Alphabet-ის შვილობილი კომპანია Google-ი და სათვალის მწარმოებელი Warby Parker-ი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჭკვიან სათვალეს ქმნიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Google-ისა და Warby-ის ერთობლივი პროდუქტი ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება.
Google-ი, რომელმაც Google Glass-ის პროტოტიპების წარმოება დაახლოებით 10 წლის წინ შეწყვიტა, ახლა ფსონს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დებს. ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი სმარტსათვალე, Google-ის Android XR-ის პლატფორმასა და Gemini-ის AI-მოდელზე იქნება დაფუძნებული.
როგორც Google-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, ელეგანტური, მსუბუქი სათვალის შესაქმნელად ამერიკული კომპანია Warby Parker-ის გარდა, Samsung-თან და Gentle Monster-თან თანამშრომლობს. ინიციატივა ორი ტიპის მოწყობილობის შემუშავებას ითვალისწინებს: AI-სათვალე, რომელიც ეკრანის გარეშე ასისტენტის როლს შეასრულებს და Gemini-სთან ბუნებრივი ურთიერთქმედებისთვის დინამიკებით, მიკროფონებით და კამერებით იქნება აღჭურვილი და მეორე, დისპლეი AI-სათვალე. ამ უკანასკნელში ლინზები იქნება ჩაშენებული, რათა უზრუნველყოს წვდომა ისეთ მონაცემებზე, როგორიც, მაგალითად, ნავიგაციაა.
ახალი ჭკვიანი სათვალით, Google-ი პირდაპირ კონკურენციაში შედის Meta-სთან, რომელიც Quest-ის „შერეული რეალობის“ ჰედსეტსა და Ray-Ban-ის სმარტსათვალეს აწარმოებს. მიმდინარე წელს ბაზარი Apple-მაც გამოაცოცხლა, რომელმაც ვირტუალური რეალობის ჰედსეტი, Vision Pro წარადგინა.















