საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა, ევროპის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შორის, ნათია თურნავას საქმიანობა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს Global Finance-მა D-ქულა მიანიჭა, რაც ევროპის რეგიონისთვის ყველაზე დაბალი შეფასებაა.
„2023 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას დანიშვნა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნა შეფასებული. თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ ის და მისი უწყებაც მუდმივად ჩათრეულია ქვეყნის მწვავე პოლიტიკურ დისკუსიებში.
კითხვები გააჩინა 2023 წლის სექტემბერში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც, როდესაც მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მისი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქის აქტივების გაყინვის უფლება მხოლოდ ქართულ სასამართლოს შეუძლია. მის საკამათო გადაწყვეტილებას სებ-ის სამი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის გადადგომა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საყვედური მოჰყვა, რომელმაც თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა”, – ნათქვამია Global Finance-ის ანგარიშში.
Global Finance-ს Fitch Ratings-ის მონაცემებიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2023 წლის აგვისტოს $5.4 მილიარდიდან 2024 წლის ივნისში $4.6 მილიარდამდე შემცირდა და ეს კლება, ნათია თურნავას თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე დაიწყო. გარდა ამისა, გამოცემა გასული წლის მაისში, ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვების დახარჯვის გადაწყვეტილებაზეც წერს, რომელმაც პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტისა და ევროკავშირის წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელმაც საბოლოოდ, შეაჩერა საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
Central Banker Report Cards-ის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება. Global Finance-ი მთავარი ბანკირების საქმიანობას, ფინანსური ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით, A-დან F-მდე სკალით აფასებს. ყველაზე მაღალი შეფასება A+, წელს, დანიისა და შვეიცარიის წარმომადგენლებმა დაიმსახურეს. რეგიონში ყველაზე დაბალი ქულა კი, როგორც აღვნიშნეთ, ნათია თურნავას აქვს.
Global Finance-ის შეფასება ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების საქმიანობის შესწავლას ეფუძნება – 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გამოცემა ითვალისწინებს ისეთ საზომებს, როგორებიცაა: მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური პოლიტიკის ზედამხედველობა, აქტივების შესყიდვისა და ობლიგაციების გაყიდვის პროგრამები, გამჭვირვალობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ა.შ.
Global Finance-ის 2024 წლის ანგარიშით, ევროპის ქვეყნების მთავარი ბანკირების შეფასება:
ქვეყანა | მმართველი | 2024 წლის შეფასება | 2023 წლის შეფასება |
ბელარუსი | პაველ კალაური | N/A | N/A |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | იასმინა სელიმოვიჩი | TETS | N/A |
ბულგარეთი | დიმიტარ რადაევი | B | B- |
ჩეხეთის რესპუბლიკა | ალეს მიშელი | B+ | B |
დანია | კრისტიან კეტელ ტომსენი | A+ | TETS |
ევროკავშირი | კრისტინ ლაგარდი | A- | B+ |
საქართველო | ნათია თურნავა | D | TETS |
უნგრეთი | ჯორჯი მატოლჩი | B- | C |
ისლანდია | ასგეირ ჯონსონი | B | A- |
ნორვეგია | იდა ვალდენ ბახი | A- | A- |
პოლონეთი | ადამ გლაპინსკი | C | B- |
რუმინეთი | მუგურ ისარესკუ | B+ | B+ |
რუსეთი | ელვირა ნაბიულინა | N/A | N/A |
შვედეთი | ერიკ თედინი | A- | TETS |
შვეიცარია | თომას ჯორდანი | A+ | A+ |
თურქეთი | ფატიჰ კარაჰანი | TETS | N/A |
უკრაინა | ანდრეი პიშნი | N/A | N/A |
გაერთიანებული სამეფო | ენდრიუ ბეილი | B+ | C |