გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია – პროკურატურის თქმით, მან დანაშაული აღიარა და ზიანი აანაზღაურა

გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია – პროკურატურის თქმით, მან დანაშაული აღიარა და ზიანი აანაზღაურა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულამ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც მედიაკომპანია წერს, პროკურატურაში განუცხადეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიყენებული ზიანი აანაზღაურა. ფორმულას ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალმდებელი მხარისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამავე საქმეზე, გასული წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბაჩიაშვილმა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა – დაახლოებით 8 253 ბიტკოინი – მიითვისა, რომელთა ღირებულება იმ პერიოდში 39 მილიონ დოლარს აჭარბებდა. პროკურატურის ცნობით, ინვესტორმა მხოლოდ 536 900 დოლარი მიიღო, რაც მისი წილის მცირე ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული. მან ქვეყანა 2025 წლის 2 მარტს, მანამდე დატოვა, ვიდრე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.