გიორგი შაგიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და CFO-ს პოზიციას დაიკავებს

გიორგი შაგიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და CFO-ს პოზიციას დაიკავებს

გიორგი შაგიძე, 2025 წლის მარტიდან, Lion Finance Group PLC-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და CFO-ს პოზიციას დაიკავებს, მარეგულირებლის მიერ დამტკიცების პირობით. ამის შესახებ ინფორმაცია Lion Finance Group-ის LinkedIn-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

შედეგად, გიორგი შაგიძე ჯგუფის ფინანსებსა და საერთაშორისო ზრდაზე იქნება პასუხისმგებელი. იგი აღნიშნულ პოზიციაზე სულხან გვალიას შეცვლის, რომელმაც, როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბანკში 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, გვალია დარჩება არააღმასრულებელ წევრად Lion Finance Group PLC-ის სხვადასხვა შვილობილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოებში, მათ შორის Ameriabank-ში, რომელიც სომხეთში ოპერირებს.

რაც შეეხება გიორგი შაგიძეს, იგი საქართველოს ბანკს მოლდოვის უმსხვილესი ბანკიდან, Maib-დან, უერთდება. შაგიძე აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. გიორგის ასევე აქვს დაგროვებული გამოცდილება TBC Bank Group-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. მანამდე კი მუშაობდა Barclays PLC-ში გლობალური ოპერაციების მიმართულების აღმასრულებელ დირექტორად.