გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა, ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ კანონის მოდერნიზაციისთვის კანონპროექტი დაამტკიცა. ბერლინში გამართული პრესკონფერენციისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ კანონმდებლობა ნატურალიზაციის პროცესს გაამარტივებს და მიგრანტებს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობის აღების საშუალებას მისცემს.
წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მიგრანტებს გერმანიის მოქალაქეობის მიღების უფლება, რვის ნაცვლად, ქვეყანაში 5 წლით ცხოვრების შემდეგ ექნებათ. იმ მიგრანტებისთვის კი, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას და გამოირჩევიან აკადემიური და პროფესიული მიღწევებით, მოქალაქეობის მიღების ვადები სამ წლამდე მცირდება. ფერეზმა კანონმდებლობას, რომელიც სწორედ თანამედროვე და მრავალფეროვან გერმანიას შეესაბამება, მათი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა უწოდა.
კანონმდელობა ასევე საშუალებას მისცემს მიგრანტებს ფლობდნენ ორმაგ, ან მრავალეროვნულ მოქალაქეობას, რომლის მიღებაც ამჟამად მათთვის შეუძლებელია. გარდა ამისა, გერმანიის მოქალაქეობას მიიღებენ ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვებიც, იმ შემთხვევაში, თუ მათი ერთი მშობელი მაინც, მინიმუმ ხუთი წელია ლეგალურად ცხოვრებს გერმანიის ტერიტორიაზე. პარალელურად, ბავშვები მშობლების მოქალაქეობის შენარჩუნებასაც შეძლებენ.
ცნობისთვის, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები 12 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის თითქმის 14%) გერმანიის მოქალაქეობას არ ფლობს. ოფიციალური მონაცემებით, მათგან დაახლოებით 5.3 მილიონი პირი ქვეყანაში სულ მცირე 10 წელია რაც ცხოვრობს. შემოთავაზებული კანონპროექტი პარლამენტისგან დამტკიცებას საჭიროებს და ბუნდესტაგში, სავარაუდოდ, ზაფხულის შესვენების შემდეგ განიხილება.