გლობალურმა M&A-აქტივობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 2021 წელს 5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. საინტერესოა, რომ რაოდენობის მხრივ 63%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ასევე დიდი მაჩვენებელია. ბოლო ყველაზე დიდი რაოდენობის M&A-აქტივობა ფინანსურ კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე, 2007 წელს დაფიქსირდა და 4.42 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
JPMorgan-ის მენეჯმენტის განცხადებით, კორპორაციული ბალანსებიც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება და მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კაპიტალზე წვდომა კი კვლავ გამარტივებულად რჩება ისტორიულად დაბალი დანახარჯებით.
კვლავინდებურად, M&A-აქტივობის ყველაზე დიდი წილი ტექნოლოგიურ და ჯანდაცვის კომპანიებზე მოდის. პანდემიის პერიოდში აღნიშნული აქტივობა ბოლო სამი წლის მინიმუმზე იყო დასული, რაც ბუნებრივიცაა. ამ პერიოდში თითქმის ყველა კორპორაციამ ფინანსური აქტივობები მაქსიმალურად შეამცირა.
პოსტპანდემიურმა ეკონომიკური აღდგენის ტემპებმა, მძლავრმა კორპორაციულმა მოგებამ და მთლიანობაში ნათელმა ეკონომიკურმა პერსპექტივებმა მსხვილი თუ ნაკლებად მსხვილი კორპორაციების აღმასრულებელ დირექტორებს მიანიჭა თავდაჯერებულობა, განეხორციელებინათ დიდი გარიგებები მიუხედავად ინფლაციის ზეწოლისა.
საერთო ჯამში, გარიგებების რაოდენობა შეერთებულ შტატებში თითქმის გაორმაგდა, ევროპაში 47%-ით გაიზარდა, ხოლო აზიაში- 37%-ით. წლის ყველაზე დიდი ტრანზაქცია 43 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის გარიგება გახლდათ AT&T-სა და Discovery-ს შორის. თუმცა საინტერესოა, რა გავლენა ექნება კოვიდის ახალ ვარიანტს მომავალი წლის M&A-აქტივობაზე.
ილუსტრაცია: REUTERS/Dado Ruvic