2024 წელს მსოფლიოში ენერგიის მოხმარებამ 592 ექსაჯოულს (EJ) მიაღწია. შედეგად, ახალი რეკორდიც დამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი თანდათან იზრდება, გლობალური ენერგოსისტემის საყრდენად კვლავაც ტრადიციული წყაროები რჩება.
აღსანიშნავია, რომ ენერგომოხმარების ზრდის 68%-ზე მეტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდიოდა, რაც რეგიონის ეკონომიკურ დინამიკასა და ინდუსტრიალიზაციის პროცესს ასახავს.
2024 წელს მსოფლიო ენერგომომარაგების 86.7%-ს ნავთობი, ქვანახშირი და ბუნებრივი აირი უზრუნველყოფდა. მათ შორის ნავთობი კვლავაც მთავარი ენერგოწყაროა: 199 EJ (33.6%). მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები საშუალოდ 3%-ით შემცირდა, ისინი მაინც 27%-ით მაღალი დარჩა 2019 წელთან შედარებით. აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს ინარჩუნებს და მსოფლიო წარმოების მეხუთედს უზრუნველყოფს.
მეორე ადგილს ქვანახშირი იკავებს 165 EJ-ით (27.9%), განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში მზარდი მოხმარების ფონზე. მესამე პოზიციაზე კი ბუნებრივი აირია, შედარებით სუფთა საწვავი. ბუნებრივი აირი 2024 წელს გლობალურად მოხმარებული ენერგიის 25.2%-ს (149 EJ) შეადგენს.
რაც შეეხება დაბალნახშირბადოვანი ენერგიის წყაროებს, გასულ წელს მათი წილი 13.5%-მდე გაიზარდა (წლიური ზრდა +7%). აქედან ბირთვულ ენერგიაზე 5.2% (31 EJ) მოდის, ჰიდროენერგიაზე – 2.7% (16 EJ), სხვა განახლებად ენერგიაზე (ქარი, მზე და ა.შ.) – 5.6% (33 EJ).
გლობალური ენერგომიქსი 2024 წელს:
ენერგიის წყარო | მოხმარება (EJ) | წილი (%) |
---|---|---|
ნავთობი | 199 | 33.6% |
ქვანახშირი | 165 | 27.9% |
ბუნებრივი აირი | 149 | 25.2% |
ბირთვული ენერგია | 31 | 5.2% |
ჰიდროენერგია | 16 | 2.7% |
სხვა განახლებადი ენერგია | 33 | 5.6% |
სულ | 592 | 100% |
წყარო: Energy Institute