გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება €10 მილიონამდე გაიზარდა

გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება €10 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 4 მილიონი ევროთი გაიზარდა და 10 მილიონ ევროს მიაღწია.

მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებამ €1-მილიონიან ნიშნულს 2020 წლის ოქტომბერში გადააბიჯა, როდესაც 22 წლის ფეხბურთელი ბელგიური „სერაინგის“ ღირსებას იცავდა. ის „მეციდან“ სწორედ ამ კლუბში იყო განათხოვრებული.

გიორგი მიქაუტაძე „სერაინგიდან“ „მეცში“ 2022 წლის იანვარში დაბრუნდა. ამ დროს მისი ღირებულება 2.2 მილიონ ევროს უტოლდებოდა. 2022-23 წლების სეზონში მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით საერთო ჯამში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში თავი 24 გოლითა და ცხრა საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ნაჩვენები შედეგის გამო, საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა (UNFP) გიორგი ლიგა 2-ის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 22 წლის ქართველი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ „მეცმა“ მომავალ სეზონში ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მიქაუტაძეს მიუძღვის.