თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალმდებელი მხარისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამჟამინდელი კურსით, აღნიშნული რაოდენობის ბიტკოინების საერთო ღირებულება 868 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, სასამართლომ მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მისივე თქმით, ბაჩიაშვილს დაეკისრა ან ბიტკოინების დაბრუნება, ან მათი ეკვივალენტური ღირებულების თანხის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტის ფასით.
„თუ გიორგი ბაჩიაშვილს ეს ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ იგი ვალდებული იქნება, რომ მოსარჩელეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულების თანხა, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული ოდენობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.
ცნობისთვის, ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბაჩიაშვილმა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა – დაახლოებით 8 253 ბიტკოინი – მიითვისა, რომელთა ღირებულება იმ პერიოდში 39 მილიონ დოლარს აჭარბებდა. პროკურატურის ცნობით, ინვესტორმა მხოლოდ 536 900 დოლარი მიიღო, რაც მისი წილის მცირე ნაწილია.
ბაჩიაშვილს 2023 წლის 6 ივლისს 2.5 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან 2025 წლის 2 მარტს საქართველოს დატოვება მოახერხა. საგამოძიებო უწყებამ უკვე მიმართა შესაბამის ინსტანციებს, რათა ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.