მიმდინარე წელს ევროზონის ბანკების საერთო მაჩვენებელი საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა – 0.9%, ხოლო მომდევნო წლისთვის 1.5% იქნება. აქედან გამომდინარე, ბანკების დიდი ნაწილი სესხების დანაკარგების რეზერვებს (LLR) აგრესიულად ზრდის.
რეგიონის ლიდერობა შესამჩნევია Global Finance-ის ყველაზე უსაფრთხო ბანკების მიმდინარე წლის რეიტინგშიც, სადაც წამყვანი ათი პოზიციიდან ცხრას სწორედ ევროპის ბანკები იკავებენ, ასეულში მათ 42 ადგილი ერგო. თავად რეგიონის ლიდერი კი საფრანგეთია, ჯამში ცხრა ბანკით.
რეიტინგში თვალში საცემია ცვლილებებიც, მათ შორის Credit Suisse-ის შესყიდვის შემდეგ, შვეიცარიული UBS-ის დაქვეითება 11 ადგილით, 48-ე პოზიციამდე. Fitch-ის რეიტინგის შემცირების გამო ერთი პოზიცია დაკარგა Caisse des Depots et Consignations-მა, ხოლო Moody-ის რეიტინგების გაუქმების გამო, Deutsche Apotheker-und Aerztebank-ი 17 პოზიციით დაქვეითდა და 52-ე ადგილზე გადაინაცვლა. სხვა მხრივ შედეგები პოზიტიურია.
მსოფლიოს 100 ყველაზე უსაფრთხო ბანკს შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი 26 ინსტიტუტითაა წარმოდგენილი. რეგიონში ლიდერობს სინგაპური, სამი ბანკით: DBS-ი, Oversea-Chinese Banking Corp-ი და United Overseas Bank-ი. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, აქ ლიდერი კანადაა – საერთო რეიტინგში RBC მე-10 პოზიციას იკავებს, ჯამში კი ქვეყანა შვიდი ინსტიტუტითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, Fitch-ის მიერ აშშ-ის სუვერენული რეიტინგის შემცირების მიუხედავად, ქვეყანას უსაფრთხო ბანკების რეიტინგში ყველაზე მეტი – 10 წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორის ლიდერი AgriBank-ია (საერთო რეიტინგის 42-ე პოზიცია).
მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ბანკების რეიტინგის ასეულში გარკვეული რეგიონების წარმომადგენლობითი ზრდაც შეიმჩნევა. მაგალითისთვის, აზიის რეგიონიდან მიმდინარე წლის რეიტინგში 18 ახალწვეულია, ძირითადად ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ხარჯზე, ხოლო ჯამში რეგიონს ტოპ-100-ში 26 წარმომადგენელი ჰყავს.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით გამარჯვებულებს, ამ შემთხვევაში საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ბანკის ტიტული „საქართველოს ბანკს“ ხვდა წილად. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თანაბარი ქულების შემთხვევაში ერთ-ერთი ძირითადი მეთოდოლოგიური ელემენტი ბანკების საბალანსო ანგარიშის ზომაა. სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს საშუალებას „საქართველოს ბანკსაც“, გადაუსწროს „თიბისის“ – გასული წლის კავკასიის გამარჯვებულს.
რეგიონის მიხედვით კი აზერბაიჯანში ყველაზე უსაფრთხო ბანკის წოდება Kapital Bank-მა მიიღო, სომხეთში – Ardshinbank-მა, ხოლო თურქეთში – Turkiye Kalkinma ve Yatirim Bankasi-მა. ცნობისთვის, რეგიონიდან ვერცერთი ბანკი ვერ მოხვდა 2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ბანკების წამყვან ასეულში.
Global Finance-ი მსოფლიოს აქტივების მიხედვით მსოფლიოს 500 უმსხვილეს ბანკს Fitch Ratings-ის, Standard & Poor’s-ისა და Moody-ის Investors Service-ის მიერ გაცემული გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგების საფუძველზე აფასებს.
Global Finance-ის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ბანკების ათეული:
ბანკი | ქვეყანა | Fitch | Fitch ქულა | Moody | Moody ქულა | S&P | S&P ქულა | მთლიანი ქულა | აქტივები |
KfW | გერმანია | AAA | 10 | Aaa | 10 | AAA | 10 | 30 | $591.6 მლრდ |
Zuercher Kantonalbank | შვეიცარია | AAA | 10 | Aaa | 10 | AAA | 10 | 30 | $214.8 მლრდ |
BNG Bank | ნიდერლანდები | AAA | 10 | Aaa | 10 | AAA | 10 | 30 | $135.5 მლრდ |
Landwirtschaftliche Rentenbank | გერმანია | AAA | 10 | Aaa | 10 | AAA | 10 | 30 | $103.7 მლრდ |
L-Bank | გერმანია | AAA | 10 | Aaa | 10 | AA+ | 9 | 29 | $99.4 მლრდ |
Nederlandse Waterschapsbank | ნიდერლანდები | NR | 9 | Aaa | 10 | AAA | 10 | 29 | $89 მლრდ |
Kommunalbanken | ნორვეგია | NR | 9 | Aaa | 10 | AAA | 10 | 29 | $46 მლრდ |
NRW.BANK | გერმანია | AAA | 10 | Aa1 | 9 | AA | 8 | 27 | $168.4 მლრდ |
Swedish Export Credit Corporation | შვედეთი | NR | 8 | Aa1 | 9 | AA+ | 9 | 26 | $34.4 მლრდ |
Royal Bank of Canada | კანადა | AA- | 7 | Aa1 | 9 | AA- | 7 | 23 | $1.4 ტრლნ |
ბანკი | ქვეყანა | Fitch | Fitch ქულა | Moody | Moody ქულა | S&P | S&P ქულა | საერთო ქულა | აქტივები |
საქართველოს ბანკი | საქართველო | BB | -2 | Ba2 | -2 | NR | -3 | -7 | $10.5 მლრდ |
Kapital Bank | აზერბაიჯანი | NR | -3.5 | Ba2 | -2 | BB- | -3 | -8.5 | $4.6 მლრდ |
Ardshinbank | სომხეთი | BB- | -3 | Ba3 | -3 | B+ | -4 | -10 | $3.9 მლრდ |
Turkiye Kalkinma ve Yatirim Bankasi | თურქეთი | B | -5 | NR | -6 | NR | -7 | -18 | $4.9 მლრდ |