დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადის მეორე წელი დაიწყო. მისი მეორე ვადის პირველი თვეები კაპიტალის ბაზრებზე დიდი რყევებით ხასიათდებოდა, რაც გეოპოლიტიკური და სავაჭრო ომის რისკებით აიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პირველი წლის ბოლო თვეები საფონდო ბირჟებისთვის შედარებით სტაბილურად წარიმართა, გრენლანდიასთან დაკავშირებულმა საკითხებმა ზემოაღნიშნული რისკები კვლავ წინ წამოსწია. ეს კი, როგორც ხდება, პირდაპირპროპორციულად აისახა კაპიტალის ბაზრებზე.
ბოლო კვირების განმავლობაში გრენლანდიასთან დაკავშირებული კამათის შედეგად, საფონდო ბირჟებისთვის ბოლო დღეები წითლად დასრულდა, ანუ კაპიტალის ბაზრებზე დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნევა.
კაპიტალის ბაზრებზე ინვესტორებისთვის უარყოფით მოლოდინს აჩენს ის განცხადებები, რომლებიც გრენლანდიაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოებისათვის დამატებითი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, რაც ევროპასთან ახალი სავაჭრო ომის წამოწყების პერსპექტივაა. გარდა ამისა, გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო ძალის პოტენციურ გამოყენებაზე მინიშნება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის, ნატოს ეფექტიანობასაც, რომლის წევრებიც აშშ და დანიაც არიან.
ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის რეალური სამხედრო-პოლიტიკური კონფრონტაციის ალბათობა დაბალია, გლობალური ინვესტორებისათვის გავრცელებული განცხადებები უარყოფითი მოლოდინის შექმნისათვის საკმარისია. Cresset Capital-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, ჯეკ ებლინის განმარტებით, გლობალური ინვესტორები ამ მუქარებს საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ და დამატებითი აქტივების შეძენისას ანტიამერიკულ სენტიმენტებს ამჟღავნებენ.
ფინანსური ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კაპიტალის ბაზრებზე არამდგრადი ვითარება გრენლანდიის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე შენარჩუნდება. ცნობისათვის, გუშინ საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის ბოლოსთვის S&P 500-ის ღირებულება 2.1%-ით შემცირდა.
















