ღაზა და მერყევი შტატები: ბაიდენი ორ ცეცხლს შუა

ღაზა და მერყევი შტატები: ბაიდენი ორ ცეცხლს შუა

გა­სუ­ლი წლის 6 ოქ­ტომ­ბერს ისრაელი ახლო აღმოსავლეთში აღიარებისა და მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ისტორიულ მიჯნაზე იმყოფებოდა. თითქმის დასრულებული იყო საუდის არაბეთთან დიდი შეთანხმება, რომელიც ე.წ. აბრაამის შეთანხმებების დამაგვირგვინებელი ეტაპი და ისლამურ სამყაროსთან ისრაელის ურთიერთობების ახალი საწყისი უნდა გამხდარიყო. ხოლო პალესტინის საკითხი, რომელიც 75 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა ისრაელის ისტორიას, მყარად მეორე პლანზე იყო გადასული.

ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა.

გლობალური მხარდაჭერა და სიმპათიები, რაც ისრაელმა „ჰამასის“ მიერ ორგანიზებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიიღო, ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ თითქმის სრულად ამოწურულია. ისრაელში შავი შაბათის სახელით ცნობილი ტრაგიკული დღის გამოსახულებები კი ღაზაში დამშეული და მოკლული ათასობით პალესტინელის გამოსახულებებმა ჩაანაცვლა.

ერთი შეხედვით, ისრაელი ახლოსაა საერთაშორისო იზოლაციასთან, საუდის არაბეთთან დიდი შეთანხმების პროცესი შეჩერებულია, პალესტინის საკითხი კი კვლავ რეგიონალურ და გლობალურ დღის წესრიგშია, რაც მთავარია, ებრაული სახელმწიფო ღია უთანხმოებაშია მის მთავარ მოკავშირესთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

პალესტინური ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზაში მოკლულთა რიცხვი 33 ათასს აღემატება. რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ისე შეიარაღებულ კომბატანტებს. ამავე წყაროების ცნობით, დაღუპულთა ნახევარი ქალები და ბავშვები არიან. ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე წნეხი იზრდება ისრაელზეც.

ეს წნეხი უფრო თვალსაჩინო გახდა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ისრაელური დრონის დარტყმას საერთაშორისო ჰუმანიტარული (World Central Kitchen) ორგანიზაციის შვიდი მოხალისე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად მკვეთრად შეიცვალა თეთრი სახლის რიტორიკაც და ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიბი ნეთანიაჰუს მთავრობისკენ მზარდი წნეხი მიმართა. ბაიდენის გაფრთხილებას სხვა ამერიკული უწყებების უფრო კონკრეტული მოთხოვნები მოჰყვა.

“თუკი ჩვენ ვერ ვიხილავთ ცვლილებებს, რომელთა ხილვაც გვსურს, იქნება ცვლილებები ჩვენს პოლიტიკაში”, – განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა.

აქედან რამდენიმე საათში ისრაელის მთავრობამ ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობის მკვეთრი გაზრდა დააანონსა, პირველად 7 ოქტომბრის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაიხსნა ერეცის გამშვები პუნქტი და აშდოდის პორტი.

ბაიდენის ადმინისტრაციასა და ნეთანიაჰუს მთავრობას შორის ვითარების განმუხტვა სავარაუდოდ დროებითი ხასიათისაა. ისრაელის არმია ქალაქ რაფაში შეჭრისთვის ემზადება, სადაც, მათი თქმით, „ჰამასის“ ბოლო ოთხი ბატალიონია გამაგრებული. საქმე ის არის, რომ „ჰამასის“ გარდა, ქალაქი უკანასკნელი თავშესაფარია მილიონზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელისთვისაც, რომლებმაც ბოლო თვეებში საცხოვრებელი დაკარგეს. თეთრმა სახლმა ისრაელი რამდენიმეჯერ გააფრთხილა რაფაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგ, ბაიდენი ნეთანიაჰუსგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და მსხვერპლის მინიმიზაციის კონკრეტულ გეგმას ითხოვს. ისრაელს გეგმა ამ დრომდე არ წარუდგენია, თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, რაფაში ოპერაციის დაწყების თარიღი უკ­ვე შეთანხმებულია.

მოსალოდნელია, რომ რაფაში ოპერაციის დაწყება კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც არასახარბიელო ურთიერთობებს და ამას მხოლოდ გეოპოლიტიკური მიზეზი არა აქვს. ისრაელის სახელმწიფოზე 6 წლით უფროსი ჯო ბაიდენისთვის ებრაული სახელმწიფოს უპირობო მხარდაჭერას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა სავალალო ელექტორალური შედეგებიც მოჰყვეს.

უნდა ითქვას, რომ ისრაელისა და ამერიკის ლიდერებს შორის დაძაბული მომენტები წარსულშიც ყოფილა – ცნობილია, როგორ ემუქრებოდა რონალდ რეიგანი მენახიმ ბეგინს ისრაელის არმიის მიერ ბეირუთის მასშტაბური დაბომბვების დროს. დასამახსოვრებელი იყო იმავე ნეთანიაჰუს გამოსვლა კონგრესში, როდესაც მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ირანზე მეტად იმდროინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა.

თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერა შესაძლოა ძალიან ძვირფას ხმებად დაუჯდეს, განსაკუთრებით კი იმ შტატებში, რომლებშიც მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყდება. ამ საფრთხის ღია გამოხატულება იყო რამდენიმე ე.წ. მერყევ შტატში ჩატარებული დემოკრატიული პარტიის პრაიმერისი. ვისკონსინსა და მიჩინგანში გამართულ კენჭისყრაზე დემოკრატების დელეგატების მოცულობითმა ნაწილმა უარი თქვა ბაიდენის კანდიდატის მხარდაჭერაზე. ღაზაში მიმდინარე ომზე ბაიდენის პოზიციით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვმა ვისკონსინში დელეგატების 13%, მიჩიგანში კი 11% შეადგინა. ამ პროცესის ორგანიზატორები კი ადგილობრივი არაბი დემოკრატები არიან. მსგავსი ინიციატივა აქვთ მინესოტაში, ნევადაში, არიზონაში, ჯორჯიასა და პენსილვანიაში მცხოვრებ არაბული წარმომავლობის დემოკრატებს. ჯამურად აშშ-ის მუსლიმური მოსახლეობა, რომელიც ამერიკელ არაბებს, მუსლიმ აფრიკელ-ამერიკელებსა და აზიელ-ამერიკელებსაც მოიცავს, 3 მილიონს აღემატება.

თითოეულ ამ შტატს საგრძნობი რაოდენობის არაბი მოსახლეობა ჰყავს, რომელთა განწყობაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკიდურესად მჭიდრო საარჩევნო ბრძოლაში. მაგალითისთვის, მიჩიგანში, რომელიც ჯო ბაიდენმა 2020 წელს სულ 150 ათასი ხმით მოიგო, თითქმის 300 ათასი არაბი ცხოვრობს. არიზონაში, სადაც ბაიდენმა ტრამპი სულ 10 ათასი ხმით დაამარცხა, 60 ათასზე მეტი მუსლიმია. ჯორჯიაში, რომელმაც წინა არჩევნების ბედი სულ 12 ათასი ხმით გადაწყვიტა, 57 ათასი მუსლიმია.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ამ მოსახლეობას შორის რამდენია რეგისტრირებული ამომრჩეველი, თუმცა არაბულ-ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე არაბების 59%-მა ხმა სწორედ ბაიდენს მისცა. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებლები მკვეთრადაა შემცირებული.

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორების აზრით, ბაიდენისთვის მთავარი საფრთხე არა იმდენად ტრამპის მხარდაჭერის ზრდაა, რომელიც უფრო მეტად პროისრაელურ კანდიდატად მიიჩნევა, არამედ ამ მნიშვნელოვანი კატეგორიის ამომრჩევლების სახლში დარჩენაა. ასევე მაღალია რისკი, რომ ბაიდენით იმედგაცრუებული არაბები ხმას უპარტიო კანდიდატებს მისცემენ, ასეთი კი მიმდინარე წელს ორი იქნება.

ისრაელის მიმართ უპირობო მხარდაჭერა ბაიდენისთვის პრობლემას წარმოადგენს ე.წ. მერყევი შტატების მიღმაც. განსაკუთრებით – ახალგაზრდა მოსახლეობაში, რომლებიც ღაზაში მიმდინარე ომის გამო ბაიდენის ყველაზე მწვავე შიდაკრიტიკოსები არიან.

რთული სათქმელია, რამდენად გადამწყვეტი ეფექტი ექნება მუსლიმი ამერიკელების ხმებს ჯამურად ნაციონალურ შედეგებზე, თუმცა ფაქტია, რომ ამ რისკზე აქტიურად ფიქრობენ პრეზიდენტის გუნდში და მათ შორის სწორედ ალბათ ამ ფაქტორით იხსნება ბაიდენის გამკაცრებული რიტორიკა ისრაელის მიმართ.

მეორე კუთხით, ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 7 ოქტომბრის შემდეგ თითქმის უცვლელია და ჯიუტად 39-40%-ის ფარგლებში მერყეობს. ისრაელის განგრძობადი მხარდაჭერა ბაიდენს არა მხოლოდ ელექტორალურ, არამედ შიდაპარტიულ პრობლემებსაც უქმნის. ადმინისტრაციას უკვე დაუფარავად უპირისპირდება პარტიის მარცხენა ფლანგი, რომლებიც ილჰან ომარის მეთაურობით პრეზიდენტს „პალესტინელთა ხოცვისთვის მწვანე შუქის ანთებაში ადანაშაულებენ”. სავარაუდოა, რომ ეს მკვეთრად შეამცირებს ბაიდენის მიერ ახალი მნიშვნელოვანი რეფორმების შანსებს მისი მეორე ვადით არჩევის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის მიმართ უფრო ხისტი პოზიციის დაკავებაც არ იქნება სრულად „უფასო” ვარიანტი ბაიდენისთვის და ესეც გარკვეული ხმების დაკარგვაში გადაითარგმნებოდა.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გადამწყვეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს არაბი ამერიკელების ხმებს ნოემბრის ისტორიულ არჩევნებზე, ისრაელ-პალესტინის განახლებულმა კონფლიქტმა ბაიდენის ადმინისტრაციას და მისი გამარჯვების შანსებს უკვე საგრძნობი ზიანი მოუტანა. ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ტრამპისტების ბანაკი ცდილობს ბაიდენი არაეფექტიან პოლიტიკურ ოპერატორად წარმოაჩინოს, რომელსაც აღარ ძალუძს რთულ გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში ამერიკის უსაფრთხო ნავიგაცია.

ღაზაში მიმდინარე ომის არეალის გაფართოება, კონფლიქტში ირანის ან სხვა მოთამაშეების პირდაპირი ჩართვა კი ბაიდენის კამპანიისთვის შესაძლოა ფატალური დარტყმა აღმოჩნდეს.