 მილიონის ინვესტიცია უკვე განახორციელა.