გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეული“ $4.5 მილიარდს გამოყოფს

გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეული“ $4.5 მილიარდს გამოყოფს

რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად „დიდი შვიდეული“ 4.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა.

აშშ-ის, ევროკავშირის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც სურსათის გაძვირებით ყველაზე მეტად დაზარალებული 47 სახელმწიფოს მოსახლეობის დახმარება იქნება.

გამოყოფილი თანხიდან $2 მილიარდი ჰუმანიტარულ ინტერვენციებზე დაიხარჯება, $760 მილიონი – სასურსათო დახმარების პროგრამებზე. რაც შეეხება თანხის დარჩენილ ნაწილს, მას მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყენებენ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე დიდ საფრთხეს დაბალშემოსავლიან მოსახლეობის უქმნის. კერძოდ, წელს აფრიკის რეგიონში შიმშილის ზღვარზე მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა აღმოჩნდება, რაც მსოფლიო მასშტაბით ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები დანამატების მკვეთრი გაძვირებით იქნება განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეული“ დღეს რუსულ ნავთობზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების განხილვაზეც შეთანხმდა. სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე დაწესდება საფასო ლიმიტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, წინასწარ განსაზღვრულ ფასზე ძვირად ნაყიდი რუსული ნავთობის იმპორტი და ტრანსპორტირება სრულად აიკრძალება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *