რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შემდგომ, გერმანიამ Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცედურა შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა ექსპლუატაციაში შესასვლელად გაზსადენს გერმანიის მთავრობის თანხმობა და ევროპული კანონმდებლობის დაკმაყოფილება სჭირდება.
სამშაბათ დილით, გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა რუსეთსა და გერმანიას შორის მილსადენის ავტორიზაციისთვის საჭირო ზომების შეჩერების ბრძანება გასცა. ბერლინში გამართულ კონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ სერტიფიკაციის გარეშე Nord Stream 2-ის გაზსადენი ექსპლუატაციაში შესვლას ვერ შეძლებს.
მანამდე კი გერმანიის ლიდერმა პრეზიდენტ პუტინის ქმედებას, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის „სერიოზული დარღვევა“ უწოდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთსა და დასავლეთს შორის დადებულ შეთანხმებებს არღვევდა. კანცლერ შოლცის განცხადებით: „დღეს სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია“.
Nord Stream 2-ის პროექტი დაწყების დღიდან საერთაშორისო კრიტიკისა და სანქციების ობიექტია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ 1,200-კმ-იანი მილსადენის მშენებლობა ხუთი წლის წინ დაიწყო, თუმცა 2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გამო პროექტის წამყვანმა კონსტრუქტორებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამის მიუხედავად, ერთ წელიწადში, $11-მილიარდიანი პროექტის მშენებლობა განახლდა, რის შედეგადაც ევროპის გაზის საჭიროების მესამედზე მეტი უკვე რუსულ „გაზპრომზე“ მოდის.