ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ავრცელებს ინფორმაციას ქართული სტარტაპის – Pulsar AI-ს შესყიდვის შესახებ, რომელმაც შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია ავტომანქანის დილერებისთვის. პულსარის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება “სპინქარის” ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება სპინქარის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას სპინქარის გუნდთან ერთად.
“პულსარის მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა შექმნეს დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.” – ამბობს Devin Daly, სპინქარის თანადამფუძნებელი და CEO. “ძალიან გვიხარია მათი შემოერთება სპინქარის ოჯახში, მოუთმენლად ველით გამოვიყენოთ პულსარის ექსპერტიზა და ტექნოლოგიური სიახლეები უფრო უკეთესი ბიზნეს-შედეგების მოსატანად ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისთვის. აღნიშნული შენაძენი საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ყველა შეხების წერტილში უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის მომხმარებლისთვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს.”
Michael Quigley, სპინქარის თანადამფუძნებელი და Chief Strategy Officer – “პულსარის შესყიდვა, ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების მომავალ შენაძენებთან ერთად ავტო-სივრცეში, წარმოადგენს ჩვენი ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტს.”
დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს პულსარი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. პულსარმა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit” – ით. ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და ეხმარებოდა გუნდს ავტო-ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში. პულსარი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). პულსარის ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისათვის.
კომპანიების შესახებ
სპინქარი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. სპინქარის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.
პულსარის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან.
კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.
“სპინქარმა დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი ათასობით ავტო-დილერს შორის მსოფლიოს გარშემო, და ჩვენ, ორივე კომპანია ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს.”, ამბობს დაჩი ჭოლაძე, პულსარის თანადამფუძნებელი და CEO. “ინოვაციები, რომლებიც ჩვენ შევქმენით Conversational AI-ის მიმართულებით, აწესებს ახალ სტანდარტს ზოგადად დიალოგის ავტომატიზაციაში. სპინქართან შეერთება შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი Conversational AI ტექნოლოგიები”.
ტრადიციული ბიზნეს მოდელის მქონე სადილეროებს უწევთ გაუმკლავდნენ ციფრული ტრენდების სწრაფ განვითარებას, რაც ბიზნესის ტრანსფორმაციის საჭიროებას კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის. სპინქარის მონაცემების სიმრავლე და ტექნოლოგიური აპლიკაციების გაფართოება ეხმარება ათასობით სადილეროს გაზარდოს ეფექტურობა მომხმარებელთათვის უწყვეტი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით, შესაბამისად, დააკმაყოფილოს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები. პულსარის შესყიდვით, სპინქარის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში.