2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. ეკონომისტთა განმარტებით, ამის მიზეზი შინამეურნეობების დანახარჯებზე მაღალი ინფლაციის ზეწოლაა. სტატისტიკის ადგილობრივი სამსახურის მონაცემებით, გერმანიის მშპ 2023 წლის პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა. მშპ 0.5%-ით შემცირდა 2022 წლის მეოთხე კვარტალშიც. რეცესია კი კლასიკური განმარტებით იმ შემთხვევას ეწოდება, როდესაც ეკონომიკა ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში მცირდება.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანიის მშპ-ის მონაცემებმა „მოულოდნელად ნეგატიური სიგნალები“ გამოავლინა. მისი განმარტებით, სხვა განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით გერმანიის ეკონომიკა ზრდის პოტენციალს კარგავს.
ქვეყანაში პირველ კვარტალში შინამეურნეობების დანახარჯები 1.2%-ით, ხოლო მთავრობის დანახარჯები 4.9%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, ამავე პერიოდის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.
2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას პოზიტიური მონაცემები ჰქონდა ვაჭრობაშიც. ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებელი ამ პერიოდში 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.9%-ით შემცირდა.
ეკონომისტების მოსაზრებით, რეცესიაზე დიდი გავლენა მოახდინა ენერგიაზე გაზრდილმა ფასებმაც. შესაბამისად, მათი პროგნოზით, რეცესია გარდაუვალი იყო. ახლა კი მთავარია, რამდენად სწრაფად შეძლებს გერმანიის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას და ზრდის გაგრძელებას.