გლობალური საფონდო ბირჟებიდან $11 ტრილიონის კაპიტალი გაქრა

გლობალური საფონდო ბირჟებიდან $11 ტრილიონის კაპიტალი გაქრა

გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლისა და კაპიტალის გადინების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წელს აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი (S&P 500) 16.5%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 12.0%-ით დაეცა; Nasdaq-ის ინდექსი კი 26.4%-ით არის შემცირებული.

Bloomberg-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, გლობალური საფონდო ბირჟებიდან 11 ტრილიონი დოლარის კაპიტალი გაქრა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.

კაპიტალის გადინება ყველაზე მწვავედ ტექნოლოგიურ სექტორში შეინიშნება. ინვესტორები აქტიურად ცდილობენ, სარისკო პოზიციები შეამცირონ, კაპიტალი კი შედარებით სტაბილურ სექტორებში გადაიტანონ, ისეთში, როგორიც ენერგეტიკა და საცალო ვაჭრობაა.

ბირჟების დაღმასვლის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდა და ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. მაღალი ინფლაცია და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი ეკონომიკის ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორებია, მათი კომბინაცია კი სტაგნაციისა და რეცესიის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

პოტენციური რეცესიის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების მოლოდინში, ინვესტორები ფიქრობენ, რომ კომპანიების ზრდის ტემპი შენელდება. მათი დიდი ნაწილი გასული წლის შედეგების გაუმჯობესებას ვერ შეძლებს და მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მათგანი ზარალზეც კი გავიდეს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საფონდო ინდექსების კორექცია ჯერაც არ დასრულებულა და, შესაძლოა, რომ S&P 500 წელს 20%-ით შემცირდეს; Nasdaq-ის ინდექსი კი სრული დაღმასვლის, დათვის მარკეტის ტენდენციაში გადაეშვას.

საპირისპირო აზრი აქვს აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, პიტერ ოპენჰაიმერს. მისი განცხადებით, ბირჟების კორექცია საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის, ზოგიერთი კომპანიის აქცია კი Goldman-ის ექსპერტთათვის განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.