გეიტსი, კოხთან და ბალმერთან ერთად, ეკონომიკური მობილობის მხარდასაჭერად $1 მილიარდს გამოყოფს

გეიტსი, კოხთან და ბალმერთან ერთად, ეკონომიკური მობილობის მხარდასაჭერად $1 მილიარდს გამოყოფს

ბილ გეიტსმა, ჩალზ კოხთან და კიდევ სამ მილიარდერთან ერთად, ახალი ფილანთროპიული ორგანიზაციის, NextLadder Ventures-ის დაფინანსების ვალდებულება აიღო. ორგანიზაციისთვის, რომელიც ეკონომიკური მობილობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, ბიზნესმენები ინდივიდუალურად $1 მილიარდს გამოყოფენ.

Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან (სიმდიდრე: $116.9 მილიარდი) და Koch Industries-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჩარლზ კოხთან ($67.5 მილიარდი) ერთად, NextLadder Ventures-ის შემწირველებს შორის არიან: Microsoft-ის ყოფილი CEO სტივ ბალმერი ($142.5 მილიარდი), Intuit-ის დამფუძნებელი სკოტ კუკი ($7.7 მილიარდი) და ჰეჯ-ფონდის ინვესტორი, ჯონ ოვერდეკი ($7.4 მილიარდი).

NextLadder Ventures-ი ხელოვნური ინტელექტის კვლევების კომპანია Anthropic-თან ითანამშრომლებს და დაეხმარება ორგანიზაციებს, რომლებიც დაბალი შემოსავლების მქონე ამერიკელების ფინანსური ტრაექტორიის გასაუმჯობესებლად, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზეა ორიენტირებული. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ საკითხს, კოხი თავის ახალ წიგნშიც ეხმიანება და წერს, რომ „ამერიკა ორდონიანი საზოგადოებისკენ მიიღვწის – ისეთი საზოგადოებისკენ, რომელშიც ნაკლები ადამიანი წინ მიიწევს და უმეტესობა უკან რჩება“.

NextLadder Ventures-ის არსებული გეგმით, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, ორგანიზაცია საწყისი $1 მილიარდის დაფინანსებებს როგორც არაკომერციული, ასევე კომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად გამოიყენებს. ორგანიზაციები, რომლებიც NextLadder Ventures-ის ხედვას იზიარებენ, დაფინანსებას გრანტების, სააქციო ინვესტიციებისა და კომპანიების შემოსავლიდან პროცენტის სახით მიიღებენ.

რაც შეეხება Anthropic-ს, ის ორგანიზაციის ბენეფიციარებს AI-სერვისებსა და ტექნიკურ დახმარებას სრულად უფასოდ შესთავაზებს, რაც მათ ინოვაციების განხორციელებასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ბაზარზე უფრო სწრაფად გატანაში დაეხმარება.

NextLadder Ventures-ი, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ახალი ფილანთროპი პარტნიორებისა და დამატებითი დაფინანსების მოზიდვას გეგმავს. თუმცა ორგანიზაცია ასევე იმედოვნებს, რომ მისი საქმიანობა საჯარო და კერძო დაფინანსების წყაროებს შთააგონებს – მასშტაბირებადი ტექნოლოგიების ბაზრის შესაქმნელად.